ბრიუს უილისს მეტყველების დაქვეითება-აფაზია დაუდასტურდა, ოჯახმა მსახიობის კარიერის დასასრული დაადასტურა
ბრიუს უილისის ოჯახმა ავადმყოფობის გამო სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მას აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს. უილისი, რომელიც ცნობილია როლებით ფილმებში "კერკეტი კაკალი", "მეხუთე ელემენტი" “არმაგედონი" და მრავალი სხვა, მსახიობობას ვეღარ ჰააგრძელებს.
პოსტი გამოჩნდა მისი ქალიშვილების რუმერის, სკაუტის, ტალულას, ეველინის და მეიბლის, ასევე მეუღლის ემა ჰემინგის და ყოფილი მეუღლის დემი მურის ინსტაგრამზე.
“გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩვენს საყვარელ ბრიუსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას ახლახან დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი, რაც გავლენას ახდენს მის კოგნიტურ შესაძლებლობებზე. ამის შედეგად და დიდი სინანულით ბრიუსი ამთავრებს კარიერას, რომელიც მისთვის ბევრს ნიშნავდა. ეს არის ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის და მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის. როგორც ბრიუსი ყოველთვის ამბობს: "იცხოვრე სრულფასოვნად". ჩვენ ერთად ვაპირებთ ამის გაკეთებას."
აფაზია არის მეტყველების შეძენილი აშლილობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ტვინის დაზიანების შემდეგ (ინსულტი, თავის ტრავმა, სიმსივნე ან ანთება), რომელიც გავლენას ახდენს ყველა ენობრივ უნარზე: ძნელია საუბარი, კითხვა, წერა და გაგება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, რომელსაც ახლახან 67 წელი შეუსრულდა, დემენციითაა დაავადებული და კარიერას ამთავრებს. ინსაიდერებმა ასევე თქვეს, რომ ტექსტის დამახსოვრების პრობლემა მსახიობს ურთულებდა ფილმებში მონაწილეობას და იყენებდა პატარა მიკროფონს გადასაღებ მოედანზე, რითაც მას ტექსტს კარნახობდნენ.