საქართველო
"მოილაპარაკეს ორ მაფიოზურ ოჯახს შორის მილიარდების გადანაწილებაზე" - რას წერს შალვა ნათელაშვილი
2022, 24 ოქტომბერი, 23:15
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და არ გამორიცხავს რომ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი ალიევი "შატო მუხრანში" სწორედ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომელმაც მისი თქმით, დიქტატორს პუტინისა და ერდოღანის სხვადასხვა დანაბარები ჩამოუტანა, სადაც საქართველო კვლავაც სავაჭრო გარიგების ობიექტია:
"პუტინმა ქართლი და აფხაზეთი შემოგვიღობა, ილხამ ალიევმა დავით გარეჯი წაგვართვა— ალიევს ზარ–ზეიმით ხვდება ამ წუთას მუხრანში ივანიშვილის ბანდა, მაშინ რა დააშვა პუტინმა? წამრთმევებში არის რაიმე განსხვავება? ისიც მოიწვიეთ და დაუარეთ დავლური. ქვეყანა მაინც დაცალეთ და საცეკვაო სივრცე დიდი გაქვთ.
იმედია ეჭვიც არ გეპარებათ რომ მუხრანის ე.წ შატოში ილხამ ალიევს შეხვდა პირადად ბიძინა ივანიშვილი. ე.წ პრემიერი ისევ და ისევ თვალის ასახვევად იქნა გამოყენებული ღია სცენაზე. მოილაპარაკეს ორ მაფიოზურ ოჯახს შორის ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან ახალი მილიარდების გადანაწილებაზე. ალიევმა ასევე ჩამოუტანა დიქტატორს პუტინის და ერდოღანის სხვადასხვა დანაბარები სადაც საქართველო ისევ სავაჭრო გარიგების ობიექტია.
საერთოდ არ შეხებიან ისეთ მტკივნეულ საკითხს როგორიცაა გარეჯის ოკუპაცია, საქართველო--აზერბაიჯანს შორის თავისუფალი მიმოსვლა რაც დღემდე შეზღუდულია უამრავი გამოგონილი პროცედურით და სხვა." - ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი. ალიევსა და ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც.