პოლიტიკა "რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს" - არესტოვიჩი 2022, 11 აპრილი, 19:43 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინას უწოდა ახალი ისრაელი, სადაც მისი თქმით, რეგულარული შეტაკებები მოხდება ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ და დიდი კონფლიქტები ყოველ 7-8 წელიწადში ერთხელ.
"რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს. რეგულარული შეტაკებები გარანტირებულია მინიმუმ მომდევნო 13 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინტერვიუს ჩანაწერი ჟურნალისტ მარკ ფეიგინის "იუთუბ" არხზე გამოქვეყნდა. არესტოვიჩი დღევანდელ სიტუაციას, რომელშიც უკრაინა იმყოფება, ადარებს არაბეთ-ისრაელის კონფლიქტს, როდესაც მოწინააღმდეგეებს ხუთი ომი დასჭირდა იმის გასაგებად, რომ პრობლემის გადასაჭრელად სხვა მეთოდები უნდა მოეძებნა. "ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი საჭირო იქნება თუ არა ხუთი, მაგრამ 2035 წლისთვის რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორში და შესაძლოა ხუთ წელიწადში ერთხელ. დიდი შეტაკებები ყოველ შვიდიდან რვა წელიწადში ერთხელ", -აკეთებს პროგნოზებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი. არესტოვიჩი მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ურჩევს დროებით დატოვონ ქვეყანა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, უკრაინა ახალი ისრაელია, მაგრამ უკრაინის ომის მასშტაბები უფრო საშინელი და დამღუპველია. ამასთან, არესტოვიჩი არ გეგმავს ოჯახის ქვეყნიდან გაყვანას. "ჩემი ოჯახის წევრები ყველა აქ არის და აქ იქნება, ვინც არ არის მზად, არის თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ არ ხართ მზად", - ურჩია არესტოვიჩმა თანამემამულეებს. თუ რუსული არმია დაიკავებს დონბასის მთელ ტერიტორიას, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლომდე შეებრძოლებიან მტერს - შესაბამისად, მოსალოდნელია პოტენციურად უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური დანაკარგები. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად უკვე დაიღუპა 1793 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო, დაიჭრა 2439 ადამიანი. 164 1-ს მოსწონს
|