სხვა ცნობილი ქართველები, რომლებიც ტუბერკულოზმა იმსხვერპლა 2022, 24 მარტი, 11:15
24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ( 1882 წლის 24 მარტს რობერტ კოხმა აღმოჩინა დაავადების გამომწვევი ჩხირი)ამ ვერაგმა დაავადებამ საუკუნეების მანძილზე მილიონობით ადამიანი შეიწირა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია, მაინც ყოველწლიურად ამ სენით 9 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება და მილიონზე მეტი იღუპება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა(95%) მესამე სამყაროს ქვეყნებზე მოდის.
დღეს ჩვენ გავიხსენებთ იმ ცნობილ ქართველებს, რომლებიც ამ ვერაგ სენს შეეწირნენ. სოლომონ დოდაშვილი-(დაბ.1805 წ)-ქართველი მეცნიერი და უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ფილოსოფოსი, მარავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომის ავტორი ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.დიდი ეროვნული მოღვაწე და 1832 შეთქმულების მონაწილე, ჭლექით დაავადდა ვიატკაში, სამუდამო გადასახლებაში. გარდაცივალა 1836 წლის 20 აგვისტოს 31 წლის ასაკში, ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებით, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე სოლომონ დოდაშვილი დანებდა ავადმყოფობას. მან ერთი კვირა ლოცვასა და სულიერ სიმშვიდეში გაატარა.მისი ნეშტი ვიატკიდან 1994 წელს გადმოასვენეს საქართველოში, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. მაიკო ორბელიანი-(დაბ.1816წ.) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი იყო. მაიკოს მამა-ქაიხოსრო და ნიკოლოზის დედა- ეფემია ორბელიანი - ძმების გიორგი და ზურაბ ორბელიანების შვილები იყვნენ.მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი წერილებით ტატოს და მაიკოს სულიერი სიახლოვე ყველაზე ძალუმად იგრძნობა: "„შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. ...თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ“.-ასე მიმართავს 25 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი 26 წლის ლოგინად მყოფ მეგობარსა და გულის მესაიდუმლე მაიკო ორბელიანს 1842 წელს. დაავადმყოფებული და კაეშანში ჩაფლული არისტოკრატი ახალგაზრდა ქალი არ მიატოვა შეყვარებულმა (ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარმა) ლევან ივანეს ძე მელიქიშვილმა (1818-1892), თუმცა მაიკო ავადმყოფობის გამო ცოლობაზე და ეკლესიაში ჯვრისწერაზე უარს ეუბნებოდა. მაიკოს ერთი ძმა-მიხეილიც (1814-1846) ტუბერკულოზით იყო დაავადებული, მას თმები ადრეულად გასცვივდა და მაიკოს „ქაჩალ ძმას“ ეძახდნენ. ეს კი ლევან მელიქიშვილის წერილია, რომელიც მაიკოს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნია სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან: „ჩემის საცოლის მაიკო ორბელიანის გართულებული ავადმყოფობა არის მიზეზი, რომ აქამდე ვერ მოვახერხე აქედან წამოსვლა.ჩემდა საუბედუროდ მისი ჯანმრთელობა ისეთია, რომ სიზუსტით არ ძალმიძს მოვახსენო თქვენს აღმატებულებას თუ როდის შევძლებ გამოცხადებას ჩემს ადგილზე. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს აღმატებულებას ფორმალურ შვებულების გარეშე დამრთოთ ნება დავრჩე აქ ჩემი საცოლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე“ (1849 წელი). მაიკო ორბელიანი გარდაიცვალა 33 წლის, 1849 წელს. აქვე ვახსენებთ ჭორს, რომელიც მაიკო ორბელიანის გარშემო გაჩნდა ბოლო წლებში, თითქოსდა 1837 წელს, საქართველოში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორს- ნიკოლოზ პირველს (კოჯრის ტყის ციხე-დარბაზში) 21 წლის ულამაზესი მაიკო ორბელიანი საწოლში მიჰგვარეს, თუმცა რეალურად ამ ფაქტის დამადასტურებელი არცერთი იმ დროინდელი დოკუმენტი არ მოიპოვება. დანიელ ჭონქაძე-(დაბ 1830წ) ქართველი მწერალი, სასულიერო ლიტერატურის ოსურ ენაზე მთარგმნელი, რუსულ-ოსური ლექსიკონის შემდგენელი. საყოველთაოდ ცნობილი "სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობის - „ვინ არის დამნაშავე“ - წერა. ამ ნაწარმოებშიაც მას ყმისა და ბატონის ურთიერთობა ჰქონდა გამოხატული. გარდა ამისა, დანიელ ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნამუშევრებს. მწერლის ანდერძიდან ირკვევა, რომ მას თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, ეს ნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი. გარდაიცვალა 1860 წელს 30 წლის ასაკში. ჭოლა ლომთათიძე-(დაბ.1879წ) ქართველი მწერალი, სოციალ-დემოკრატი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან. ქართველი მწერალი, სოციალ-დემოკრატი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან. სამწერლობო ასპარეზზე ჭოლა ლომთათიძე გამოვიდა 1901 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“ 1906 წელს, დამსჯელმა რაზმმა ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში იმყოფებოდა და იმალებოდა ბიძის, ლავრენტის სახლში. მასთან ერთად იყო ასევე რევოლუციონერი და დევნილი იოსებ ჯუღაშვილი, ისინი ტყეში გაიხიზნენ, სადაც ერთი კვირა დაჰყვეს, სურსათ-სანოვაგით მათ ჭოლას ბიცოლა ლასე ამარაგებდათ. 1907 წლის 2 თებერვალს ჭოლა ლომთათიძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის დეპუტატად აირჩიეს ქუთაისის გუბერნიიდან. იმავე წლის 3 ივნისს მთავრობამ სათათბირო დაითხოვა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 55 წევრი, მათ შორის ჭოლა ლომთათიძეც, გაასამართლეს. მიუსაჯეს 5 წლიანი კატორღა, მაგრამ ჭლექით ავადმყოფობის გამო შვიდნახევარი წლის პატიმრობით შეუნაცვლეს.სწორედ ამ პერიოდში იქმნება ნაწარმოებები:„სახრჩობელას წინაშე”, „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“, „დუმილი“, „მოღალატე“, „უბედური“ და სხვა. 1912 წელს მძიმედ დაავადებული ჭოლა ლომთათიძე მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს, 36 წლის ასაკში. ლესია უკრაინკა-(დაბ.1871წ.-)(ნამდვილი სახელი ლარისა კოსაჩი) თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს დავით გურამიშვილივით, უკრაინის და საქართველოს ერთობლივ შვილად, რადგან დიდმა პოეტმა სიცოცხლის მნიშვნელობანი და უკანასკნელი წლები საქართველოში გაატარა და აქვე შექმნა უამრავი შესანიშნავი ნაწარმოები, მოირა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და აქვე გარდაიცვალა სურამში 1913 წლის 1 აგვისტოს 42 წლის ასაკში. შალვა კარმელი(გოგიაშვილი) (დაბ.1899წ)-ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელი", ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1918-19 წლებში თბილისში ცხოვრობდა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ცხოვრობდა ამჟამინდელ გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციან ტაბიძის მახლობლად. 1921 წელს შალვა კარმელი აირჩიეს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად და ამავე წელს იგი ოფიციალურად შედის "ცისფერყანწელთა" ორდენში, როგორც ნამდვილი წევრი. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "საქართველო", "სამშობლო", "მეოცნებე ნიამორები", "ბარიკადი" "რუბიკონი" და ა.შ. 1921 გამოვიდა შალვა კარმელის პირველი წიგნი "ბაბილონი", გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: "აპოკალიფსის ცხენები" და "თეთრი გიორგი". ეს ორი გამოსაცემად გამზადებული წიგნი შალვა კარმელის გარდაცვალების შედეგად გამოუცემელი დარჩა და ინახებოდა რაჟდენ გვეტაძესთან. გვეტაძის გარდაცვალების შემდეგ წიგნები უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჭლექით დაავადებული მკურნალობდა აბასთუმანში, იქვე გარდაიცვალა 1923 წლის იანვარში, პოეტი 24 წლის იყო. ლადო ასათიანი(დაბ. 1917 წ.) მე-20 საუკუნის უდიდესი პოეტი უკანასკნელი მსხვერპლი იყო ამ ვერაგი დაავადების.რადგან 1940-იანი წლების ბოლოს მსოფლიო უკვე ითვისებს და მასობრივად ამზადებს მსოფლიოში პირველ ანტიბიოტიკს-ბენზინპენიცილინს, რომელმაც არა მარტო ტუბერკულიოზი, არამედ სხვა უამრავი აქამდე განუკურნებელი ინფექციური დაავადებები დაამარცხა, პოეტს მხოლოდ რამდენიმე წელი დააკლდა.გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს, იგი 26 წლის იყო, თუმცა დაგვიტოვა ისეთი შედევრები, როგორიცაა "სალაღობო"(ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი..")"კრწანისის ყაყაჩოები", "არ ვიცი ასე რამ შემაყვარა", "საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი", "გიმზერ და მჯერა", "მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის და მრავალი სხვა. 846 4-ს მოსწონს
|