x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან არ მოდიან" - რას წერს ნოდარ მელაძე

image


ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ვანო ჯავახიშვილის მიერ "მთავარი არხის" დატოვებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს ( და მეც ასევ მოვიქეცი) რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს!


ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის !!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!" - ვკითხულობთ ნოდარ მელაძის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისის გამო ვანო ჯავახიშვილმა "მთავარი არხი" დატოვა, როგორც თავად შოუმენის სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი ის საკუთარ გუნდთან ერთად "ტვ პირველზე" გადავიდა. "ვანოს შოუს" ერთგული მაყურებელი გადაცემის ნახვას აწი უკვე "ტვ პირველზე", ჩვეულ დროს, პარასკევობით, 22:00 საათზე შეძლებს.


ცნობისთვის, ვანო ჯავახიშვილის "ტვ პირველზე" გადასვლას "მთავარი არხი" ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც შოუმენმა "სრული უნამუსობა და ბოროტება" უწოდა. "მთავარი არხის" ზემოაღნიშნულ განცხადებას უვლელად გთავაზობთ:


"ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.


მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ იძულებულნი გავხდით დაგვეხურა არხის მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა არაპოლიტიკური გადაცემები: „ვანოს შოუ“, „ახალი შაბათის შოუ“, „მთავარი ბიჭები“, „სხვა ნანუკა“, „შენი დილა“, „მთავარი ჭკვიანი“, „მხოლოდ ლელასთან“, „სპორტი დიდ ქალაქში“, „მთავარი დიაგნოზი“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „ამინდზე მეტი“ და „მთავარი მსოფლიოში“.


პავილიონის შენახვა, მასშტაბური სტუდიების ნაქირავები ტექნიკით აღჭურვა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ შევძლებდით ასეთი კოლოსალური ხარჯების გაწევას. ამიტომ მივიღეთ პავილიონის გაუქმების მძიმე გადაწყვეტილება.

ზემოთჩამოთვლილი გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.


მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი ამოცანა, ფაქტობრივად, ყველა გადაცემამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე.


მაგალითად, „შენი დილა“ კვირების განმავლობაში პირდაპირ ეთერში ეზოდან გადიოდა; მოგვიანებით არხის მთავარი ოფისის გვერდით ჩვენ გამოვყავით პატარა სივრცე და ერთგული მაყურებლისგან დახმარების ფონდზე შემოსული თანხებით მოვაწყვეთ მცირე ზომის სტუდია – ბევრად უფრო მოკრძალებული ზომის, ვიდრე ძველი პავილიონი – საიდანაც ახლა ეთერში გადის „შენი დილა“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „მთავარი დიაგნოზი“ და ა.შ.


„სხვა ნანუკა“ პავილიონის დახურვის შემდეგ გადავიდა რეალითი-ფორმატზე, შემდეგ სახსრების არარსებობის გამო იძულებული გახდა ივლისში დროებით შეჩერებულიყო, თუმცა ამ პერიოდში ნანუკამ შეკრიბა ახალი გუნდი, მოიძია სპონსორები და სრული თვითდაფინანსებით და განახლებული ფორმატით სექტებმრიდან იწყებს ახალ სეზონს ჩვენს არხზე.


„მხოლოდ ლელასთან“ აგრეთვე გადავიდა რეალითი-ფორმატზე და სტუდიის გარეშე გადის ეთერში.


ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან.


ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ – ხშირად ანაზღაურების გარეშე – და მაინც არ ტოვებს კომპანიას.


„ვანოს შოუს“ გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის „მთავარი არხის“ შექმნაში, წარმატებასა და მაღალ რეიტინგში. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ ადამიანებთან ერთად ურთულესი ეტაპები გვაქვს გამოვლილი. ამიტომ მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.


„ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ახალ იუმორისტულ შოუზე – ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს. გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.


ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი – ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე – ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე" - ნათქვამია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ვანო ჯავახიშვილმა უმალ, საპასუხო ვრცელი პოსტითვე უპასუხა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"გავეცანი ‘’მთავარი არხის’’ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა (”ვანოს შოუ”, ”ახალი შაბათის შოუ”, ”მთავარი ბიჭები”, ‘’მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ .


სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას. რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს.

ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა. რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა.


‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’ ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი."- წერს ვანო ჯავახიშვილი.



0
191
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
191