x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ ითხოვა ბორის წიფურიამ მეზობლის ცოლის ნახმარი ჩულქი? -სამი სახალისო ისტორია მსახიობის ცხოვრებიდან
image


დღეს 15 ივნისს დაიბადა ბორის წიფურია, მსახიობი, რომელმაც შექმა სრულიად განსხვავებული სახეები თეატრში თუ კინოში, ყველას ახსოვს ბორის წიფურიას შესრულებული როლები ფილმებში "შერეკილები"(ხუტა ოდიშელიძე), "ვერის უბნის მელოდიები“ (ძიბო)"დათა თუთაშხია"(მეწისქვილე), "მიზანი"(სელიმი)"ზოგი ჭირი მარგებელია"(ხიზანა), ბორის წიფურია წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი, სიცოცხლის ბოლო წლებში კი ტელე–შოუ „ფორტუნას“ წამყვანი.

image


ქვემოთ გთავაზობთ სამ სახალისო ისტორიას მისი ცხოვრებიდან.






image


***

ბორის წიფურიას მოგონებიდან:


„ერთხანს ძალიან გამიტაცა უცხოურმა მანქანებმა და ვიყიდე კიდევ ვერცხლისფერი „ვოლვო.” მისი მომსახურება თბილისში ძალიან გაჭირდა და ორ წელიწადში ისევ გავყიდე. მაშინ ცირკის დირექტორი ვიყავი. ერთმა სპიტაკელმა სომეხმა სამსახურში მომაკითხა. მანქანა ცირკის ეზოში გასინჯეს. მაგიდაზე 60 000 მანეთი დამიდეს და წავიდნენ (მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო). ამ დროს მოსკოვიდან ვიღებ შეტყობინებას, რომ 2 საათზე დანიშნულია სხდომა (საკავშირო ცირკების გაერთიანების სამხატვრო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახლდით და არაფრით არ შეიძლებოდა გამოტოვება). საგონებელში ჩავვარდი: ამდენმა კაცმა იცის, რომ მანქანა გავყიდე. ამოდენა ფული მაქვს. უკვე საღამოა და ბანკში შეტანას ვერ ვასწრებ. ხვალ დილით უთენია უნდა გავფრინდე მოსკოვში. არც ისეთი მაგარი კარი მქონდა, რომ არ გაეტეხათ. ერთხელ უკვე იყო შემტვრეული. ვზივარ და ვფიქრობ, აღარ ვიცი, სად შევინახო ეს დასაწვავი ფული. გავედი აივანზე ვეწევი სიგარეტს. გავხედე ჩემი საყვარელი მეგობრის, გუგული დანელიასა და ნათელა ვასაძის ბინის აივანს. ვხედავ, კიდია ორი „ჩულქი“ ხახვითა და ნივრით გატენილი. უცებ შევვარდი სახლში, მაგრამ „ჩულქი“, რომ არ მაქვს, რა ვქნა?! როგორ მოვიქცე და ვეცი ტელეფონს. მეზობელი რისი მეზობელია, თუ განსაცდელში არ დაგეხმარა? ლადო გძინავს? არა, წიგნს ვკითხულობ. ლადო, მედიკოს ნუ გააღვიძებ (ცოლს) და, თუ ძმა ხარ, ნახმარი „ჩულქი“ მაჩუქე. მედიკოს „ჩულქები“ რისთვის გინდა? ლადო თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი, ძალიან მჭირდება და რისთვის მჭირდება, მაგას მერე აგიხსნი-მეთქი. კარგი, მოვძებნიო და დამიკიდა ყურმილი. ცოტა ხანში თვითონ მირეკავს კოლგოტკა თუ გაწყობს, ცოტა ნახმარიაო. მაწყობს, ჩემო ლადო, როგორ არ მაწყობს. ორ წუთში თავად მომადგა კარზე. მადლობა გადავუხადე, გადავკოცნე და გამოვემშვიდობე. კოლგოტკა გადავჭერი ორ ნაწილად და ვყრი შიგ ხახვს, ნიორს, თან ვურევ გაზეთში გახვეულ ფულს. შესანიშნავი შესახედი გამოვიდა, არა მგონია, ვინმემ ეჭვი შეიტანოს. გავედი აივანზე, დავკიდე ორივე ასხმა და და თან, ვფიქრობ – შევარცხვინე ის ქურდი, ვინც ხახვებსა და ნივრებში დაიწყებს ფოთიალს-მეთქი. დილით სრულიად დამშვიდებული გავფრინდი მოსკოვში. მესამე დღეს ვრეკავ მშობლებთან თბილისში. დედა მსაყვედურობს, სად დაიკარგეო. დედა მოსკოვში ვარ, საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე დარეკვა. დიდუ!.. ყვირის დედაჩემი – რა კარგია, დედა, მოსკოვში რომ ხარ, იყავი მანდ, ნუ ჩამოხვალ ერთ-ორ დღეს თბილისში, ინგრევა აქაურობაო. რა ხდება დედა? იმისთანა ქარიშხალია, ჩვენს პირდაპირ სახლს სახურავი ახადა და აივნებიდან სულ ტაშტები და ვედროები ცვივაო. მუხლები მომეკვეთა, გული გამიჩერდა. წარმოვიდგინე როგორ დააფრიალებს ქარი ჰაერში ჩემს ფულებს, როგორ დასდევს ხალხი ეზოში ასმანეთიანებს. დედა, მისმინე ახლა კარგად, წადი ჩემთან სახლში და ნახე ხახვი თუ კიდია აივანზე. შენ რა, დედა, მთვრალი ხარ? რას ჰქვია ხახვი თუა. ხახვი კი არა, ხალხი მიაქვს ქუჩაში ქარს. ჰოდა, დედა დავიღუპე, წადი, შენი ჭირიმე და ნახე ხახვი თუ კიდია აივანზე. ვერ წავალ დედა, გაგიჟდი, რა დროის ხახვია?! დედა, სხვა რამე კიდია, სხვა რამე! – ხომ ვერ გეტყვი ფულია-მეთქი. შეძლებისდაგვარად ვუხსნი. დედა, ჩემი „ვოლვო” ხომ გახსოვს? მერე? ის „ვილვო” ხომ გავყიდე დედა და ახლა იქ კიდია, ხახვში. დიდუ!.. ისევ მესმის კივილი და ტელეფონი გაითიშა. გადის ცოტა ხანი. ვრეკავ სახლში. არავინ მპასუხობს. ვრეკავ და ვრეკავ. უცებ ერთი ზარი გავიდა თუ არა, მესმის – კიდია დედა, კიდია! კარგად კიდია!.. ახლა ვფიქრობ, ნეტა, მოეგლიჯა ქარს და გაფანტულიყო ხალხში ჩემი ფული. ის ფული ჩამოსვლისთანავე შევიტანე ბანკში და მიდევს დღესაც სახლში სალაროს წიგნაკი, გაშაურებული”.



***


მხატვარ ბესიკ დუღაშვილის მოგონებიდან:


“ნამდვილი ამბავია…

საკუთარი ყურით ბორის წიფურიასგან მოსმენილი.

ერთხელ თბილისში ჩამოსულა რომელიღაც ემირი. ემირს ძალიან ყვარებია ნადირობა და ქართველებისგან მიუღია პირობა, რომ აუცილებლად წაიყვანდნენ სანადიროდ დათვზე. მოკლედ დაფაცურნდენ მასპინძლები, უნდათ რომ ემირს ასიამოვნონ. ფიქრობენ სად უნდა წაიყვანონ ისეთ ადგილას რომ, თან ახლოს იყოს თბილისთან და თან ნანადირევის გარეშეც არ ჩაიაროს ნადირობამ და მოიფიქრეს რომ, მისულიყვნენ ბორის წიფურიასთან (წიფურია მაშინ ცირკის დირექტორი იყო) რადაც არ უნდა დაჯდომოდათ გამოესყიდათ დათვი ცირკიდან, შემდეგ დაახლოებით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეშვათ და წინასწარ ჩასაფრებული, ემირისკენ გაედევნათ.

ბორის წიფურიას რომ აუხსნეს, – თქვენ ხომ არ გაგიჟდითო? – უარზე იყო. მაგრამ დიდი ხვეწნის შემდეგ დაიყოლიეს.

მოკლედ, ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთეს. დათვი გაუშვეს, ემირი ჩასვეს „ნომერში“ და არიან მომზადებულები. ამ დათვს უბოდიალია აქეთ-იქით, შეხვედრია ვიღაც ველოსიპედიანი ბიჭი, ამ ბიჭს რომ დაუნახავს დათვი შეშინებულა, მიუგდია ველოსიპედი და გაქცეულა.

წარმოიდგინეთ ემირის რეაქცია, როდესაც შესძახეს თქვენსკენ წამოვიდაო, ელოდება მურა დათვს, ველურს, გამხეცებულს და ამ დროს ხედავს, რომ დათვი ზის ველოსიპედზე და მოდის ჭრიჭინ-ჭრიჭინით.

როგორც ამბობდნენ, ემირი 2 თვე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით.”

image


***

ბორის წიფურიას მოგონებიდან:



„ერთხელ დასასვენებლად წავედით მე და ჩემი ძმაკაცი კუკური მეფარიძე. ნელ-ნელა ავყევით, ავყევით და რიგაში ამოვყავით თავი. წასვლის წინ ერთმა ჩვენმა მეგობარმა მოკლეტალღიანი რადიოგადამცემი გაგვატანა – გამოგადგებათო. რა მოვალეობას ასრულებდა, იცით? მაგალითად, გავიცანით გოგოები, ვსხედვართ რესტორანში. ეს გადამცემი ძალიან პატარაა, შეუმჩნევლად ვტოვებ მაგიდაზე და მივდივარ მანქანისკენ. მაგიდასთან რა საუბარიც გრძელდება, ის მესმის მოკლე ტალღაზე მანქანაში. ერთხელაც ასე გავშალეთ სუფრა ჩვენს აპარტამენტში და ორივენი გავედით. ვუსმენ, ერთი გოგო ეუბნება მეორეს: „...აი, ამ შამპანურს რომ დავლევთ, მერე მე მივალ ტელეფონთან და დავრეკავ. მერე ვიტყვი, დედა გამხდარა ავად და სახლში უნდა წავიდე-მეთქი. შენ მეტყვი, მარტოს ხომ არ გაგიშვებ, მეც უნდა წამოგყვეო და ასე წავიდეთ. მოვისმინე ეს ყველაფერი და დავბრუნდით ადგილზე. ავწიე პირველი ჭიქა და ვამბობ: ამ ჭიქით მინდა, დავლიო ერთი სადღეგრძელო. აი, ჩვენ საყვარელი ადამიანები გვყავს, დედა, მამა. ერთ საათში დედათქვენი ცუდად გახდება, მარტო ხომ არ წახვალთ, დაქალიც წამოგყვებათ-მეთქი. ჰოდა, ახლა აქედან დროზე მოუსვით და მიხედეთ დედებს-მეთქი. ასე ვერთობოდით. ამასობაში ფული შემოგვეხარჯა, დაბრუნება კი არ გვინდა. ვფიქრობთ, ვის გამოვუგზავნოთ დეპეშა, რომ ფული მოგვაწოდოს. ამ დროს სასტუმროს ნომრის კარებზე ბრახუნია. გავაღეთ კარი და ჩვენი მეგობარი შალვა ისაკაძე გაგვეჩითა. შალვა იმხანად გამწვანების ტრესტის მმართველი იყო თბილისში. ვკითხე, შალვა რამდენი დღით ჩამოხვედი-მეთქი. ერთი ოთხი დღით ვარ ჩამოსულიო. ჩვენ გაგვიხარდა, რომ ეს სამი დღე ნორმალურად შევჭამდით საჭმელს. შალვა არ გშია-მეთქი. არა, გმადლობ, ახალი ნასადილევი ვარო. აუ, რა ვქნათ ახლა – ვფიქრობ. თუ გინდათ, წამოდით ბოტანიკურ ბაღში, იქ ერთი ჩემი მეგობარი უნდა ვნახო და თან ბაღს დავათვალიერებთო, – შემოგვთავაზა. ბოტანიკური ბაღი მინდა ახლა მე?.. და სადილი-მეთქი. სადილი? სადმე ვისადილოთო. წავედით. დაგვხვდა იქ შალვას მეგობარი მეცნიერ-მუშაკი. ერთი სამასი სხვადასხვა ჯიშის კაქტუსი გვაჩვენა და ბოლოს გამოგვისტუმრა. არავითარი პურმარილი, ჩვენ რომ ვიცით დახვედრა და ქეიფი. მოვდივართ უკან და შალვას ვეუბნები, გვშია და სადმე დავსხდეთ-მეთქი. აქ, გზაზე ძალიან დიდი რესტორანია და ჯობია, სასტუმროში რომ მივალთ, იქ, ბუფეტში დავსხდეთო. ვაიმე! სასტუმრომდე 50 კილომეტრია, რა ვქნა, რა მოვიფიქრო ისეთი, რომ პურმარილი ვაკისრებინოთ. კუკური, ვეუბნები ჩემს ძმაკაცს, როცა მანქანა ტყეში შევიდა, – ერთ წუთს გააჩერე, მგონი, შიმშილისგან გული მერევა და გადავალ-მეთქი. გადავედი და ეს ჩემი რადიოგადამცემიც თან წავიღე. ხეებს მოვეფარე და დავიწყე: ლაპარაკობს თბილისი. თბილისის დროით ესა და ეს საათია. დღეს თბილისში ჩამოვიდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი... ამ დროს მესმის ყვირილი: ბორია! თბილისი დავიჭირე, თბილისი, მოდი!.. მე ვაგრძელებ: დღეს შედგა აღმასკომის რიგგარეშე პლენუმი. პლენუმმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა აღმასკომის თავმჯდომარე ესა და ეს. მის ადგილზე დაინიშნა მისი მოადგილე ესა და ეს. აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა გამწვანების ტრესტის მმართველი, შალვა ისაკაძე! დედა!!! – მესმის კივილი, მაგრამ რა კივილი. ბორია, მოდი! რა იყო, რა მოხდა-მეთქი. მომილოცეო. რა იყო-მეთქი. აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავუნიშნივარო. კი მეუბნებოდნენ, კოორდინატები დაგვიტოვეთო, მაგრამ რას წარმოვიდგენდიო. ბინას თუ მომცემო, კუკური ეკითხება. ოთხოთახიან ბინას მოგცემო. მე რამდენს მომცემ-მეთქი. შენ ოროთახიან ბინას მოგცემო. გულში ვფიქრობ, ეს კაცი ჩემი დაწინაურებულია და ორიანის მეტს ვერ იმეტებს-მეთქი. მე ვუთხარი, არ მინდა ეგ შენი ბინა, სადილი მაჭამე-მეთქი. სადაც გინდა გააჩერეთო. გზადაგზა არც ერთი რესტორანი არ მოგვეწონა, თანაც უკვე ქალაქში ვიყავით და ვიფიქრე, ისევ ჯობია, ნომერში შევუკვეთოთ, ეს ხვალ მაინც არაფრის მკისრებელია და რაც დაგვრჩება, მაცივარში შევინახავთ ხვალისთვის-მეთქი. ნომერში გავაშლევინეთ არნახული სუფრა. შალვა შუა სუფრიდან წამოდგა და განაცხადა: ახლა მე თბილისში უნდა დავრეკო და დავაზუსტო ჩემი დანიშვნის ამბავიო. მისცა შეკვეთა. გავედი და მორიგეს მოვახსნევინე შეკვეთა. გადის ერთი საათი, ორი, სამი... გაგიჟდა შალვა. კაცო, ადრე ათ წუთში გვაერთებდნენ და ახლა რა დაემართათო. რამდენჯერაც მისცა შეკვეთა, იმდენჯერ მოვახსნევინეთ. ასე გაგრძელდა ორი დღე. ბოლოს გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაფრინდეს თბილისში. ახლა, ჩვენ არ გვინდა, რომ ასე გიჟივით ჩაფრინდეს და ვფიქრობთ, რა ვქნათ, როგორ ვუთხრათ. გავისეირნოთ-მეთქი. გავედით ქალაქგარეთ. მე უკან ჩავწექი „სიდენიაზე” და დავიწყე გადაცემა: „ლაპარაკობს ისრაელი! (ვითომ ვიღაც ქართველი ლაპარაკობდა ისრაელიდან) ნუ დაუჯერებთ წერილებს, რომლებსაც აქვეყნებენ, თითქოს აქ ცუდი ცხოვრება იყოს. ეს არ არის მართალი, აქ ყველას ხელი მოემართა. ჩამოდით, ჩვენო მეგობრებო და ერთი სათხოვარი გვაქვს, როცა ჩამოხვალთ, თან წამოიყვანეთ ჩვენი ძმა და მეგობარი შალვა ისაკაძე, ” – შალვა გაშრა. გადმოიხედა უკან და ხედავს გადამცემი მიჭირავს ხელში. მიყურა, მიყურა და მკითხა: არა ვარ მოადგილეო? არა, შალვა, გეხუმრეთ, მაგრამ მომავალი წინ გაქვს-მეთქი“


image

0
947
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
947
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0