კახეთი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ხელფასები გაიზარდა 2022, 4 აგვისტო, 8:47 1 აგვისტოდან დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დასაქმებულ მედიკოსებს ხელფასები გაეზარდა. ინფორმაცია გაზეთ „შირაქს“ საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა აგლაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ამჯერად მატება ყველა კატეგორიის სპეციალისტს და პერსონალს შეეხო. ქვეყნის მასშტაბით ეს ერთერთი ყველაზე მაღალპროცენტიანი სახელფასო ზრდაა. „შირაქის“ ინფორმაციით, აღნიშნული სახელფასო ცვლილება შეეხება სხვადასხვა კუთხეში მოქმედ 17 საავადმყოფოს 1 030 თანამშრომელს, საუბარია როგორც მედპერსონალზე, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებზე - ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათი სახელფასო ანაზღაურება, დაახლოებით, 50%-ით იზრდება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელსაც ჯანდაცვის უწყება გვაწვდის, მიმდინარე წლის აგვისტოდან, 2 363 640 ლარით გაიზარდა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სახელფასო ბიუჯეტი. ჯამში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ 6 658 998 ლარით განსაზღვრული სახელფასო ფონდი 9 022 639 ლარამდე გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაზეთ „შირაქს“ უთხრეს, რომ აგვისტოს თვიდან სახელფასო მატება ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ საავადმყოფოს პერსონალს შეეხო, რომლებიც სახელმწიფოს მართვის ქვეშაა. მათივე განმარტებით, კლინიკებში ის სისტემა ამოქმედდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მანამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე დაინერგა. შესაბამისად, მედპერსონალისთვის არსებული მინიმალური ანაზღაურება, დაახლოებით, 30-იდან 50%-მდე იზრდება. „დიდ სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული მედპერსონალის ანაზღაურება იზრდება 30%-ით, ხოლო „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ამბულატორიებში დასაქმებულების - 50%-ით. ამ შემთხვევაში ყველა თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი, მედპერსონალსაც და სხვა დასაქმებულებსაც. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მართავს მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებს, თუმცა ახლო მომავალში მსგავსი მინიმალური ანაზღაურების სტანდარტის ამოქმედება კერძო კლინიკებშიც იგეგმება. რეგულაცია ეტაპობრივად დაინერგება, “ - აცხადებენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში, რომელიც ყველა სახელმწიფო კლინიკას მართავს. 133 შეფასება არ არის
|