პოლიტიკა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეაში ითხოვა თავშესაფარი 2022, 24 აგვისტო, 18:09
ბახტიარ გაჯიევმა, ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა აქტივისტმა და ბლოგერმა პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში სცემეს, რის შემდეგაც დაწერა განცხადება აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადა, რომ მას სურს მიიღოს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეობა.
ბლოგერმა გაჯიევმა, რომელსაც 60 000 გამომწერი ჰყავს, ექვსი საათი გაატარა ბაქოს პოლიციის განყოფილებაში და როცა გამოვიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა გაიტაცეს, მანქანაში ჩასვეს და პოლიციაში წაიყვანეს. გაჯიევის თქმით, მას მუქარით აიძულეს წაეშალა პოსტი შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაათ აივაზოვზე. მეორე დღეს მან განაცხადა, რომ წერილობით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნით, რადგან ის აპირებს გახდეს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე. "მე შევიტანე წერილობითი განცხადება აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და ამავდროულად ვეძებ გზებს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეობის მისაღებად“, - განუცხადა მან BBC-ს. ასევე, აქტივისტის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეა"უკეთ იმართება, ვიდრე აზერბაიჯანი" და მისთვის უფრო ადვილი იქნება იქ ცხოვრება. მან BBC-ს ისიც უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეას 4 წლის წინ სტუმრობდა. უფლებადამცველების თქმით ბახტიარ გაჯიევი, უკვე გაიტაცეს მიმდინარე წლის აპრილში. გაჯიევის თქმით, ნიღბიანებმა იგი დედაქალაქიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით, უდაბნოში წაიყვანეს, დაამცირეს, მოსთხოვეს, რომ შს მინისტრის კრიტიკა შეეწყვიტა და აიძულეს, შსს-ს მინისტრის შესახებ პოსტები წაეშალა სოციალური ქსელებიდან. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აზერბაიჯანში პოლიცია ადამიანებს ისე აკავებს, რომ ადვოკატები საათები ან დღეები ვერ პოულობენ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს და კლიენტის მოსაძებნად პოლიციის განყოფილებებში რეკავენ. 231 2-ს მოსწონს
|