შოუბიზნესი "ანჟელიკა ვარუმმა კოლმეურნეობაზე ყვავილები იყიდა და სოფიკო ჭიაურელის საფლავზე მიიტანა" - სტეფანე 2022, 21 მაისი, 20:36 მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქართველოში რუსი მომღერლის, ანჟელიკა ვარუმის ვიზიტს იხსენებს და მის მიერ ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი გამოხატულ პატივისცემას სოციალურ ქსელში იხსენებს: „ერთხელ მახსოვს, კორპორაციულ საღამოზე დაგვიკვეთეს ანჟელიკა ვარუმის კონცერტი. მაშინ ძალიან პოპულარული იყო... საქართველოს ომამდე. ჯერ არ იყო ასე დაძაბული ურთიერთობები რუსეთთან ( რამდენიმე თვეში მოხდა ომი) ხო და რომ ჩამოვიდა, საღამომდე უნდა მოწესრიგებულიყო, დრო არ ჰქონდა და გვთხოვა პანთეონში მიგვეყვანა, სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილების მიტანა უნდოდა. გავუჩერეთ კოლმეურნეობაზე, თვითონ იყიდა ყვავილები, მივედით პანთეონში… იჯდა ნახევარი საათი ასე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა… როცა ვკითხე, იცნობდა თუ არა.., არაო, არც არასდროს შევხედრილვარო… უბრალოდ ძალიან მიყვარსო… თითქოს ისეთი არაფერი ისტორიაა, მაგრამ მახსოვს გულში როგორ ვამაყობდი“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი. ცნობილი მუსიკალური ოჯახური წყვილი ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი თბილისში ბოლოს 2013 წლის აპრილის თვეში იყვნენ ჩამოსულები, სადაც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართეს. ოჯახურმა წყვილმა უკრიანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები თავიდანვე გააპროტესტა: "6-დღიანი სრული დაღლილობა... შიშისა და დაბნეულობის 6 დღე... საშინელებისა და ტრაგედიის 6 დღე... ღმერთმა იცის, რომ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. წარსულშიც ვიყავი, აწმყოში ვარ და მომავალშიც ვიქნები. მე თვითონ მეჭირა ხელში ავტომატი და ვიცავდი ჩემი სამშობლოს საზღვრებს, მათ შორის უკრაინელებს. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ლოზუნგების წარმოთქმას. არ ვაპირებ სიტუაციის ანალიზს. ეს ყველაფერი წარსულშია. მე არაფერს ვითხოვ, ვის სჭირდება ჩემი მოთხოვნები. გთხოვ, შეაჩერე ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს ჩვენი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს, ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის გაფუჭებულ ბედს, მათ ტკივილს, წყენას, შიშს და დამცირებას. დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს. ამან ამოწურა თავი! უკვე დიდი ხანია...." - დაწერა ლეონიდ აგუტინმა. "განურჩევლად მიმდინარე მოვლენების შედეგისა, ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში! უფრო სწორედ, უნივერსალური სტანდარტებით ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ! ვინ არის დამნაშავე, შთამომავლები განსჯიან, თუ რა თქმა უნდა, გადარჩებიან... ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩემი მოთხოვნაა ორივე ქვეყნის ლიდერების მიმართ დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის! შუამავლების გარეშე! ეს ჩვენი საქმეა! ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეა! გასაგები მიზეზების გამო ვთიშავ კომენტარებს, რომ ბრაზი და აგრესია არ გავამრავლო..." - წერს ანჟელიკა ვარუმი. 711 3-ს მოსწონს
|