საქართველო "ვიცი, რომ კობახიძე გოგაშვილს შეხვდა… კობახიძეს ახლა მშვიდად არ ძინავს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ეკა ბესელია 2022, 15 სექტემბერი, 16:23 მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა და ახლა უკვე პარტია "სამართლიანობის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ ინგა გრიგოლიას "დღის ამბებში" ჩართვისას, პარტიაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის გავლენებზე ისაუბრა და განაცხადა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ფარულ გარიგებებში და კორუფციულ სქემებში მყოფ პიროვნებებზე დიდი ინფორმაციის მატარებელია. ბესელიას თქმით, სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ირაკლი კობახიძეს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა და მას პირადადაც შეხვდა."ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დარწმუნებულია რომ კობახიძეს ახლა მშვიდად არ ძინავს. უცვლელად გთავაზობთ ეკა ბესელიას "ტვ პირველისთვის" მიცემული ინტერვიუდან ფრაგმენტს, სადაც ის სახელისუფლებო გუნდში ყოფნის პერიოდში, პარტიაში არსებული გავლენებისა და მასში სოსო გოგაშვილის როლზე ბევრ საგულისხმო დეტალს ასაჯაროებს:"ახლოდან ვხედავდი ვის რა გავლენები ჰქონდა პარტიაში და რა იყო სოსო გოგაშვილის როლი. არ მაქვს განცდა, რომ ზღაპრებს იგონებს და ჰყვება. მისი გავლენა იყო ძალიან დიდი, საკმაოდ დიდი. გომელაურის შემდეგ ყველაზე დიდი. განსაკუთრებით, როდესაც პარტიული გადაწყვეტილებები მიიღებოდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, არის თითქმის იგივე ძალაუფლების და მანდატის მატარებელი, როგორც უფროსი და რეალურად, მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე, გომელაურის შემდეგ გოგაშვილის ფაქტორი იყო ყველაზე დიდი… კობახიძე საერთოდ ვინ იყო, არათუ მდინარააძე, რომელიც მორიდებით უყურებდა…მე როგორც მახსოვს გოგაშვილი ჩვენ პარტიაში, ხელისუფლებაში მოსვლამდე, წინასაარჩევნო პერიოდში, ახლაგაზრდული ფრთიდან აქტიურობდა და როდესაც გომელაურმა წაიყვანა, არ ვიცი, ვისთან მეგობრობდა, მაგრამ როდესაც პირველი მოადგილე გახდა, კარგად მახსოვს ერთ–ერთი პოლიტსაბჭოს სხდომიდან და ჩემი კომიტეტიდანაც. მისი გადაწყვეტილებები კობახიძისთვის იყო…თვალებში უყურებდა, მის გარეშე ვერაფერს სერიოზულს ვერ გააკეთებდა. დღეს შეიძლება აგდებით საუბრობენ, მაგრამ გოგაშვილის წასვლის მერეც ჰქონდა კობახიძეს მასთან კომუნიკაცია, შეხვედრაც ჰქონდა. მე მგონია, მასთან… ვიცი, რომ შეხვდა. გოგაშვილი რომ დიდი ინფორმაციის მატარებელია, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, არამხოლოდ სუს–ში იყო მაღალ პოზიციაზე, ამავე დროს, პარტიასთან იყო ყველაზე ახლოს მდგომი პირი.მე დარწმუნებული ვარ, კობახიძეს ახლა მშვიდად არ ძინავს, გოგაშვილმა რომ დაიწყოს ვინ ვისთან რა ტიპის ფარულ გარიგებებში და კორუფციულ სქემებშია, არა მგონია, ამ ადამიანებს სიმშვიდის წინაპირობები ჰქონდეთ. რაზეც საუბრობს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით დიდი ინფორმაციის მატარებელია და ამაზე ქილიკი არ არის ნორმალური საქციელი."- განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.605 შეფასება არ არის |