საზოგადოებრივი სისტემა - ციხე და ადამიანის ტრაგედიაში გამარჯვებული მატლი 2022, 19 აგვისტო, 13:55 დაიბადე სისტემაში და იმ მომენტიდან მის მიმოქცევაში ხარ.
დაბადების მოწმობა არის პირველი „იარლიყი“, რომელიც შენზეა დატანებული და შენს იდენტიფიკაციას ახდენს მსოფლიო მოსახლეობის უზარმაზარ მასაში. მერე იზრდები და იღებ განათლებას - გამზადებენ სისტემაში ცხოვრებისთვის. ერთი დონიდან მეორეზე გადასვლისას (ატესტატი, დიპლომი) იარლიყზე ახალ-ახალი იარლიყების დატანებით ეცნობი სისტემის მექანიზმს, ერთვები მასში, ხდები მისი ერთ-ერთი ჭანჭიკი. სისტემა გაყალიბებს ისე, როგორც მას სჭირდება და არა ისე, როგორც შენ გინდა იყო. თავს გახვევია სხვა ადამიანების მოსაზრებები და ცხოვრებისეული პრიორიტეტები, მოდა, რელიგიური დოგმები, პოლიტიკური ლოზუნგები. ყოველდღიურად გირეცხენ ტვინს ტელევიზიით, ინტერნეტით, რადიოთი, სოც მედიით. შენი ინდივიდუალიზმი მხოლოდ თავის მოტყუებაა - შენ ისეთივე უსახო ხარ, როგორც ყველა.
ჩამოყალიბების შემდეგ, რომელშიც ლომის წილი აქვთ სხვებს - გარემოცვას, ხდები სისტემის სრულფასოვანი ელემენტი, რომელმაც გაგზარდა. ახლა შენ უნდა გაამართლო შენში ჩადებული რესურსები. უნდა შექმნა ოჯახი, აიღო 20-წლიანი სესხი და იპოთეკა ბინისთვის, ავტომანქანისთვის, გააჩინო 1-2 ბავშვი, ან მეტი - მთლად უკეთესი, რადგან სახელმწიფო დახმარებას მიიღებ... უნდა მოერგო ყველას და ყველაფერს... მაგრამ შენ არ ცხოვრობ საკუთარი თავისთვის - უბრალოდ დავიწყებული გაქვს ეს! ცხოვრობ შენი ქვეყნისთვის, არსებული მსოფლიო სისტემის იმ ნაწილისთვის, სადაც შემოუვარდი სხვა შენნაირებს დაბადებით და ნატურალიზაციით ისე, რომ შენთვის არც არავის უკითხავს, სად გინდოდა, რა გინდოდა და საერთოდ თუ გინდოდა დაბადება. როგორიც არ უნდა იყოს თავისუფლების დონე, ნებისმიერი სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მფლობელია ყველა პოზაში. ქვეყანას ან მუხლებიდან აყენებ, ამ პირიქით, ანადგურებ, ან ხელს არ უშლი არც ერთში და არც მეორეში. სისტემას მსხვერპლად წირავ ბავშვობას, ახალგაზრდობას, სიმწიფესა და სიბერეს, ყოყმანის გარეშე, რადგან ყველა ასე ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში შეგიძლია შეცვალო მანქანა, ბინა, ქალაქი, ქვეყანაც კი, ბოლოს და ბოლოს - ქმარი/ცოლი, მაგრამ ვერასდროს გამოხვალ სისტემის კონტროლიდან. შენ მისი განუყოფელი ნაწილი ხარ.
მოკლედ, შენ მთელი ცხოვრება გადაცემული და დათმობილი გაქვს სისტემისთვის თავსმოხვეული ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის სახელით. სისტემას ასეთი სჭირდები - ცოცხალი გვამი, რომელზეც გაგვამებისას ზეწოლა შესამჩნევად მცირდება. მაგრამ... საკმაოდ გვიან ხვდები, რომ ყველა შენი თამამი ახალგაზრდული ოცნება ოცნებად დარჩა. გაზარდე შვილები, რომლებიც სისტემის ახალი ელემენტები გახდნენ და ჩაგანაცვლეს. გვიან ხვდები, რომ შენი ცხოვრება შენ არ გიცხოვრია და რაიმეს შეცვლას აზრი აღარ აქვს.
ეს არის მოკლე ცხოვრებისეული პერსპექტივა მსოფლიო საზოგადოების 99%-ისთვის. მაგრამ არამც და არამც იმედი არ უნდა დაკარგო - ამ აბსურდის შემდეგ "იქ" (საიდანაც ჯერ ამბავი არავის გამოუტანია, რეალურად რა ხდება) აუცილებლად იცხოვრებ უკეთესად... იმქვეყნიერში, რომელსაც ვერ ხედავ (და თუ დაინახავ, აზრიც აღარ აქვს), აუცილებლად იქნება სამართლიანობა, რომელიც არ არის აქ, სადაც ხარ და რასაც რეალურად ხედავ. ამიტომ არ უნდა იფიქრო სისტემის შეცვლაზე ან დაშლაზე. აი, ასეა ეს...
"ყველაფერი კარგად იქნება?".... კიო, კიო, გალაკტიონმა, როცა ჩვენ აღრ ვიქნებითო... ანუ საერთოდო, განა აქ რომ აღარ ვიქნებითო, იქაცო, ყველგანო და ისკუპა ფანჯრიდან.
ეს ყველაფერი სატირალი რომაა, მარტო ამ ქართველმა გენიოსმა კიარა, მსოფლიო გენიოსმა - შექსპირმა თქვა და მაგაზე უკეთ მე როგორ ვიტყოდი:
"ვტირი, რომ სულელთ ფერხულია კაცთა ცხოვრება - გინდა თუ არა, უნდა ჩადგე და იტრიალო".
ედგარ პომ ამათზე კიდევ უფრო ზუსტად თქვა, ადამიანის ტრაგედიაში გამარჯვებული მხოლოდ მატლიაო. მატლიო....
მატლმა გვაჯობა ადამიანებს....
56 1-ს მოსწონს
|