x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139051
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
"ვერ შევლენ ესენი ვერც ზეციურ საქართველოში, ვერც ზეციურ არგენტინაში, თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ჯოჯოხეთში"
image

გლდანის მოლში გაოფლილი და ბოლომდე გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა. მიჰქონდა მის სახესთან, ქალი უკან იწეოდა, კაცი ბარბაცებდა, მაგრამ არ იქცეოდა, რადგან ქალს პერანგიდან ეჭირა. შემდეგ მოქმედება მეორდებოდა, კაცი ნაყინს საზიზღრად ატლეკდა და მერე ისევ ცოლისკენ იწევდა...


- ხო მთხოვე ნაყინი, ჰოდა გიყიდე, რატომ არ ჭამო? - გაიძახოდა ქალი საწყლად, ხმას ბოლომდე ვერ იმაღლებდა.


ამაზრზენი იყო კაცის საქციელი და თავადაც ამაზრზენი იყო სახით: გრძელი, კაუჭა, ნიკაპამდე ცხვირით, თხელი და დაღრეცილი ტუჩებით, გაპარსული, ძალიან გაწითლებული... თან ასლოკინებდა ვირიშვილი.



წამოდი, წამოდიო, ასე ხომ არ ვიქნებითო, ამოთქვამდა ქალი და თან ნაყინს იცდენდა. შემდეგ ნაბიჭვარმა ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო, რითაც თავით მოძრაობის საშუალება მოუსპო - ახლა ფსონს იმაზე, რომ ქალი ნაყინს აიცილებდა, აღარავინ ჩავიდოდა...


უცბად ქალს ვიღაც ბიჭი გამოექომაგა, მანიაკს ხელი დაუჭირა. ნაყინი ძირს დაეცა, ქალი აქ გადარჩა, დროებით, რადგან ას სეზონიანი სერიალი სახლში გაგრძელდება, ჟანრი: ტრილერი, საშინელებათა, სადიზმი... რეიტინგი 9.0


შევტრიალდი, სწრაფად გავშორდი იქაურობას და 543-ში ავედი, სულ ბოლოში დავჯექი. ჩემ წინ ჩია, ხანშიშესული კაცი იჯდა და მის გვერდით გაცილებით დიდი ზომის ცოლი. და მიდიოდა მათ შორის ძალიან უბრალო და გულისმომკვლელი დიალოგი:

- უსაქმური ხარ, - უთხრა ქალმა, - ზარმაცი და არაფრის მაქნისი.

- ჰო ვმუშაობ, მაგრამ არ გვყოფნის. მითხარი, ვისთან მივიდე?

- ჰოდა, არაკაცი ხარ, შენ იმედზე ჩემი მტერი იყოს.

- სად წავიდე, ვის ვჭირდები?

- სწორია, აღარავის სჭირდები.

- ცოტა ჩუმად ილაპარაკე, სირცხვილია.

- რა არის სირცხვილი: ავადმყოფი და არაკაცი რომ ხარ?

- ხომ იცი, ძალიან ცუდად ვხდები, ასე რომ მელაპარაკები, თავის მოკვლა მინდება.

- ჰოდა, მიდი, დავისვენებთ ყველა.


და გამინათდა, მე მივხვდი, შემდეგ ცხოვრებაში რაც მოხდება. ეს ჩია კაცი და ის საწყალი ქალი მოლიდან ერთმანეთს შეხვდებიან, ერთად იცხოვრებენ, ბევრი ფული შეიძლება არც მერე ჰქონდეთ, სიღატაკეში იქნებიან, ვერც წამლებს იშოვიან, აღარც შვილები მიხედავენ, მაგრამ ერთმანეთს არ დაადანაშაულებენ, პირიქით - გაამხნევებენ, ერთმანეთს ლოყებსა და თვალებს დაუკოცნიან, შეუძლებელს შეძლებენ, ერთმანეთი უფრო ეყვარებათ, ვიდრე ფული, იქნებიან ბედნიერნი და აი, ეგრე დაიხოცებიან.


ეს ბაკლანა ქალი და ის, პირტიტველა, ნაყინიანი არამზადა კი მოლის ცენტრში იდგებიან მთელი თავიანთი ცხოვრება, ვერსად წავლენ... ქორწინებიდან სულ რაღაც ერთი თვეში დაიწყება მათი დაუნდობელი შეტაკება, სწორედ ის, რასაც მთელი წინა ცხოვრებები იწვევდნენ: გააქანებს ვაფლიან ნაყინს რეგვენი კაცი და მიადღლეზს ცოლს იმ სიფათზე... და შემოკრავს ქალი შემომტან ქმარს ალიყურს, ვაჟკაცურს, შეუყენებს თმას ყალყზე, შეაბარბაცებს...


ახლა მთვრალი კაცი შემოარტყამს და გული დაწყდება, უკეთესად რომ ვერ შემოკრა, ვერ წააქცია, ვერ ახოხიალა, რადგან ფეხზე დარჩენილი ქალი, საპასუხოდ, თავის დიდ ნაყინს ჩაარჭობს თვალში, ნარჩენს ნიკაპზე მოუსვამს, მიაფურთხებს და შეიძლება უკბინოს კიდეც და იქნება ერთი გნიასი, წივილი, ცოდვის ტრიალი, ღრენა, ღრჭენა და ასეთები არასოდეს გარდაიცვლებიან... და შესაბამისად, ვერ შევლენ ესენი ვერც ზეციურ საქართველოში, ვერც ზეციურ არგენტინაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ჯოჯოხეთში...


ჭირი იქა და ჭირი მაგათ!


მწერალი ალეკო შუღლაძე

0
151
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0