ქალი და მამაკაცი "აჰა, კიდევ ერთხელ დასამარდა მითი კუბოს ფიცრამდე სიყვარულის შესახებ" - თეა გვასალია 2022, 4 ივნისი, 16:38 ყოფილი ტელეწამყვანი და მთარგმნელი თეა გვასალია "მარადიული სიყვარულის" შესახებ ანალიზს აკეთებს და ამბობს, რომ კაცობრიობამ მაშინ დაუშვა შეცდომა, როდესაც მარადიული სიყვარულის იდეა აიტაცა. "აჰა, შაკირას და პიკეს სამაგალითო ოჯახსაც შეუდგა წყალი და კიდევ ერთხელ დასამარდა მითი კუბოს ფიცრამდე სიყვარულის შესახებ. მათ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გაიცნეს ერთმანეთი, სადაც შაკირა „ვაკა-ვაკას“ მღეროდა, პიკე კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლამაზი სიყვარულის ისტორია ჰქონდათ, ორი ბიჭი შეძინათ, ყველგან გაღიმებულები და ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ახლა ირკვევა, რომ პიკე ცალკე ცხოვრობს და არაფერს იკლებს, შაკირამ კი კანის ფესტივალი მოიარა და ბარსელონაში დაბრუნებულმა სულ ერთხელ ნახა შვილების მამა.
აქ რა ხდება არ ვიცი. დიდად არ ვადევნებ თვალს ვინ ვისზე ქორწინდება და ვინ ვის შორდება, მაგრამ ესპანეთში პანტაპუნტით ინგრევა თავის დროზე არამიწიერი სიყვარულით შექმნილი ოჯახები.მე თუ მკითხავთ, კაცობრიობამ იქ დაუშვა შეცდომა, მარადიული სიყვარულის იდეა რომ აიტაცა, ამ თემაზე შექმნილი ეპოსებით, გულისმომკვლელი რომანებითა და სატრფიალო ლირიკით გაამყარა და ბოლოს თავადაც დაიჯერა, არც ჩვენთვის უსწავლებია ვინმეს და არც ჩვენ ვიკლავთ შვილებთან იმაზე საუბრით თავს, რომ სიყვარული კი ბატონო, არაჩვეულებრივი გრძნობაა, აგვამაღლებს, დედამიწას ატრიალებს, ფრთებს გვასხამს და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა სული უბერო და მოუფრთხილდე, სანთლების შუქზე რომანტიკული ვახშმები მართო და სარეცელზე ვარდის ფურცლები მიმოაბნიო, თანაცხოვრების მეხუთე, მეათე და მეთხუთმეტე წელს, მისი ხელის შეხებაზე ვეღარაფრით დაგივლის დენი სხეულში, არც სული შეგეკვრება და მუცელშიც ამაოდ დაუწყებ პეპლების ფარფატს ლოდინს. ეს ბუნებრივია, უფრო სწორად, ბუნების კანონია და არ ნიშნავს რომ ამ შეგრძნებების ხელახლა გამოსაცდელად სხვას უნდა ეცე, მერე კიდევ სხვას და ასე დაუსრულებლად.
822 4-ს მოსწონს
|