ადვოკატის განცხადებით, დათა ახალაიამ გიორგი ჩიხლაძეს პირადად განუცხადა, რომ როგორც გურამ შარაძე მოკლა, "მასაც ისევე გაასაღებდა"
ადვოკატ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, დათა ახალაიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ჩიხლაძეს პირადად განუცხადა, რომ როგორც საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე მოკლა, "მასაც ისევე გაასაღებდა". ამის შესახებ ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 დაწესებულებასთან განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი ჩიხლაძე 2011 წლის 30 ივლისს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით, გიორგი ჩიხლაძე არის ყოფილი პოლიციელი, ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლი, მისი პირადი მცველი, პირადი მძღოლი და ნათლული.
"მას გააჩნდა ინფორმაცია ოქრუაშვილზე და მოსთხოვეს ამ ინფორმაციის მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ არ მიაწვდიდა, დათა ახალაიამ უთხრა, ხომ იცი რისი გამკეთებელიც ვარო", - განაცხადა ქარჩავამ. მისივე თქმით, პირადად დათა ახალაიამ აწამა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
როგორც ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, დათა ახალაიამ წამებისას ყველაზე თანამედროვე რაღაც, ქიმიური საშუალება გამოიყენა. კერძოდ, პატარა ფლაკონით სახეზე სითხე შეასხა, რამაც გაუტკივარება გამოიწვია და ასეთ მდგომარეობაში სცემეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო.
აქვე ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ამ განცხადებას ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით აკეთებს და მან თქვა, რომ ეს არის პრევენციული განცხადება და აქვე აღნიშნა, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე შეექმნება, ამაზე პასუხიმგებლობა სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს დაეკისრება. აქვე ადვოკატმა აღნიშნა, რომ გიორგი ჩიხლაძე დათა ახალაიას პირადი პატიმარია.