x
image
თამილა გურაშვილი
თამაზ ჭეიშვილი – "გიჟი ვასო"

image

"ჩემს ეზოში დედა - შვილი ცხოვრობდა.დედას თინა ერქვა, შვილს ვასო. ვასიკო. ვასოს მამას ლენინგრადში ტრამვაი დაეჯახა, დედამ ასე უთხრა. ვასომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ ინსტიტუტს რატომღაც ჯარში წასვლა არჩია.არადა სამედიცინოზეც კი უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ.
ჯარში წასვლამდე, ორი კვირით ადრე, თინა მოულოდნელად გარდაიცვალა.მომაკვდავმა ქალმა, საწოლთან დაჩოქილ ატირებულ შვილს რაღაც წასჩურჩულა და სული განუტევა... ვასო დედას დაეკონა და აქვითინდა... ერთი კვირა გულჩათხრობილი დადიოდა, ხმას არ იღებდა, მერე წვერი გაიპარსა, ძველმანები ჩაიცვა და წავიდა...
სამი წლის მერე დაუბრუნდა მშობლიურ უბანს.დაკაცებული დაკუნთული...ორი დღე სამხედრო ფორმა ეცვა, მერე გაიხადა და იმის შემდეგ ტანსაცმლით აღარავის უნახავს...ზამთარ ზაფხულ ტრუსების და მაისურის ამარა დადიოდა, თმაგაბურძგნული, წვერმოშვებული და ღიმილიანი...
- გაგიჟდა საწყალი!...ზამთარია თუ ზაფხული, ყოველ ცისმარე დილას თუ საღამოს ერთ ვედრო წყალს ისხამს თავზე, ზოგჯერ ორსაც...ეეჰ, რა ბიჭი იყო!...ჯარმა დაღუპა, იქიდან აი ეგეთი დაბრუნდა...რამეს მიარტყამდა თავს! ჯარში მაგრა აწვალებენ !- დაასკვნეს მეზობლებმა და “გიჟ ვასოდ“მონათლეს.
გიჟ ვასოს, ვირივით ჯანი ჰქონდა, ტანსაცმლის კარადას ისე მოიგდებდა ხოლმე ზურგზე, როგორც ბატკანს.ხან შეშას უჩეხავდა მეზობლებს, ხან იატაკს მოურეცხავდა, მოკლედ “ჭკვიანი გიჟი იყო“ ერთთავდ იღიმებოდა და ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამდა... თანაც რანაირი გიჟი იყო კაცო, ბავშვებსაც კი ბატონობით მიმართავდა.მეზობლები სამადლოდ ინახავდნენ, ლუკმა პურს უყოფდნენ... დრო კი გადიოდა...
„გიჟი ვასო“ მართალია გიჟი იყო, მაგრამ გაიზარდა, დაკაცდა... ამასობაში ქვეყანა აირია, ხალხი დაიმშა... ქურდობა და ძარცვა გახშირდა... მერე, თავისუფლება მოვიდა... ერთ დღესაც, ყველას გასაკვირად, ვასომ თავისი “ბუდე“ ვიღაც კახელ მეღვინეს მიჰყიდა...შარვალ -კოსტუმში გამოეწყო და მეზობლებს დაემშვიდობა.
იმ დღეს, ვასო, მოწყენილი ჩანდა, აღარ იღიმებოდა... გავიდა დრო... გავიდა თვეები... წლები...ზოგი მეზობელი სიბერის გამო წავიდა იმქვეყნად, ზოგი გათხოვდა...ზოგმა უცხოეთს მიაშურა სამუშაოდ... ცხოვრება თავისი კალაპოტით მიედინებოდა.
ერთ დილით, ჩვენს ეზოსთან, შავი ლიმუზინი გაჩერდა და მეზობლები ლამის გაგიჟდნენ... ჟურნალისტების და მცველების თანხლებით, მზეზე ალაპლაპებული მანქანიდან, მდიდრულად გამოწყობილი, საფეთქლებთან თმებგაჭაღარავებული “გიჟი ვასო“ გადმოვიდა... მარო ბაბოს, ყველაზე ხნიერ მეზობელს, გიჟ ვასოს შვილივით რომ უვლიდა, გული წაუვიდა...- წყალიო აყვირდა ვიღაც ... ვიღაც სიხარულისგან გადარეულივით იცინოდა...ახალგაზრდები მოკრძალებით მისჩერერბოდნენ ლიმუზინიან და მცველებიან უცხოელს, რომელიღაც ქვეყნის აქცენტით, იმათი უბნის “დიალექტზე“ რომ მეტყველებდა.
- რა იყოთ, “გიჟი ვასო ვარ“, ვერ მიცანით?- საზეიმოდ გამოაცხადა ლიმუზინიანმა და მართლა გიჟივით ახარხარდა. მისტერ ვასო, რომელიღაც სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში დაბინავდა... ეზოში ყოველდღე მოდიოდა.გვიანობამდე მეზობლებთან იყო.შაქრო პაპასთან ნარდში ორასი დოლარი წააგო და ვიღაცას შეშაც დაუჩეხა.
მესამე საღამოს, ვასომ, ეზოში, დიდი სუფრა გაშალა. მთელი ქუჩა იმ სუფრასთან იჯდა. ბანკეტს, საუკეთესო რესტორნებიდან მოწვეული თეთრხელთათმანიანი მიმტანები დასტრიალებდნენ.“ასეტრინა“ხბოს მწვადი, ხიზილალა, მოდიოდა და მოდიოდა...დამშეულმა, პოლიტიკით დატანჯულმა ხალხმა გემოზე მოილხინა.მერე ვასო თავის თავგადასავალს მოყვა.
- ოთხი წლისა ვიყავი, მამაჩემი, ლენინგრადში რომ გააგზავნეს მივლინებით, ერთი წლით.მე და დედაჩემიც წაგვიყვანა.იმ დროს, სტალინის ბრძანებით, ყოფილი სამხედრო ტყვეების დაჭერები დაიწყო. ომის დროს, ტყვედ ნამყოფი მამა ნერვიულობდა, სულ იმას ელოდა მოვლენ და წამიყვანენო.
ერთ ღამესაც, თავის ფრონტის მეგობართან ერთად, ფინეთის საზღვრით გაიპარა.წასვლისას, დედას დაუბარა, ყველასთვის დავიკარგე უგზოუკვლოდ!... ან ტრამვაი დამეჯახა, რაც გინდა მოიგონეო!... დედა, ამ ყველაფერს, სიკვდილის წინ მომიყვა.ისიც მითხრა, მამა შვეიცარიაში ცხოვრობს და ძალიან მდიდარიაო.აქ სწავლას აზრი არ აქვს, სამშობლოს მოღალატის შვილს არ გაგახარებენ.ჯობს ჯარში წახვიდე! ჯარი კაცად გაქცევს...რომ დაბრუნდები, შეეცადე უცხოეთში გადახვიდე, ძნელია, მაგრამ ძალიან შეეცადე. იქ მამაშენს ნახავ. - ანდერძივით დამიტოვა დედამ...
ჯარში, ერთი სოფლელი, რუსი ბრძენი გავიცანი, პორფირი ივანოვი, ჩვენს სამხედრო ნაწილთან ცხოვრობდა.იმან მასწავლა სიცივის ფილოსოფია და იოგა. 80 წლისა იყო და ზამთარ ზაფხულს ცივ წყალს ივლებდა... თავი იმიტომ მოვიგიჟიანე, რომ ...ხომ იცით“გიჟი თავისუფალია“...
ვასო დიდხანს იდგა მდუმარედ იმ ოთახში, სადაც დედა ხელებში ჩააკვდა... მერე ძველ მეზობლებს, ყველას დოლარების “შეკვრა“ დაურიგა, ჩათვალეთ, ღმერთმა გამოგიგზავნათ, ოდესღაც, ობოლი, “ჭკუიდან შეშლილი“ ბიჭის პატრონობისთვისო!...
შავი ლიმუზინი მოსახვევში გაუჩინარდა..." - წერს მწერალი და პუბლიცისტი თამაზ ჭეიშილი
0
71
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0