x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სამწუხაროდ, ეს ლიკას ცხოვრებაში მისი უკანასკნელი გადაღება იყო" - მარი ნაკანი
image

ქართული კინოს ულამაზესი ვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. იგი 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ფოტოგრაფი 5 წლის წინანდელ ლიკა ქავჟარაძესთან შეხვედრად იხსენებს და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მსახიობის უკანასკნელი აღმოჩნდა:


"როდესაც ეკამ(ხოფერიამ) მითხრა, რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო, შიშმა ამიტანა. ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო ჩემთვის. როგორც იტალიელებს ყავთ მონიკა, ფრანგებს - კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის - შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.


როცა მოვიდა მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა. მე კი მინდოდა თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო როგორ უყვარს მთელ ქვეყანას, ეგრძნო რომ ვარდია ხელუხლებელი, ეგრძნო რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის. ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად. ყველამ იცის, როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე. ერთხელ ვინც დასწრებია ჩემ გადაღებებს, იცის რა მკაცრიც ვარ, როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხდები ცივი და საშიში. მაგრამ აქ ვერ გავბედე, დავპატარავდი, ხმა გამიქრა და ჩუმად ვიღებდი. ჩემს წინაშე ქალღმერთი იდგა, ეს ლიკა იყო ქავჟარაძე - აი ის გოგო, ვირზე რო შემოსვა საზოგადოებამ, ტალახს რო ასხავდა წვიმაში და მაინც უღმერთოდ ლამაზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვირილებში რო დარბოდა კახი კავსაძესთან ერთად, პეპლების საჭერით, დაუვიწყარი ღიმილით რო იღიმოდა ეკრანებიდან, ეს ის ლიკაა მდინარეში კაბით და ნაწნავით რო დგას და აუტანლად ლამაზი სხეულით რო ცეკვავს, ეს ის ლიკაა- მარიტა! მეუბნებოდა ჩემი ტვინი, როცა კამერაში მასზე ფოკუსს ვასწორებდი.



ლიკამ ალბათ იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, ნელნელა ხასიათზე მოვიდა, სიცილი დაიწყო, მიყურებდა და იპრანჭებოდა, აკეკლუცდა, გაიხსნა!


ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას მოულოდნელოდ შემოტრიალდა და მითხრა:


- მარი, მადლობა. იცი მივხვდი რო ძალიან მომნატრებია გადაღება. მომინდა რო ვინმე რეჟისორმა კინოში გადამიღოს. არ იღებენ ეხლა ფილმებს? მკითხა და გადაიხარხარა. არასოდეს დამავიწყდება ეს სიცილი. ჩემს წინ მზე იდგა და ფართო სპექტრის სინათლეს ასხივებდა. მე და ეკამ ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით რომ ლიკას არავინ ეძახდა კინო გადაღებებზე, მივხვდით რაც იყო მისი სევდიანობის მიზეზი, ჩუმად ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად ჩვენ გვრცხვენოდა... სამწუხაროდ, ეს ლიკას ცხოვრებაში მისი უკანასკნელი გადაღება იყო.."

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში"შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.


მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.


უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს“.


image

0
393
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0