x
image
ზანგო
თეა'ს სენსაციური ბლოგი - გეომაგნიტური ქარიშხალი წარსულში დაგვაბრუნებს?

მთელი დღე ვფიქრობდი, რა დამეწერა. "გათხოვილის დღიურების" მერე ბლოგების წერაც "ხალისიან რეჟიმში" გავაგრძელე. ახლა დავფიქრდი, რომ ეს სტილი "იარლიყივით" ხომ არ მომეწება-მეთქი...

ამ იუმორსაც თავისებური განწყობა სჭირდება. მე კიდევ სულაც არ მაქვს სამაგისო განწყობა. განვითარებული მოვლენების გამოც...

სადიზმზე, ცემა-ტყეპასა და ცოცხებზე აღარ დავწერე... ამის შესახებ ისედაც ბევრი წერს და ინტერნეტის ვირტუალური სივრცე ამ მოვლენებითაა გადავსებული. გადაშავებულ "ფეისბუქზე" ხომ აღარაფერს ვამბობ... შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ თუ NASA-ს წინასწარმეტყველება ასრულდა, 21 სექტემბერს საქართველოში განვითარებული ეს მოვლენები აღარავის ემახსოვრება.

ალბათ, ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს ამბები დაგვავიწყოსო... საქმე იმაშია, რომ NASA-დან ინფორმაციამ გაჟონა, რომელიც დასავლურმა მედიამ გაავრცელა:

2012 წლის 21-22 სექტემბერს მზეზე აფეთქებების სერია მოხდება. მზიდან კოსმოსში დიდი რაოდენობით გავარვარებული პლაზმა გამოიტყორცნება, რომელიც დედამიწამდე მოღწევის შემდეგ მაგნიტოსფეროს დაარღვევს, რის შედეგადაც დედამიწაზე ძალიან ძლიერი გეომაგნიტური რყევები და ქარიშხლები დაიწყება.

ამ ინფორმაციამ იმდენად დამაინტერესა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის ბევრი არაფერი გამეგება (მადლობა ჩემს ფიზიკის მასწავლებელს), გადავწყვიტე, შეძლებისდაგვარად, ჩემით მომეძია მეტი ინფორმაცია ამის შესახებ.

რადგანაც მაგნიტური ველი მთლიანად აკრავს დედამიწას, გეომაგნიტური ქარიშხლის (დედამიწის მაგნიტური ველის ღელვა) შედეგები გლობალური ხასიათის იქნებამ პროგნოზი კი დაახლოებით ასეთი:

შეფერხდება ელექტროსისტემების მუშაობა. გეომაგნიტური ქარიშხალი მთელ ენერგოსისტემას გათიშავს. შეიმჩნევა პოლარული ნათებები არა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივად არის ხოლმე, არამედ სხვა ადგილებზეც. ასევე, არასახარბიელო ზემოქმედებას მოახდენს მოსახლეობაზე (სავარაუდოდ, თავის ტკივილს გამოიწვევს, როგორც ე.წ. მაგნიტურ დღეებში არის ხოლმე).

მისი პირდაპირი ზემოქმედება სიკვდილის მიზეზი არ იქნება, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენები გლობალურ სახეს მიიღებს და კატასტროფის ტოლფასი იქნება.

გეომაგნიტური ველის ღელვა რამოდენიმე საათის ან რამოდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ჩვენც შევძლებთ ამ მოვლენის დანახვას, რომელიც გარეგნულად პოლარული ციალის მსგავსი იქნება, მხოლოდ გაცილებით კაშკაშა.

მწყობრიდან გამოვა ტრანსფორმატორები და ენერგოსისტემა: წყლის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები; პროდუქტების საცავები; გაჩერდება სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები საავადმყოფოებში.

ენერგოსისტემის სწრაფი აღდგენა ვერ მოხერხდება, რადგან გადამწვარი ტრანსფორმატორები ახლებით იქნება შესაცვლელი, მაგრამ ქარხნები, რომლებიც მათ აწარმოებენ, გაჩერდება. მათ აღდგენას კი, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება. ყველანაირი ელექტროტექნიკა მწყობრიდან გამოვა (წვერის საპარსიდან დაწყებული, ყურსასმენებით დამთავრებული).

მოკლედ რომ ვთქვათ, დაახლოებით მე-18 საუკუნის დასაწყისში დავბრუნდებით, როდესაც ელექტროენერგიის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ, მაგრამ იმ ეპოქის ადამიანებისაგან განსხვავებით, ჩვენ გვექნება ცოდნა და "ნათურის გამოგონებაც" აღარ მოგვიწევს (ისე, რა საინტერესო იქნება, არა?).

1859 წელს მსგავსი რამ უკვე მომხდარა, მაგრამ ვინაიდან მრეწველობა განვითარებას მაშინ იწყებდა და ელექტროენერგიაზე არ იყო დამოკიდებული, მსოფლიომ დიდი ზარალი არ ნახა.

კოსმოსური ენერგიის ცენტრი, რომელიც ქალაქ ჰიუსტონში მდებარეობს, განგაშის სიგნალის მიღებას სპეციალური თანამგზავრიდან ელოდება, რომელიც მზეს აკვირდება.

სიგნალი იმის მაუწყებელი იქნება, რომ საფრთხე ახლოსაა. კატასტროფის თავიდან აცილების ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის.

ჩემი ოპტიმიზმის მიუხედავად, მაინც შევშფოთდი. აბა, რა დამემართებოდა, როცა წარმოვიდგინე, რომ უცებ ბაც... და მე-18 საუკუნეში აღმოვჩნდით... მეათე სართულზე ფეხით ასვლას ვინღა ჩივის, ყველგან ფეხით მოგვიწევს სიარული, ან ველოსიპედებით. ყველაფერი გაძვირდება და დაცოტავდება. მთელ მსოფლიოს პანიკა მოიცავს. ყველა მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებს, - როგორ გადარჩეს...

ცოტა დამამშვიდა ასტროფიზიკოსის, მარინა გიგოლაშვილის განცხადებამ, რომელმაც "მედიანიუსს" განუცხადა, რომ: "21 სექტემბერს დედამიწაზე კატასტროფა არ მოხდება. მზეზე აფეთქებას ამდენი ხნით ადრე ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. ამჯერად ცოტა საშიში ასტეროიდის მოახლოებაა, მაგრამ შეჯახების არანაირი შესაძლებლობა არ იქნება.

2039 წელს იგივე ასტეროიდი გაცილებით ახლოს მოვა დედამიწასთან, ჩვენს ორბიტაზე მოძრაობის გამო და ამიტომ უფრო მეტი ალბათობა იქნება, რომ დედამიწას ზიანი მოუტანოს. ახლა, უბრალოდ, მოგვიახლოვდება და გვერდით ჩაივლის".

მაგნიტური ქარიშხლები, ასტეროიდის შეჯახება დედამიწაზე ფანტასტიკის სფერო სრულებითაც არ არის. სამწუხაროდ, ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და ეს სავსებით რეალურია.

პირადად მე, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დღეებში მხოლოდ თავის ტკივილით შემოვიფარგლებით და მეტი არაფერი...

საკრალურ 12 დეკემბერსაც გადავურჩებით და 2012 წელსაც ტრადიციულად, გოზინაყითა და შამპანურით გადავაგორებთ. თუმცა, ხომ გაგიგიათ, - "ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულიაო"? თქვენ მაინც მოამზადეთ ტკივილგამაყუჩებელი და კომპიუტერებიც გამორთეთ, ვინიცობაა ელექტროსისტემაში მართლაც მოხდეს პატარა შეფერხება.

თუმცა ჩემმა ქმარმა (რომელიც ასეთ საკითხებში საკმარისზე მეტად ერკვევა), გამომიცხადა, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, კომპიუტერებს გამორთვაც კი აღარ უშველის. ისღა დამრჩენია, სარდაფში ჩავიტანო ჩემი ლეპტოპი (და კიდევ რაღაცეები) და "ფარადეის გალიაში" მოვათავსო... - ეს ხუმრობით.

კიდევ, იმედი მაქვს, რომ ამ ბლოგის წაკითხვასაც მოასწრებთ და უფრო მეტიც, ორშაბათსაც დამელოდებით.

მოკლედ, თქვენი მონა-მორჩილი (მეცინება ხოლმე ამ გამოთქმაზე) ორშაბათამდე გემშვიდობებით.image

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0