საქართველო
"უბინძურესი სპექტაკლი იდგმება ჩვენს თვალწინ“ - რას წერს ირინა სარიშვილი
2022, 16 ივლისი, 14:36
პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"გოგაშვილი ილაპარაკებს იმას, რაც კრემლის სცენარითაა დაგეგმილი და მისი ე.წ. აღიარებებით გაძლიერდება ახალი რუსული კოლონის პოზიციები. დიდი ალბათობით ამ კოლონაში დღეს რომ ჩვენი გვგონია და სინამდვილეში მიშას ჯანმრთელობაზე მზრუნველის ნიღაბს ამოფარებული აღზევებული მდაბიოა, ისინი აღმოჩნდებიან.
უბინძურესი სპექტაკლი იდგმება ჩვენს თვალწინ და სამწუხაროდ ამ სპექტაკლს უამრავი გულუბრყვილო მაყურებელი ჰყავს…
დღეს მეტი არაფრის თქმას აზრი არა აქვს. სულ მალე ყველაფერი ისედაც ცხადი გახდება. აღზევებულ მდაბიოთა დრო მეფობს, მაგრამ ესეც გაივლის. ძალიან მალე გაივლის.
1. პოლიტპატიმარი ნიშნავს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის.
2. პოლიტიკური პატიმარი ყოველთვის დადებითი გმირი არ არის.
3. ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური მოტივით და არა ჩადენილი დანაშაულის გამო აპატიმრებს ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, ცუდი ხელისუფლებაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სოსო გოგაშვილი ფორმალურად შესაძლოა ჩამეთვალა პოლიტიკურ პატიმრად, რადგან დაკავებულია არა ჩადენილი დანაშაულების გამო, არამედ პოლიტიკური მოტივით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის პოლიტიკური სპექტაკლის მონაწილეა და არა პატიმარი. ამ პოლიტიკურ სპექტაკლს ემსახურება მისი დაკავების ფორმაც.
და ბოლოს მათ გასაგონად, ვინც თვლის რომ ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა - უსამართლო ქვეყანაში სამართალის საჭმელი პური არ არის!
სოსო გოგაშვილი ასეც და ისეც ნაძირალაა ისინი კი, ვინც მისი დაპატიმრებიდან რაიმე სასიკეთოს ელიან - საუკეთესო შემთხვევაში ჩიტები.
ბრძენი ერი "- ვკითხულობთ ირინა სარიშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წუხელ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. როგორც გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, სპეცრაზმი სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს თავს ღამის საათებში დაადგა.