საზოგადოება გოდერძი ჩოხელის 15 გენიალური გამონათქვამი 2022, 28 მარტი, 14:46 იხილეთ გოდერძი ჩოხელის 15 გენიალური გამონათქვამი: 1."ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი." 2."დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის." 3."სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს." 4."სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებს..." 5."ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია." 6.''ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.'' 7."რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ - ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს." 8."სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ - მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ - მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!!" 9."როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა - სიყვარული!" 10."სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული." 11."მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად." 12."ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული" 13."სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა.." 14."დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს." 15."ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში." 641 1-ს მოსწონს
|