x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
ანეგდოტი ცხოვრებიდან: РСП, ანუ „რაზვედენკა ს პრიცეპომ“
image


ნამდვილი ამბავია. შესაძლებელია, ბევრს ანეგდოტად მოეჩვენოს, მაგრამ მართლა ნამდვილი ამბავია.


აჭარის უბრალო გლეხები


1990-იანი წლების დასაწყისში საქმეების გამო აჭარის N სოფელში სტუმრად ვიყავი. მასპინძლები უბრალო გლეხები იყვნენ. 1970-80-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში აშენებულ 2-სართულიან ქვის სახლში ცხოვრობდნენ. სახლი 10 X 12 მეტრზე იყო გადაჭიმული. თითოეული საცხოვრებელი სართული 120 კვ.მ. იყო, ორივე საცხოვრებელი სართული ერთად 240 კვ.მ. იყო, ოთახების სიმაღლე 3, 2 მეტრი, აგრეთვე ასევე მაღალჭერიანი, 3, 5 მეტრი სიმაღლის, 120 კვ.მ. ფართის, სარდაფი, რომელშიც სადურგლო სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი. ჯამში 360 კვ.მ. გამოდიოდა.



მოკლედ რომ ვთქვათ, მასპინძლები უბრალო გლეხები იყვნენ.


მშრომელი, მუყაითი, კეთილსინდისიერი გლეხები. ეს სახლი ამ მრავალრიცხოვანი ოჯახის ორმა თუ სამმა თაობამ ააშენა. საბჭოთა პერიოდში ამ ოჯახის ყველა შრომისუნარიანი წევრი მუშაობდა. საბჭოთა პერიოდში საერთოდ ყველა შრომისუნარიანი მუშაობდა, ვისაც შეეძლო და უნდოდა. უმუშევარი არავინ არ ყოფილა. იმ დროს, საბჭოთა პერიოდში, უმუშევრობა როგორც მოვლენა საერთოდ არ არსებობდა. უმუშევრობა აკრძალული იყო. ვისაც მუშაობა არ უნდოდა, „ტუნეიადცობის“ („მუქთახორობის“) ბრალდებით ციხეში სვამდნენ. ამიტომ ეს სოფელი, და საერთოდ, აჭარის ყველა სოფელი ასეთი და ამისი მსგავსი 2 თუ 3-სართულიანი სახლებით იყო მოფენილი.


საღამოს მასპინძლებმა სასადილო ოთახში სუფრა გაშალეს. არ ვიცი, სულ რამდენი იყვნენ ოჯახში, სუფრაზე ოჯახის ათ წევრამდე შეიკრიბა.


რამოდენიმე ხანში კარებზე დაკაკუნების გარეშე ვიღაც კაცი შემოვიდა. ასე, 45 წლის იქნებოდა. მასპინძლებმა ლმობიერად გაიღიმეს, რაო, „რაზვედენკა პრიცეპომ“, მოდიო? ისეთი ხმით მიმართეს, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო.


არაფერი არ უპასუხა, ისე გავიდა მეორე ოთახში. წყნარად. უსიტყვოდ. უბოროტოდ. საწყლად. გულსაკლავად საწყლად. არანაირი რეაქცია არ ჰქონია.


ჩვენი ბიძაშვილი არისო, განმარტეს მასპინძლებმა თბილი ღიმილით. მეზობელ სახლში ცხოვრობს, სტუმრად შემოიარაო.


„რაზვედენკა ს პრიცეპომ“ რას ნიშნავსო, ვიკითხე გაკვირვებულმა.


რას ნიშნავს, და ახლავე მოგიყვებითო.



РСП, ანუ რაზვედენკა პრიცეპომ


„ს პრივეტომ“ არის, მისი „უცნაური ქცევების“ ამბებს ხალხი „ანეგდოტებად“ ყვებაო, და ამიტომ არც ერთი ქალი მას ცოლად არ მიჰყვება. ჰოდა, ამ რამდენიმე წლის უკან, მაშინ 42 წლის იყო, ნათესაობამ ფული შევუგროვეთ, მივეცით და ვუთხარით, წადი რუსეთში, იქ არავინ გიცნობს, არავინ არ იცის შენი ამბავი, იქნებ იქ ნახო ვინმე ცოლადო.


ნათესაობამ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი შევუგროვეთ და მივეცით, საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ფულებიდან. 20 000 დოლარი! ეს იმ დროისთვის, 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, უზარმაზარი ფული ფული იყო. იმ დროს ქალაქ ბათუმში 1-ოთახიანი ბინა 5-სართულიან „ხრუშოვკაში“ 3 ათასი დოლარი ღირდა. ანუ, 20 000 დოლარით 6 ერთოთახიანი ბინის ყიდვა შეიძლებოდა, და 2 000 დოლარი კიდევ დარჩებოდა. 4-ოთახიანი ბინა „ხრუშოვკაში“ 8 000 დოლარი ღირდა. 20 000 დოლარით შეიძლებოდა ორი 4-ოთახიანი ბინის ყიდვა, და 4 000 დოლარი კიდევ დარჩებოდა.


წავიდა. 3 თვის შემდეგ დაბრუნდა. შემოვიდა ოთახში, წყნარად, უსიტყვოდ, აი, ისე, წეღან რომ შემოვიდა, და გვითხრა, მოვიყვანეო. 22 წლის არისო. ჩვენ განცვიფრებისაგან სიტყვა ვერ ვთქვით. ვიფიქრეთ, 42 წლისამ 22 წლის გოგო როგორ მოიყვანაო. 20 წელი განსხვავება, ეს რა სასწაული არისო, როგორ წამოყვაო.


რუსი არის? — შევეკითხეთ.


არა, ბელარუსი, — გვიპასუხა.


მაგრამ, — დაამატა, — 3 წლის პრიცეპი ყავს.


კარგიო, ვიფიქრეთ, რუსი არ არის, ბელარუსია. გოგო 18 წლის გათხოვილა, ახლა 22 წლის არის, 3 წლის შვილი ყოლია. გაცილებია პირველ ქმარს, РСП ყოფილა, «разведёнка с прицепом». და იყოს მერეო, ჩვენს 42 წლისას მაინც როგორ წამოყვაო.


მერეო, შემოიყვანე სახლშიო, ვეუბნებით.


არაო, გვითხრა წყნარად, თქვენ გამოდით გარეთო, ეზოში არიანო, „სვოიმ ხოდომ“ ჩამოვიყვანეო. კი გაგვიკვირდა, „სვოიმ ხოდომ“ ჩამოვიყვანე, რას ნიშნავსო. გავედით გარეთ, და რას ვხედავთ.


ეზოში დგას


ტრაქტორი „ბელარუსი“ 22 წლის. „ს პრიცეპომ“ 3 წლის.

imageფოტო: РСП, „რაზვედენკა ს პრიცეპომ“ (ღია წყაროებიდან)





კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)


18.06.2022




0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:კახაბერ როდინაძე ადვოკატი
კახაბერ როდინაძე ადვოკატი
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0