x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
თავადი ნიკო დადიანის პოზიცია სამეგრელოში რუსეთის ენობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ
image


თავადი ნიკო დადიანი, იგივე ნ. მინგრელსკი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, სამეგრელოში ცარიზმის ენობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. იგი 1885 წელს თავად ვ. მაჩაბელს წერს:


"მე წავიკითხე ის სტატიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეგრული ენის შუა და ქართველთ ენის შუა სიმზგავსეც არ არისო... ის გარეშე ქვეყნის ფილოლოგები (იგულისხმება უცხოელი მეცნიერი ალ. გრენი და მისი ნაშრომი), რომელნიც სწერენ მეგრულს და ქართულს ენებზედ, არიან სრულიად დაბნეულნი... ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს აქვს თავისი საკუთარი აზრი და რწმუნება, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა საკუთარმა ისტორიამ და ახლა ვერა კაცი ვერ დაგვაჯერებს იმას, რაც ნამდვილი არ არის ჩვენთვის და რაც ავნებს ჩვენს წინ წაწევას. ამას გარდა, ხალხის ისტორია და სურვილი უნდა შეიტყოს კაცმა და შემდეგ ილაპარაკოს. მე მენგრელიას, იმერეთს და გურიას უყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენს შუა განსხვავება არ არის და არც უნდა იყოს..."


ნ. დადიანი "მეგრელი ნ.დ"–ს ფსევდონიმით გაზეთ "ივერიის"1887 წლის N39–ში აქვეყნებს წერილს "კაი ხუმრობა!"რომელშიც გაკრიტიკებულია "კუდიანთ მოამბის" (ვინმე სამსონის), აშორდიას... საქმიანობა. ნ. დადიანი სწორედ აშორდიას შესახებ მსჯელობისას წარმოგვიდგენს თავის კონცეფციას:


"აშორდია ისე აშორდა თავის ვინაობას, რომ კუდიანების იფიაფასავით "სამარგალო საჩიარო" (სამდაბიო საუბარი) ცალკე ენად იოცნა და ახირებულ წისქვილივით "ჩალა მგელას" ფქვა დაიწყო, და ამიტომ როგორც აქ ოდიშს "სამღერელად" და საარაკებლად, ისე იქ ქართულს საკიცხველად და კუდიანთ მომლოცავის (იგულისხმება სამსონი) ეშმაკურ საწყევრად გახდა ჩვენის კუთხისათვის. ეგება ზოგმა არც კი იცოდეს, როგორც იმ "იფიაფის" მოენეს არ სცოდნია, ეგრისში, ოდიშში, სამეგრელოში, როგორც ახლა უძახიან, მეგრულად ქართულის ლაპარაკი არაფერის თავმომწონე ოჯახში არ იკადრებოდა, როგორც გადაქცეულის ქართულისა, სწორედ ისე იფიაფა, იწიაწა, ლეჯიქური, ანჩინური რომ არის, რომელზედაც ლაპარაკობენ ბიჭბუჭები საბურჭალოდ და არა სამეცნიეროდ, სასიტყვიეროდ და სადარბაისლოდ. განა ესეც ვერ შეუტყვია "ღაღადისს", რომ ყოველი გადაქცეულება ენისა ცალკე საუბნო ფერადია მისის განვითარებისა და არა სხვა, განთვისებული თავისთავადი ენა? მაგრამ რაღა იმას გავუმტყუვნო (სამსონს), როდესაც იმ აშორდიასაც დაუჯინია: ფიზიოლოგიური წესი უნდა შევშალოვო და ჯორს შვილი უნდა ვაშობინოვო და რადგან ქართველი "ჰო"–ვო გეტყვის, რომ დაგეთანხმება, მეგრელი "ქო"–ვო, გურული "ხო"–ვო, მთიული "ჰო"–ვო, იმერელი "კი"–ო და სხვა ყოველი კუთხე საქართველოსი თავისებურად გამოსთქვამს, ამის საფუძველსა ზედა მეგრელების "ზიტყვას" თავისი ასოები უნდა გამოესხას, თავისი სასწავლი "წინგი" (წიგნი) დაებადოს და თავისი რჯული "დაბადება" უნდა დაეწეროსო, თუნდ რომ იმავე ქართლელებმა სულ "არა, არა"–ო უძახონ, მეგრელებმა "ვარია, ვარ"–ო, იმერლებმა "ვერა, ვერა"–ო, გურულებმა "ვეი, ვეი"–ო უყვირონ მაინც. კაი ხუმრობაა!..


თუ ეს აშორდია მეგრელია მართლა, "ძალამი უგვარი მარგალი ჰყოფე". ანდა სწორად ვიტყვი: ძალიან უგვარო მეგრელი ყოფილა, რომ თავი არ სწოდნია და ბოლოს თავად მოსჭიდებია და არსებითი და ზედშესრული სახელი ისე აურევია, რომ მეგრელ-ქართველობის და თავ-ტანის არ გაეგება რა!..


ვინ არ იცის და რომელმა გაგებიანმა ქართველმა, რომ ეგრისელი ანუ მეგრელი ქართველები ოთხი საუკუნე მეტი ცალკე სამთავროდ ჩამოცილებული იყვნენ ძმათა და თვისთაგან, თავისთვის ცალკე განეგებოდნენ და განებჭობოდნენ;

მაგრამ იმ შინა განხეთქის უდროვო დროსაც არავის გულშიდაც არ გაუვლია ეს მწვალებლური ფიქრი, რომ ჩვენებურს "ჟღურტულს" ენობა ვუბოძოთ, ანბანი გამოვუხატოთ და მწერლობა დავულოცოთო, არავის უბრალო ბაასიც არ შეუბღალავს ამ გვარის განდგომილების წარმოთქმითაც; ისე როგორც დასაბამითგანვე ყოფილა, სამღვთო რჯულიც და საერო წესიც სრულდებოდა წმინდა ქართულს ენაზე და ვერც ერთი კუთხე საქართველოსი ვერ დაიჩემებს, იმოდენად განვითარებული სამოქალაქო, საბჭო სიტყვიერება ჰქონდეს, როგორც ეგრისის ქართველებს, მეგრელებს ჰქონდა; ვერც ერთი მაზრა ჩვენის ქვეყნისა ვერ წარმოადგენს უკეთესის სიწმინდით დაცულს დედა-ენას, როგორც აქ ოდიშს.

დღესაც არის და ვერც ერთს საქართველოს ნაპირებში ვერ მოსძებნი ისეთ მდიდარ წიგნთ–საცავებს და ძველ ახალ საბუთებს ჩინებულის ქართულის მწერლობისას, როგორც ჩვენი მეგრელების სახლებსა და საყდრებში. ვინ არ იცის და ან სადაურს ქართველსა აქვს საკითხავად, რომ აქ ყოველმა უწიგნო გლეხმა იცის, თუ რომელია მისი დედა ენა, მისი "საღვთო ენა", მისი მომნათვლელი, მისი სალოცავი, მისი მასწავლებელი, მისი დამმარხველი და "საკუბაქო ზიტყვას" (სანაბიჭვრო სიტყვას) უძახის იმ გადაბრუნებულს ქართულს, რომელსაც მეგრულს უწოდებენ და რომელიც როგორც კუდიანთ მწერალს, ისე აშორდიასაც ჰგონებია ცალკე განკუთვნი ენა არისო."


ამიტომ რომ არც ერთსა და არც მეორეს არ ჰსცოდნია, რომ მეგრული ქართული, იმერული ქართული, გურული ქართული, რაჭული ქართული, მთიული ქართული და სხვა ყველა ქართულია და არა მარტო: მეგრული, იმერული, გურული, რაჭული და სხვა ენები არ სცოდნია როგორც საქართველოს ნაწილებში სადაურები არიან და რაულად ლაპარაკობენ; არ ჰსცოდნია ისე არც ის, რომ ანტონ ჭყონდიდლები, გიორგები, ნიკოები და სხვა ეგრისის მესჯულენი, ქადაგნი, მწერალნი და წარჩინებულნი რა ენის მოძღვრები და რა ენის სასიქადულო მამები და შვილები არიან!..


...უმცოდინრად საქმის ხელყოფა ყველა დიდი სიმეტიჩრეა, მაგრამ ამ სიმსხო საქმისა, როგორც ერის გაჩენა და ენის შექმნა არის, იმოდენად თავხედი ბორგვა იქნება, რომ "სიბრძნე სიცრუვის" მეფე-ვეზირის თვალწინ დაგვიყენებს, "ღმერთობა და ანგელოზობა" რომ დაიჩემეს და ამის დასამტკიცებლად სასწაულად მხოლოდ ისღა შესძლეს, აუარებელის ცუდ-მადის ხრწილებისაგან ბილწი სუნი და მატლები გააჩინეს...


...ამ ხანად აქაურს სოფლებში ხალხის "ობირეშში" (სამღერელში) სალაღობოდ და სათრეველად მოშაირობენ აშორდიას საქმეზე და სახელზე ახალ მოდის სიმღერებს ღიღინებენ. აი რა ჰანგზე:


ქათამი არა – ქოთომი, ვაი, ვა!

ღუმუ ვთქვათ და არა ღომი, ვაი, ვა!

ასე ბძანე, აშორდია! ვაი, ვა!

სად გაიზარდე, "სორდია"? (სად იყავო?)

შორს ყოფილა, შორს წასულა...

ცხენის წყლის გაღმა გასულა...

გაუფონავს ამ წყლის ფონი,

დაუვლია დიდი ხონი!

ჩაუყლაპავს სემინარია,

უსწავლია ვით "წყარია".

ბრძენია და დიდი "ჭკვერი",

სულ მკითხველი, ერთობ მწერი!

ასე არის თურმე სრული!

მეგრულა იცის მეგრული!


ქართული დამწუნია,

იშ დარდი ვამიღუნია!

მარგალური შხვა არიო,

ქართული აში "ვარი"–ო!:

მარგალური ჭარუაო, ვაი-ვა!

ქი დიივჭყათ, ჯარუაო!


კაცი სხვაა, კოჩი სხვაო,

ზღვა? რა ვუყოთ, ისევ ზღვაო, ვაი-ვა!

ცას რა ჰქვია? ისევ ცაო,

თხა როგორ ვთქვათ? ისევ თხაო.

ქვეყანა? ოჰ! ქიჰყანაო,

დღე დღა, ყანაც კი ჰყუანაო,

ცხენი ცხენი, კვიცი კვიცი,

კვერცხი კვერცხი... სხვა არ იცი?

კატა კატუ, ლომი ლომი ვაი-ვა!


ბატი ბატი, ჭამე ჭკომი!

დედა დიდა, მამა მუმა,

ძმა ჯიმა სუ! და და–ჩუმა!


წახდა პარასკევის წყევლა!...

"ჯორმა ვერც შვა ვერც იწველა",

"აბა მუჭო აშორდია",

ქართულმა სულ თან რომ გდია!

მირბი და ვერ აშორდია,

ვიშორექო, აშორდია!


აშორდია, წყარი კაკი...

ჩიქორთული ვიშო მაქი!

"ვარია", მარა "ქოთია"!

ვიშოთია, აშოთია!


"ახლა დამაბოლოვებინეთ ამ ვედრებით: განუმარტეთ აშორდიასა და მისთანათა, რომ აქაურ ქართველს ჰქვია ეგრისელი ქართველი; მაგრამ ქართულ ენას წესადა აქვს, როცა ადგილის სახელი ასე დაბოლოვდება: ისი, ეთი, მაშინ იქაურის კაცის სათემო ადგილობრივს დასახლებაში ადგილის წოდებას ბოლო ისი და ეთი აღარ შერჩება, მაგალითად როგორც ქუთაისი-ქუთათელი და არა ქუთაისელი, რუისი-მროველი და არა რუისელი, ეგრისი-მეგრელი და არა ეგრისელი, მანგლისი-მანგლელი და არა მანგლისელი და სხვა..."

მეგრელი ნ.დ. – "კაი ხუმრობაა!"

(გაზეთი "ივერია", 1887, 22 თებერვალი, N39, გვ.3.)

0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0