მუსიკა
ამ სასტიკი პროცედურის შემდეგ მომღერალი ბიჭების ხმები სამუდამოდ მაღალი ტონალობის რჩებოდა
2022, 3 მაისი, 18:14
მე-17 და მე-18 საუკუნეებში რომის პაპი ქალებს საეკლესიო გუნდებში და სცენაზე სიმღერას უკრძალავდა, სწორედ ამან გამოიწვია ბიჭების მასობრივი კასტრაციის დაწყება, რათა მათი ხმები დიდი ხნით, მაღალი ტონალობის დარჩენილიყო. მომღერლების კასტრირება სქესობრივი მომწიფების მიღწევამდე, დაახლოებით 9 წლის ასაკში ხდებოდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა ახალგაზრდული ხმა მოწიფულ ასაკამდე შეენარჩუნებინათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ბიჭები ხმის ვარჯიშის ხანგრძლივ პერიოდს გადიოდნენ. ამ პრაქტიკას საფუძველი ღარიბი უბნების ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში ჩაეყარა. მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიაში ბევრი ოჯახი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა, ეს მეთოდი კი ბევრს არსებობის საშუალებას აძლევდა, სწორედ ამიტომ ღარიბი ოჯახები თავიანთი ვაჟებიდან ერთ-ერთს ამ პროცედურისთვის ნაბაყოფლობით იმეტებდა.
პაპი ინოკენტი XI
რომის პაპმა ინოკენტ XI-მ 1686 წელს ქალებს სცენაზე გასვლა აუკრძალა. ოფიციალური საეკლესიო კანონები ნებისმიერი ორგანოს ამპუტაციას კრძალავდა, თუკი ეს სიცოცხლის გადარჩენასთან არ იყო დაკავშირებული. ალბათ, ამიტომ "ესხმოდნენ" თავს ხშირად ბიჭებს ღორები ან ტახები.. აღნიშნული პროცედურა ბავშვისთვის ძალიან დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული. ბევრი მათგანი უბრალოდ ვერ უძლებდა და სტრესისგან ან ინფექციებისგან იღუპებოდა. პერსპექტიული ხმის მქონე ბიჭები სამედიცინო დარგის სპეციალისტთან მიჰყავდათ, სადაც სპეციალური ბალახებითა და სანელებლებით გაზავებულ ცხელ აბაზანაში სვამდნენ, რომელშიც ოპიუმსაც ამატებდნენ, რადგან იმ დროს საანესთეზიო საშუალებები ჯერ კიდევ არ არსებობდა... პროცედურის ბოლოს ბიჭებს ოჯახური ცხოვრების აღარანაირი შანსი აღარ რჩებოდათ.
XVII-XVIII საუკუნეებში ევროპაში კასტრირებული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 4 000 შეადგენდა, თუმცა ყველა მათგანი ცნობილი საოპერო მომღერალი როდი გამხდარა. მხოლოდ რამდენიმე იღბლიანს გაუმართლა, რომელმაც ცნობილ მომღერლად გახდომა შეძლო და ევროპის საოპერო თეატრების სცენებიც დაიპყრო, ხოლი ისინი კი, ვისაც საკმარისად კარგი ხმა არ ჰქონდა, ძირითადად, საეკლესიო გუნდებში მღეროდნენ. ყველაზე ცნობილი კასტრატო ფარინელი გახლდათ, რომლის ხმაც სამი ოქტავის დიაპაზონში ჟღერდა. ფარინელს შეეძლო სუნთქვის გარეშე ნოტის მთელი 1 წუთის განმავლობაში გაწელვა. მას უზარმაზარ ჰონორარებს უხდიდნენ. ცნობილი კასტრატო ძირითადად, იტალიელი დიდგვაროვნების წინაშე გამოდიოდა, თუმცა მისი მოსმენა ასევე ინგლისსა და საფრანგეთშიც შეიძლებოდა.
ფარინელი
მე-18 საუკუნის ბოლოს ოპერაში ტენდენცია შეიცვალა. მათ ვატიკანის გარდა, სხვაგან უკვე არსად იღებდნენ, სადაც 1903 წლამდე სიქსტეს კაპელაში მღეროდნენ. მორესკი გახლდათ ერთ-ერთი ბოლო კასტრირებული მომღერალი და ერთადერთი, ვისი ხმაც ფონოგრაფზე ჩაწერილი დარჩა. მას "რომის ანგელოზის" სახელით იცნობდნენ. ის 1922 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, და მასთან ერთად ეს სევდიანი მრავალწლიანი ტრადიციაც დავიწყებას მიეცა.