კონფლიქტები გერმანელი ექსპერტების მოსაზრებები - გამოიყენებს თუ არა პუტინი ატომურ იარაღს? 2022, 23 სექტემბერი, 2:27 რუსეთის პრეზიდენტის ოთხშაბათის განცხადებამ და მუქარამ ატომური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე ბევრი ადამიანი შეაშფოთა. მაგრამ რამდენად არსებობს რეალურად იმის საშიშროება, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში რუსი დიქტატორი ატომურ იარაღს გამოიყენებს? და კიდევ რამდენ ხანს გასტანს რუსეთ-უკრაინის ომი?
თავისთავად იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება, სიახლე არაფერია. ეს მას წინათაც არაერთხელ გაუკეთებია. თუმცა მობილიზაციის კონტექსტში ატომური იარაღის ხსენება მაინც განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა ბევრისათვის დასავლეთში. დასავლელმა პოლიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს პუტინი მისი მუქარის გამო. ამერიკის პრეზიდენტმა პუტინის განცხადებებს “უპასუხისმგებლო” უწოდა, ხოლო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “სასოწარკვეთილების აქტზე” ალაპარაკდა. თუმცა მაინც არსებობს კითხვა: შეუძლია თუ არა სასოწარკვეთილებაში ჩარდნილ პუტინს, თითი დააჭიროს ატომურ ღილაკს? ხომ არ გახდება ომის სცენარის პუტინისთვის არასასურველი განვითარება ბირთვული იარაღის გამოყენების მაპროვოცირებელი ფაქტორი? როგორც აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, სუზანე შატენბერგი ამტკიცებს, პუტინის მუქარა ატომური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ მხოლოდ ბლეფია. მისი აზრით, პუტინი ახლა კედელთან არის მიყენებული და ცდილობს, რაც შეიძლება მრისხანედ დაემუქროს დასავლეთს. ამის მიზანი კი ექსპერტის აზრით ის გახლავთ, რომ დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის მომარაგება სამხედრო აღჭურვილობით და იარაღით. მეცნიერების და პოლიტიკის ფონდის მკვლევარი მარკუს კაიმიც იგივე აზრს იზიარებს: “საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ბირთვული ესკალაცია მოსალოდნელია. უკრაინის ომის განმავლობაში ბირთვული მუქარები არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, ” - განუცხადა მან ბავარიულ რადიოს. აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტი გვენდოლინ ზასეც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ატომური ომი არ იქნება. მისი აზრით, მსგავსი საფრთხე უკვე თვეებია, რაც არსებობს, თუმცა აქამდე საქმე ჯერჯერობით არ მისულა. დასავლურ საზოგადოებაში არსებობს ასევე იმის შიში, რომ პუტინი თავს დაესხმება ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონვენციური იარაღით, თუმცა, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ქრისტიან მიოლინგი აცხადებს, ამის საშიშროება მინიმალურია, რადგან მკვლევარის აზრით რუსეთს საამისოდ არც საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები ჰყავს და არც შეიარაღება გააჩნია. მოელინგის აზრით პუტინი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პაუზას გააკეთებს და უკრაინაზე ხელახალ თავდასხმას გაზაფხულისთვის წამოიწყებს. ზამთარს ის ახალწვეულების გადასამზადებლად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოიყენებს. 588 1-ს არ მოსწონს
|