სხვა როგორ ცდილობდა მიხეილ სუსლოვი საქართველოს დასჯას 1978 წელს 2022, 21 ოქტომბერი, 15:38 მცირე წინასიტყვაობა მიხეილ სუსულოვზე:საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერმა.სტალინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ, სუსლოვმა დაკარგა მოპოვებული გავლენა და ცნობადობა, თუმცა, 1950-იანი წლების ბოლოს სუსლოვი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის რევიზიონისტული მიდგომის მიმართ ოპოზიციაში მყოფი კომუნისტების ლიდერი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, სუსლოვმა მხარი დაუჭირა კოლექტიური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. იგი აგრეთვე ემხრობოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა ერთპიროვნული მმართველობის სისტემას, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სუსლოვი ითვლებოდა „მეორე კაცად“ და პარტიის მთავარ იდეოლოგად. სუსლოვი გარდაიცვალა 1982 წლის 25 იანვარს, 79 წლის ასაკში. ითვლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევზე გავლენის მოპოვებისთვის და მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისთვის. საიდუმლო ინფორმაცია 1978 წლის 14 სექტემბერს საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს „ვეჩეთი“ სახლში უთენია დაურეკა მაშინდელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინე კეთილაძემ და უთხრა: – ბოდიში, ედუარდ ამბროსოვიჩ, ასე ადრე რომ გაწუხებთ, მაგრამ სასწრაფოდ თქვენთან შეხვედრა მინდა. შევარდნაძემ კედლის საათს შეხედა, რომელიც დილის 5 საათსა და 45 წუთს უჩვენებდა და უთხრა: – ჩემთან მოდი, სახლში გელოდები. გენერალ-ლეიტენანტი კეთილაძე სულ რაღაც 20 წუთში მივიდა „მრგვალ ბაღთან“, სადაც „პირველი“ ცხოვრობდა. ისინი კაბინეტში განმარტოვდნენ და მინისტრმა შევარდნაძეს უთხრა: – წუხელ 1908 წელს დაბადებული 70 წლის კარლო გუჯაბიძე აიყვანა „კაგებემ“. ის მეტროს მექანიკოსია. 1937-1938 წლებში ციხეში იჯდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით. თუმცა, წამების მიუხედავად, დანაშაული არ უღიარებია. გაუთავისუფლებიათ ბერიას მითითებით, რადგან პროფესიონალი მექანიკოსი იყო და ის სასწრაფოდ დასჭირდათ. გუჯაბიძეს მეტროს ვაგონის საათის მექანიზმიანი ბომბით დანაღმვა ედება ბრალად. ეს ბომბი კი მეტროს ერთ-ერთ ვაგონში აღმოუჩენია მუშას, ვინმე კოლიაშვილს. გუჯაბიძე ახლა კომიტეტის შენობაშია და მას დაკითხავენ. ეს ინფორმაცია კი „კაგებედან“ ჩვენმა კაცმა მომაწოდა და ვფიქრობ, ამას კარგი სუნი არ უდის, ამიტომაც შეგაწუხეთ ასე უთენია. – ცუდი ამბავია. ეტყობა, ცენტრიდან გვიტევენ ზოგიერთები. არ გვპატიობენ ურჩობას. ტერორიზმის ბრალდება შორსმიმავალი გეგმის ნაწილია და სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. კარგი. მივხედავ ამ საქმეს. სამსახურში იყავი და დაგიკავშირდები, – თქვა შევარდნაძემ და მინისტრი გაისტუმრა. ერთ საათში კი „პირველი“ უკვე თავის კაბინეტში იმყოფებოდა და ფიქრობდა. გუჯაბიძე კოლიაშვილის ჩვენების საფუძველზე იყო დაკავებული და უშიშროების დაკითხვის ოქმში ეწერა: „სანამ მე ვაგონებს შევამოწმებდი, მანამდე კარლო გუჯაბიძე ასრულებდა მექანიკურ სამუშაოებს და ჩვენ მეტი იქ არავინ იყო. გუჯაბიძე ჩემზე ადრე წავიდა და სწორედ ამის მერე აღმოვაჩინე მექანიზმიანი ბომბი. კარლო გუჯაბიძე დაკითხვის დროს დილის 9 საათზე, ანუ მისი დაპატიმრებიდან 7 საათის შემდეგ, ინსულტით გარდაიცვალა. გამომძიებლები მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ ბომბის დამონტაჟება მას ქართველ პატრიოტთა ჯგუფმა დაავალა არეულობის გამოწვევის მიზნით. შემდგომ კი უშიშროება ორგანიზაცია „პატრიოტებზე“ „გავიდოდა“ და არაერთ ქართველ სტუდენტსა და ცნობილ ინტელიგენტს დააპატიმრებდნენ. ეს გეგმა „ლუბიანკის“ გვერდის ავლით „გრუში“ იყო შემუშავებული და საქართველოს „კაგებეში“ მომუშავე „გრუს“ აგენტები ახორციელებდნენ. თუმცა, გუჯაბიძის გაუთვალისწინებელმა სიკვდილმა გეგმა შეაფერხა. შევარდნაძემ თითქმის ზუსტად ამოიცნო ეს გეგმა იმ საიდუმლო ინფორმაციის შედეგად, რომელიც მას კეთილაძემ მიაწოდა. მილიციას, „კაგებეში“ საკუთარი ინფორმატორი ჰყავდა და ის საკმაოდ მაღალ პოსტს იკავებდა. 14 აპრილის გამოძახილი 1978 წლის 14 აპრილს მთელი თბილისი გარეთ გამოვიდა და მოსკოვი აიძულა, რომ ქართული ენის სტატუსი კონსტიტუციაში დარჩენილიყო. ეს იყო უპრეცედენტო აქცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში და რუსი შოვინისტები უკიდურესად გააღიზიანა. სწორედ მათგან მომდინარეობდა იმ სადამსჯელო ოპერაციის გეგმა, რომელიც თბილისის მეტროში „აღმოჩენილი“ ბომბით დაიწყო. ეს იყო 14 აპრილის გამოძახილი და ამ ვერაგობის სულისჩამდგმელი კი მთავარი საბჭოთა იდეოლოგი, „ცეკას“ მდივანი მიხეილ სუსლოვი იყო. მას ქართველები სძულდა და რადგან არც ცენტრალური „კაგებეს“ თავმჯდომარესთან, იური ანდროპოვთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ამ ჯოჯოხეთური გეგმის შესრულება „გრუს“ დააკისრა. სუსლოვის გათვალისწინებით, თუკი ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მკაცრად დაისჯებოდა, მაშინ სხვა რესპუბლიკებიც „დაყენდებოდნენ“. ერთი სიტყვით, შეიქმნა ურთულესი სიტუაცია. შევარდნაძემ იცოდა, რომ სუსლოვი კიდევ უფრო გამწარდებოდა. ამიტომ დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. „პირველი“ მოსკოვში ჩაფრინდა და პირადად ბრეჟნევს შეხვდა. მას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა: – ლეონიდ ილიჩ! ესაა პროვოკაცია პირადად თქვენი და იური ვლადიმიროვიჩ ანდროპოვის წინააღმდეგ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, აი, თუნდაც, ნოდარ დუმბაძე რომ დასაჯონ და თქვან ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში მონაწილეობდაო. ამას მოჰყვება სხვა რესპუბლიკებში გამოსვლები და ისეთი დიდი არეულობა, რომ შედეგები კატასტროფული იქნება. ვინც ამ გეგმას ადგენდა, ის ამერიკის მოკავშირე გამოდის, თუნდაც უნებლიეთ. უმორჩილესად გთხოვთ, სასწრაფო რეაგირება მოახდინოთო.(განაგრძეთ კითხვა) 1191 1-ს მოსწონს 2-ს არა
|