სხვა პარიზის კატაკომბები: ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ადგილი, რომლის მონახულებაც შენ შეგიძლია 2022, 16 ოქტომბერი, 18:45 პარიზის კატაკომბები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და საინტერესო ადგილია, რომელთა მონახულება ტურისტს შეუძლია. პარიზის კატაკომბები - ეს არის მილიონობით უცნობი გარდაცვლილი პარიზელის განსასვენებელი, სადაც მიდამო ადამიანის ძვლებით, ჩონჩხებით და თავის ქალებით არის სავსე.
კატაკომბების გამოყენება ადამიანთა საძვალედ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე, მე-18 საუკუნის მიწურულს დაიწყეს. მიზანი გადამდები ინფექციური დაავადებების სწრაფი გავრცელების თავიდან აცილება იყო. მოგვიანებით კი (ანუ რევოლუციის შემდეგ) აქ იმ სიკვდილმისჯილთა ძვლებიც მოხვდა, რომლებმაც აღსასრული გილიოტინაზე ჰპოვეს. ასეთებს შორის არიან თავად რევოლუციის შემოქმედები - რობესპიერი, ლავუაზიე და დანტონი, რომლებსაც თავები 1794 წელს მოჰკვეთეს. თუმცა იმ დანარჩენი 6 მილიონი პარიზელის უმრავლესობის ვინაობა, რომელიც აქ განისვენებს, არავინ იცის. გადავსებული სასაფლაოებიდან კატაკომბებში დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების ძვლების გადმოტანა მაშინ დაიწყეს, როცა პარიზის მოსახლეობა სასაფლაოების არაჰიგიენურობით შეწუხდა; მაშინ სასაფლაოებზე იმდენი მიცვალებული იყო, რომ მათი სიმყრალე ათასობით ადამიანს ცხოვრებას უმწარებდა. მაგალითად ისეთი სასაფლაო, როგორიცაა Les Innocents, იმდენად იყო მიცვალებულებით სავსე, რომ ხშირად ნახევრად გახრწნილ გვამს თხრიდნენ, რათა ახალი მიცვალებული დაეკრძალათ. სასაფლაოების ირგვლივ მცხოვრები ადამიანები კი იმ ინფექციური დაავადებებით იღუპებოდნენ, რომელთა გამომწვევი გვამების ხრწნა და ლპობა იყო. ამის გამო 1787 წლიდან დიდი ხნის მიცვალებულების ნაშთების დალაგება მიწისქვეშ, გვირაბებში დაიწყეს, რაც 1814 წლამდე გაგრძელდა. კატაკომბებში რევოლუციის მამების გარდა ზოგიერთი სხვა ცნობილი ადამიანიც განისვენებს. მათ შორისაა მეზღაპრე შარლ პერო (რომლის ნაწარმოებების პერსონაჟები ყველასათვის ცნობილი ჩექმებიანი კატა და წითელქუდა არიან), მხატვარი სიმონ ვუე, ჟან დე ლა ფონტენი, არქიტექტორი სალომონ დე ბროსე (რომელმაც პარიზის ლუქსემბურგის სასახლე ააგო) და მოქანდაკე ფრანსუა ჟირარდო. მოგვიანებით კატაკომბები სამეფო ოჯახის საყვარელ სანახაობად იქცა და 1867 წელს ისინი მოსახლეობის ყველა ფენისთვის გახსნეს. დღეს კატაკომბების ტერიტორიის ნაწილი პარიზელ მოხელეთა მიერ უსაფრთხოდ აღარ არის შეფასებული. ზოგიერთი გვირაბი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიქცეს. ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქის ადმინისტრაცია მათ მონახულებაზე რეკომენდაციას ვერ იძლევა. კატაკომბები დღეს თავისუფლად შეგიძლიათ მოინახულოთ, მაგრამ გამოსვლისას აუცილებლად გაგჩხრეკენ და შეგამოწმებენ, რათა თავის ქალები და ძვლების ფრაგმენტები არ მოიპაროთ. მსგავსი შემთხვევები წარსულში თურმე არაერთხელ დაფიქსირდა. კატაკომბების შესასვლელთან აბრაა განთავსებული, რომელზეც შემდეგი სიტყვები წერია: “შეჩერდი! აქ სიკვდილის საუფლოა!” 232 შეფასება არ არის
|