x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მთელი ცამეტი წლის განმავლობაში დედაჩემი სულ მარტო, უქმროდ, საყვარლის გარეშე, თავგანწირულად იბრძოდა, იმისთვის, რომ როგორმე თავი გადაგვერჩინა"-რომენ გარი

image

ფეისბუქგვერდი "ლიტერატურა.მწვანე.ჯი" აქვეყნებს ფრანგი მწერლის ნაწყვეტს, მისი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებიდან და ეს შემთხვევით არ არის, რადგან სწორედ დღეს 21 მაისს დაიბადა რომენ კაცევი, მოგვიანებით ცნობილი როგორც რომენ გარი.




"მთელი ცამეტი წლის განმავლობაში დედაჩემი სულ მარტო, უქმროდ, საყვარლის გარეშე, თავგანწირულად იბრძოდა, იმისთვის, რომ როგორმე თავი გადაგვერჩინა; გვეყიდა კარაქი, ფეხსაცმელი, გადაგვეხადა ბინის ქირა, ტანთ ჩაგვეცვა და თეფშზე სულ მქონოდა ჩემი ბიფშტექსი.
დედაჩემისთვის ეს საკუთარ უბედობაზე გამარჯვების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. ამიტომ ბიფშტექსიანი თეფშის სუფრასთან მოტანას ყოველთვის ოდნავ საზეიმო იერი დაჰკრავდა. ლიცეუმიდან დაბრუნებულს მაგიდაზე ყოველდღე მელოდა ჩემი თეფში; სანამ მე მივირთმევდი, დედა იდგა და გულდამშვიდებული მიცქერდა, ისე, როგორც დედა ძაღლი უცქერს თავის ლეკვებს ძუძუს წოვებისას.
თავად დედაჩემი ბიფშტექს პირს არ აკარებდა; მარწმუნებდა, რომ მხოლოდ ბოსტნეულს იმიტომ ჭამდა, რომ ხორცი და, საერთოდ, ცხიმიანი საჭმელი მკაცრად ჰქონდა აკრძალული.
ერთხელ სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი. დედაჩემი ტაბურეტზე იჯდა, ხელში ის ტაფა ეჭირა, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩემი ბიფშტექსი შეიწვა. დედა პურის ნატეხით ტაფის ცხიმიან ზედაპირს გულმოდგინედ ასუფთავებდა და ხარბად ილუკმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დანახვისას ტაფა ხელსახოცს უცებ ამოაფარა, მაინც თვალი მოვკარი და მყისიერად შევიცანი მისი ვეგეტარიანელობის ჭეშმარიტი მიზეზები".
რომენ გარი
image

ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერალი.ლიტერატურული მისტიფიკატორი, რეჟსორი და სამხედრო რომენ გარი (რომენ კაცევი) 1914 წლის 21 მაისს ვილნიუსში (ლიეტუვა) დაიბადა. მამამისს რუსულ, მონღოლურ და თათრულ ეროვნებასთან ერთად, ქართულ ეროვნებასაც მიაწერდნენ, ხოლო დედას რუსულს, ფრანგულსა და ებრაულს. სწორედ ამ მულტინაციონალურობამ განაპირობა გარის შემდეგი ცხოვრება. მის წიგნებზე საუბარი კი შეუძლებელია მწერლის ბიოგრაფიის გაცნობის გარეშე, რადგან რომენ გარის მდიდარმა ბიოგრაფიამ, საინტერესო ბავშვობამ და შემდეგმა ცხოვრებამ უზრუნველყო მისი შემოქმედების ასეთი მრავალფეროვნება.
რომენ გარი მეოცე საუკუნის ყველაზე გახმაურებული მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთია, ვინც ორჯერ აიღო ძმები "გონკურების პრემია": ერთხელ თავისი სახელით, რომანისთვის „ცის ფესვები“ (1956წ.)და მეორედ _ ემილ აჟარის ფსევდონიმით(1975 წ.). მაგრამ ის არ სარგებლობდა მხოლოდ ორი სახელით, მან დაწერა პოლიტიკური თრილერი შატან ბოგატის ფსევდონიმითაც და აგრეთვე სარგებლობდა ფოსკო სინიბალდის სახელითაც.
რომენ გარი იზრდებოდა დედასთან ერთად და ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. სწორედ ეს წლები ასახა თავის ბიოგრაფიულ წიგნში, სადაც იხსენებს დედას, ადრეულ წლებს და იმას, თუ როგორ მივიდა პირველი რომანის შექმნამდე.


imageფოტოზე: რომენ გარი, სოფი ლორენი და პიტერ უსტინოვი




მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული მწერალი იყო, ამასთანავე რომენ გარი იყო მეორე მსოლფიო ომის გმირი, საპატიო ლეგიონის კომანდორი, სამხედრო მფრინავი, რეჟისორი, სცენარისტი და დიპლომატიც კი; და ეს ყველაფერი ალბათ ისევ დედის დამსახურებაა, რომელიც მთელი ბავშვობა ჩასჩიჩინებდა შვილს, რომ მისგან დიდი კაცი დადგებოდა, დედას ყოველთვის სჯეროდა, რომ გენიოსს ზრდიდა და ცდას არ აკლებდა, ბიჭს თავისი ნიჭი აღმოეჩინა. რომენ გარის დედა, სწორედ ის ქალი იყო, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა, ვაჟის დიდებით დამტკბარიყო… მაგრამ სამწუხაროდ, მწერლის პირველი რომანის გამოქვეყნებამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილამდე წინასწარ დაწერა ასობით წერილი ომში წასული შვილისთვის და რომენ გარიც წლების განმავლობაში იღებდა გარდაცვლილი დედისგან წერილებს. ეს ყველაფერი ქალმა მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ქვემეხის გრუხუნის ფონზე შვილს არ გაეგო დედის უეცარი გარდაცვალების ამბავი და სევდას არ მოედუნებინა.



მისი პირველი რომანი „ევროპული აღზრდა“ გამოაქვეყნა 1945 წელს და „კრიტიკოსების“ ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი მოგვითხრობს პოლონელების ბრძოლაზე გერმანელების წინააღმდეგ უიმედობისა და ეჭვის ატმოსფეროში. რომანებში გარი გამოთქვამს შიშს, რომ თანამედროვე ცივილიზაციას საფრთხე ემუქრება. საინტერესოა მისი რომანები: „დღის ფერები“ და „ცის ფესვები“, რომელმაც გონკურების პრემია დაიმსახურა; თუმცა ამ წიგნს ზოგი ნაკლიც ახლავს, ფრანგი კრიტიკოსების ერთი ნაწილი ამ რომანს მელვილის ცნობილ რომანს „მობი დიკს“ ადარებს. ბოლო რომანები „განთიადის დაპირება“ და „ლედი ლ.“ გამოირჩევა ლირიზმითა და თბილი იუმორით.


რომენ გარი გარდაიცვალა 1980 წლის 2 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთი.




მთავარი ფოტო:რომენ გარი მეორე ცოლთან, საფრანგეთში მოღაწე ამერიკელ მსახიობ ჯინ სიბერგთან ერთად.

0
389
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0