ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი – 700 გრ.
მარილი – 2 ჩ. კ.
შაქარი – 80 გრ. (4 ს. კ.)
მშრალი საფუარი – 10 გრ.
კვერცხი – 2 ცალი
რძე – 350 მლ.
კარაქი – 60 + 200 გრ.
ინგრედიენტები გულსართისთვის:
რძე – 0, 5 ლ.
შაქარი – 100 გრ.
შაქრიანი ვანილინი – 1 ჩ. კ.
ფქვილი – 1, 5 ს. კ.
კვერცხი – 2 ცალი
ქიშმიში – 200 გრ.
კვერცხის გული, 2 ს. კ. რძე და 1 ჩ. კ. შაქრიანი ვანილინი – გადასასმელად
მომზადება:
საფუარიანი ფენოვანი ცომი
I. ღრმა თასში ჩააცერით ფქვილი > დაამატეთ მარილი, შაქარი, საფუარი > ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ > დაამატეთ კვერცხი სათითაოდ, თან დაბალ სიჩქარეზე, მიქსერით ურიეთ > დაამატეთ რძე > თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ბოლოს დაამატეთ კარაქი > მოზილეთ ცომი მიქსერის დაბალ სიჩქარეზე > გადმოიტანეთ ცომი დაფაზე და ხელით გააგრძელეთ ზელა > გადაიტანეთ ისევ თასში > გადააკარით ზემოდან სამზარეულოდ აპკი და დადგით თბილ ადგილზე 2 სთ–ით.
შენიშვნა: ცომის გაკეთება პურის საცხობშიც შეიძლება. ინგრედიენტები საცხობის ფორმაში იმ თანმიმდევრობით მოათავსეთ, რაც თქვენი საცხობის ინსტრუქციაში წერია და ჩართეთ ცომის მომზადების რეჟიმზე.
II. ცომი უნდა გაორმაგდეს > ამოიღეთ ცომი თასიდან, გააბრტყელეთ 1 თითის სისქეზე > მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და შედეთ მაცივარში, მინიმუმ 8 სთ–ით > მაცივრიდან გამოღების შემდეგ, გააბრტყელეთ ცომი 1 სმ–ს სისქეზე > მოათავსეთ ცივი კარაქი პერგამენტის ორ ფურცელ შორის, ჯერ გასაბრტყელებლით დაბეგვეთ და როდესაც დარბილდება, გააბრტყელეთ. მისი ზომა ცომის ზომის ნახევარი უნდა იყოს.
კარაქი მოათავსეთ ცომის ერთ მხარეს და მეორე ზემოდან გადმოაფარეთ > დაუმაგრეთ კიდეები გასაბრტყელებლით > გააბრტყელეთ კარაქიანი ცომის ფენა 1 სმ–ს სისქეზე და დაკეცეთ სამად:
III. მოათავსეთ ცომი პოლიეთილენის პარკში და შედეთ მაცივარში, ნახევარი საათით > მაცივრიდან გამოღების შემდეგ, გააბრტყელეთ 1 სმ–ს სისქეზე > ისევ სამად დაკეცეთ და კიდევ 30 წთ–ით მოათავსეთ მაცივარში > მაცივრიდან გამოღების შემდეგ, პროცედურა გაიმეორეთ (გააბრტყელეთ და სამად დაკეცეთ) და მისი შემდგომი გამოყენებისთვის, მაცივარში ან საყინულეში შეინახეთ.
ფრანგული ფუნთუშები
ფრანგული ფუნთუშების მოსამზადებლად, ცხობამდე 1 დღით ადრე, გაყინული ცომი მაცივრის ზედა თაროზე (საყინულედან ყველაზე შორს მდებარე თაროზე) მოათავსეთ, რომ გალხვეს.
I. ქიშმიში გადაარჩიეთ, გარეცხეთ > მოათავსეთ პატარა თასში და ცხელი წყალი დაასხით, რომ დალბეს > წყალი რომ შეგრილდება, წყლიდან ამოწურეთ და გასაშრობად, სამზარეულოს პირსახოცზე გაშალეთ.
II. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ > შეათქვიფეთ ნელ–ნელა 1 ჭ. რძე > დაამატეთ დარჩენილი რძე და თქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დადგით ცეცხლზე, თან სულ ურიეთ > ადუღების შემდეგ, ხარშეთ 5–7 წუთი, ვიდრე მასა არ შესქელდება > გადმოდგით ცეცხლიდან და როდესაც შეგრილდება, დაამატეთ ვანილინი.
III. გააბრტყელეთ ცომი > გადაუსვით კოვზით ცივი კრემი > ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ ქიშმიში.
IV. გადაახვიეთ ცომი > აიღეთ ჩვეულებრივი ძაფი, რომელიც გამოიყენება კერვისთვის, მოათავსეთ ხვეულის ქვევით > ძაფის ბოლოები გადააჯვარედინეთ და ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გაქაჩეთ – ხვეულს ნაწილი ჩამოეჭრება. თითოეული ნაჭრის სიგანე 2 სმ. უნდა იყოს > მოათავსეთ ხვეულები პერგამენტზე, საცხობ ფირფიტაზე, ერთმანეთის დაშორებით > გადააკარით ზემოდა სამზარეულოს აპკი.
V. როდესაც ცომი საკმარისად გაფუვდება, შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, რძე, ვანილინი და ფუნჯით გადაუსვით ხვეულებს > გამოაცხვეთ 180ºС–ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში > ფუნთუშები პრიალა რომ იყოს, ღუმელიდან გამოღების შემდეგ, შეგიძლიათ სილიკონის ფუნჯით, შაქრის სიროფი (100 მლ. წყალი + 1 ს. კ. შაქარი) გადაუსვათ.