სხვა რატომ ატარებენ ბრიტანელი იურისტები პარიკს? 2022, 26 ივლისი, 15:01
პარიკი მოდიდან უკვე დიდი ხანია გადავიდა, ამიტომ ბრიტანელების ხელოვნურ თმის საფარში ხილვა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში გარკვეულ სამთავრობო თანამდებობებს იკავებენ კიდევ უფრო უჩვეულოა. როგორ გაჩნდა საზოგადოებაში ეს ტრადიცია, რატომ არის ის დღემდე დაცული და საერთოდ ვის ეკისრება პარიკის ტარების ვალდებულება ამას დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.
პარიკის პოპულარობა წარსულში
პარიკმა პოპულარობა მე-17 საუკუნეში მოიპოვა. ამ საქმეში უდიდესი დამსახურება საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს მიუძღვის. მან თავისი ნაადრევი სიმელოტე პარიკით შენიღბა, ამიტომ ევროპელებს ხელოვნური თმის შეძენის გარდა სხვა გზა აღარ რჩებოდათ.
სწორედ მეფის კარზე გაჩნდა პარიკის ნაირსახეობა - ალონჟი. ეს გახლდათ ფუმფულა, ტალღოვანი ფორმის პარიკი გრძელი კულულებით. თავდაპირველად ალონჟი თავისი თეთრი - მოწითალო შეფერილობით გამოირჩეოდა, ვინაიდან სამეფო თმა პირველი შეხედვისთანავე ლომის ფაფარს უნდა ჰგვანებოდა, თუმცა მოგვიანებით მოდაში თეთრი კულულები შემოვიდა.
დიდგვაროვნები, ქალის ბუნებრივი თმისგან დამზადებულ ძვირადღირებულ პარიკებს ატარებდნენ. საზოგადოებაში თავსაბურავის გარეშე გამოჩენა, რომლის სიმბოლოდაც პარიკი იქცა, უგემოვნობის ნიშნად ითვლებოდა. მოსახლეობის ნაკლებად მდიდარი ფენა კი მატყლის ან მცენარეული ბოჭკოსგან დამზადებულ საფარს იყენებდა.
ნიკოლა დე ლარჟილერი, ლუი XIV-ის პორტრეტი ოჯახთან ერთად
საფრანგეთის მეფის მიერ დანერგილ ტენდენციას საზოგადოების საშუალო და მაღალი ფენების წარმომადგენლებში მიმდევრები მალევე გამოუჩნდნენ. ხელოვნური თმის პოპულარობის მიზეზებს შორის პოლიტიკურის გამოყოფაც შეიძლება. მაგალითად, 1660-იან წლებში ინგლისში მონარქიის მიმდევრებსა და საპარლამენტო მმართველობის სისტემას შორის დაპირისპირება მოხდა. მონარქიის მომხრეები გრძელ ვარცხნილობას ატარებდნენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგეები კი - მოკლეს. მოგვიანებით ისინი, ვინც პარლამენტს იცავდნენ, იძულებული გახდნენ თავიანთი პოლიტიკური დამოკიდებულება სწორედ გრძელი პარიკებით დაემალათ.
საინტერესო ფაქტი: ინგლისის დედოფალი ელისაბედ I, ჭაღარა თმის დამალვას ხელოვნური თმის საფარის საშუალებით ცდილობდა. მის კოლექციაში სულ 85 სახეობის მსგავსი პარიკი იყო, ხოლო ლუი XIV-ს 45 პარიკი ჰქონდა, რომლებზეც პარიკმახერთა მთელი შტატი მუშაობდა.
ბრიტანული იურისპრუდენციის სფეროში პარიკის ტარების მოდა ცოტა მოგვიანებით შემოვიდა. ამის შესახებ მსჯელობა 1680-იანი წლების პორტრეტების მიხედვითაც შეიძლება, რომლებზეც სასამართლო პროცესების მონაწილეები მის გარეშე არიან გამოსახული, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, პარიკი ოფიციალური კოსტიუმის ნაწილი გახდა.
1760 - 1820 წლებში პარიკი სავალდებულო აქსესუარად უკვე აღარ ითვლებოდა და მას მხოლოდ მეეტლები, ეპისკოპოსები და იურისტები ატარებდნენ. 1830-იან წლებში მასზე უარი ასევე ეპისკოპოსებმაც თქვეს, თუმცა მოსამართლეები ტრადიციების დაცვას ჯიუტად აგრძელებდნენ.
რატომ ატარებენ ბრიტანელი იურისტები დღემდე პარიკს?
ძველი ტრადიციების პატივისცემა, კონსერვატიული მიდგომა - ცნობილი ბრიტანული თვისებებია. ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც თანამედროვე იურისტები და პარლამენტარები პარიკის ტარებას აგრძელებენ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მათი ვიზუალური მხარე არაერთხელ იქნა შეცვლილი. მაგალითად, 1992 წელს თემთა პალატის სპიკერს უფლება მისცეს პარიკზე უარი ეთქვა. 1994 წლიდან "თავსაბურავები" აღარ სჭირდებათ ადვოკატებსაც, რომლებიც უშუალოდ კლიენტებთან სასამართლო დარბაზის გარეთ მუშაობენ, ხოლო 1998 წლიდან მისგან ლორდ - კანცლერიც გათავისუფლდა. 2008 წელს პარიკის სავალდებულო ტარება საზეიმო ცერემონიებისა და სისხლის სამართლის საქმეების განხილვის გარდა ყველგან გაუქმდა.
დიდი ბრიტანეთის მოსამართლეები
რეფორმის მიზეზი აქსესუარების მაღალი ღირებულება გახლდათ. ბრიტანელი მოსამართლეები და პარლამენტარები დღესდღეობით სწორედ იმ ალონჟებს (თუმცა ბუნებრივი თეთრი ცხენის თმისგან დამზადებულს) ატარებენ, რომლებიც პოპულარული ლუი XIV-ის დროს იყო, ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში, რომლებიც ახლა თანამეგობრობის ნაწილია (მაგალითად, კანადა) მოსამართლეები და ადვოკატები პარიკს მხოლოდ საზეიმო ცერემონიების დროს ატარებენ. აქსესუარი სავალდებულო ატრიბუტად ასევე ავსტრალიაშიც რჩება.
საინტერესო ფაქტი: 2006 წელს აუტანელი სიცხის გამო ადვოკატებს სასამართლო დარბაზში პარიკის მოხსნის უფლება მისცეს, თუმცა მოსამართლეებმა მაინც თავსბურავში დარჩენა ამჯობინეს, რათა თავიანთი გამძლეობის დემონსტრირება მოეხდინათ. ეს არის მხოლოდ ერთი შემთხვევა სამიდან მთელი ისტორიის განმავლობაში.
გამოკითხვების თანახმად, მოსამართლეთა უმრავლესობა ხელოვნური თმის სამოქალაქო სასამართლო პროცესებში გამოყენებას ეწინააღმდეგება. მოსახლეობის ნაწილი ამას დრომოჭმულ ტრადიციად მიიჩნევს და თვლის რომ დროა მისგან გათავისუფლების. მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია რომ ამ გზით იურისტები საკუთარ სტატუსსა და უფლებამოსილებას იმაღლებენ. პარიკისა და მანტიის ტარების მომხრეთა მთავარი არგუმენტი ანონიმურობის შექმნაა.
|