x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მილიციელის და პატიმარის შურისძიება გაუპატიურებისთვის ციხის ჯალათ ზედამხედველებზე-კრიმინალური არქივიდან
image

სტატიაში ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია გასაგები მიზეზების გამო



3 ოქტომბერი, 1979 წელი

თბილისის „დინამოს“ სტადიონზე რომ „დინამო“–„ლივერპულის“ თამაში დასრულდა, რომელშიც ქართველებმა სახელოვანი ინგლისური გუნდი 3:0 გაანადგურეს, სტადიონზე მყოფი 100 ათასი ფეხბურთის ქომაგი სტადიონიდან გარეთ გამოვიდა და ჭიანჭველებივით მოედვნენ წვიმიან ქალაქს.
კმაყოფილი ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად მიემართებოდნენ სახლებისკენ, თან ემოციურად იხსენებდნენ სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულებული მატჩის პერიპეტიებს, რამაც მათ უდიდესი სიამოვნება მიანიჭა.



ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში იყო სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, თბილისის მილიციის სამმართველოს კაპიტანი ლევან ცეცხლაძე. სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ლევანი, რომელსაც ტაბელური „მაკაროვი“ ქამარზე ჩამოკიდებულ კაბურაში ედო და პულოვერით ჰქონდა დაფარული, ფეხბურთის თავგამოდებული გულშემატკივარი გახლდათ და მიუხედავად იმისა, მუშაობდა თუ არა, თბილისის „დინამოს“ არც ერთ თამაშს არ აცდენდა. იმ ისტორიული თამაშის დღეს ლევანი მორიგე არ იყო და სტადიონიდან სახლში მიდიოდა. კაპიტანი ცეცხლაძე ვორონცოვზე ცხოვრობდა და პლეხანოვის გამზირი უნდა გაევლო. შუა გამზირზე, ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული „ასობნიაკის“ ქვეშ კაპიტანი შედგა, რომ სიგარეტისთვის მოეკიდებინა. უცებ მას თავში რაღაც დაეცა. კაპიტანი რომ ასფალტზე დავარდნილ ნივთს დააკვირდა, გაოგნდა... ქუჩაში ადამიანის მოჭრილი ხელის მარცხენა მტევანი ეგდო.




კაპიტანმა ლევან ცეცხლაძემ ზემოთ აიხედა და უცებ, მესამე სართულის ღია შუშაბანდიდან უკვე მარჯვენა მტევანი გადმოვარდა. ლევანმა მყისვე გამოთვალა გონებაში იმ ბინის მდებარეობა, საიდანაც ადამიანის მტევნები ცვიოდა, შემდეგ ხალხის ნაკადი გაარღვია, სადარბაზოში შევარდა და პისტოლეტმომარჯვებული აიჭრა მესამე სართულზე... მან ჯერ ხის კარს მიადო ყური და შეეცადა გაეგო, რა ხდებოდა შიგნით. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, გამოქანდა, მასიურ კარს მთელი ძალით დაეჯახა მხრით და შეანგრია... ნახევარი წუთის შემდეგ მილიციის ინსპექტორს ოცდაათიოდე წლის ათლეტური აღნაგობის მამაკაცი ჰყავდა გაკოჭილი, რომელსაც დაკავებისას მისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. დიდი მოცულობის ოთახში კი დანაწევრებული, შიშველი მამაკაცის სხეულის ნაწილები ეყარა და სისხლის გულისამრევი სუნი იდგა.
კაპიტანმა ტელეფონით მილიციის სამმართველოში დარეკა და მორიგე ჯგუფი გამოიძახა, რომელიც 20 წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე...


„67-ის“ ჯოჯოხეთი



ბინა, სადაც ლევან ცეცხლაძემ ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დააკავა, ვინმე გუგული ხუხიას ეკუთვნოდა. 50 წლის ხუხია მარტოხელა გახლდათ, თბილისში ხუთიოდე წლის წინ დაბრუნდა მოლდავეთიდან და იქ ჩასახლდა. როგორც ძიებით დადგინდა, „ასობნიაკში“ აღმოჩენილი ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები სწორედ გუგული ხუხიას ეკუთვნოდა. იქვე იქნა ნაპოვნი სამართებელივით ალესილი ხანჯალი, შპრიცი და მორფის ცარიელი ამპულები, რომელიც ხუხიას მკვლელმა მოიხმარა. გუგული ხუხიას მკვლელი კი 29 წლის ევგენი პავლოვი იყო. ის რომ მილიციის სამმართველოში მიიყვანეს, მორფინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ჩვენება არ ჩამოურთმევიათ. თუმცა, არ უარყოფდა, რომ ხუხია სწორედ მან მოკლა და იმეორებდა: „ის ბილწი, დამპალი ადამიანი იყო და სიკვდილს იმსახურებდა“.
მეორე დღეს, გამოფხიზლებულმა ევგენი პავლოვმა ჩვენება დაწერა, რომელშიც თავისი ქმედებების მოტივი იყო აღწერილი. პავლოვი წერდა, რომ 14 წლის წინ ის მოლდავეთში, არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მაშინ იქ გუგული ხუხიაც მუშაობდა ზედამხედველად და მას სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაც შურისძიების მოტივი გახდა.
პავლოვის ჩვენება ცეცხლაძემ რომ წაიკითხა, ლამის გული გაუსკდა, რადგან ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა. თუმცა, თავი მოთოკა და გამომძიებელს, ვისაც მკვლელობის საქმე მიჰყავდა, სთხოვა:
– შეიძლება, პავლოვი ვნახო?
– რაში გჭირდება?
– „პროსტო“.
– კი, ბატონო, ნახე, ქვევითაა, „კაპეზეში“, მე რას მეკითხები?
– მაინც, არ გაუტყდეს-მეთქი, ხომ იცი, რომ კოლეგიალობა უნდა დაიცვა, – მიუგო ცეცხლაძემ კოლეგას და თბილისის მილიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში ჩავიდა. იქ მხოლოდ გუგული ხუხიას მკვლელი, ევგენი პავლოვი იყო მოთავსებული.
პავლოვი ნარზე იყო წამოწოლილი და ცეცხლაძეს, რომელიც უმალვე იცნო, ირონიულად უთხრა:
– სუპერმილიციელს, ჩემს დამჭერს ვახლავარ.
– გამარჯობა, პავლოვ! – მიუგო ლევანმა, მაგიდაზე ამერიკული „მარლბოროს“ ბლოკი დადო და უთხრა, – ეს შენ.
– ამ გრევს მერჩივნა, არ დაგეჭირე, თუმცა, არც ესაა ურიგო, – თქვა პავლოვმა და სიგარეტი გააბოლა, – ნაღდი ამერიკული „მარლბოროა“, მაგარია. ტყუილად არ მომიტანდი. თქვი, რა გინდა.
– შენ „67-ში“ იჯექი თხუთმეტი წლის წინ?
– კი. მერე შენ რა?
– ხუხია რატომ მოკალი?
– იმიტომ, რომ ღირსი იყო. მე ხომ ეს ჩვენებაში დავწერე. ვაღიარებ დანაშაულს. მეტი რა გინდა?
– კონკრეტულად რა დაგიშავა?
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დამიშავა. ახლა კი წადი. შენთან ლაპარაკი არ მინდა.
– მომისმინე, პავლოვ. აქ, მე სერიოზული საქმისთვის მოვედი. არ იფიქრო, რომ შენი დამცირება მინდოდეს, ან ბოროტი ზრახვები მამოძრავებდეს.
– აბა, რა გინდა?
– ჩემი ძმის ამბის გაგება მინდა.
– შენი ძმის? – მხრები აიჩეჩა პავლოვმა, – მერე, მე რა შუაში ვარ?
– ჩემი ძმა შენსავით თოთხმეტი წლის წინ „67-ში“ იჯდა, ხოლო იქიდან რომ დაბრუნდა, ზუსტად ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. საცოდავი, მე თვითონ ჩამოვხსენი. მაშინ ის, სულ რაღაც, 16 წლის იყო, მე კი – ჩვიდმეტის.
ცეცხლაძის სიტყვებზე პავლოვი გაფითრდა და ლევანი ყურადღებით შეათვალიერა. შემდეგ თვალები მოჭუტა, გაახილა და ჰკითხა:
– შენს ძმას რა ერქვა?
– ნოდარ ცეცხლაძე.
– მეტსახელად „კბილას“ ხომ არ ეძახდნენ?
– კი, – მიუგო გაფითრებულმა ლევანმა მასზე მეტად გაფითრებულ პავლოვს, რომელსაც ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა და მწარედ აქვითინდა. როცა დამშვიდდა, ცრემლი შეიმშრალა და ლევანს პირქუში სახით უთხრა:
– ახლა ისეთ რამეს მოგიყვები, რასაც არავის არასოდეს ვეტყოდი, მით უმეტეს, ძაღლს, მაგრამ, რადგან კბილას ძმა ხარ, შენ გეტყვი. ეჰ, საცოდავი ნოდარი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ის ნამდვილი ვაჟკაცი იყო და მისნაირები თითზე ჩამოსათვლელები არიან, – პავლოვმა პაუზა გააკეთა, გააბოლა და განაგრძო, – ზონა „67“ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო მოღალატეებისთვის. ის ქალაქ კიშინოვიდან 67 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა და „67“ იმიტომ შეარქვეს. მე იქ ბინის გაქურდვის გამო ვიჯექი და ხმამაღლა ვაცხადებდი, ქურდობა მინდა-მეთქი. ამიტომ გადამეკიდნენ და ერთ საშინელ დღეს გუგული ხუხიამ, ვასილ ნოვაცკიმ და სიმონ ზეიალოვმა ძალით გამაუპატიურეს, თან კინოკამერით დამაფიქსირეს და გაბაზრებით მემუქრებოდნენ, თუკი მათთან არ ვითანამშრომლებდი. მე მათ ფორმალურად დავეთანხმე. სინამდვილეში კი გაქცევას, შურისძიებასა და ბოლოს თვითმკვლელობას ვაპირებდი. ერთი კვირის შემდეგ ხუხიამ და ზეიალოვმა თავისთან მიხმეს და შენი ძმის მოკვლა დამავალეს. მე ის თავში არმატურის ჩარტყმით უნდა მომეკლა. როგორც ხუხიას და ზეიალოვის საუბრიდან მივხვდი, მათ ეს მკვლელობა ვიღაც მილიციის პოდპოლკოვნიკმა, სიმონიჩმა შეუკვეთა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე ეს ყველაფერი კბილას მოვუყევი და გადავწყვიტეთ, პაბეგი აგვეწია, მაგრამ გაგვშიფრეს. ოთახში გამოგვამწყვდიეს და ორივე გაგვაუპატიურეს.
– ნოდარი, ჩემი ნოდარიც? – დაიღმუვლა ლევანმა და სიმწრისგან გაფითრდა.
– კი. კბილა ხუხიამ და ზეიალოვმა გააუპატიურეს, სცემეს და ცივი დუშის ქვეშ შეაგდეს, კინოფირზე გადაიღეს და დააშანტაჟეს. თუმცა, ორი კვირის მერე ნოდარი მოულოდნელად გაათავისუფლეს. მას მერე არ მინახავს და არც ვიცოდი, თუ ცოცხალი არ იყო. მე კი, მას მერე კიდევ ცამეტი წელი გავატარე სროკზე, რადგან ორჯერ დამიმატეს და მხოლოდ შარშან გავთავისუფლდი. შურისძიებას შევუდექი და ჯერ ნოვაცკი მოვკალი, რომელიც კიშინოვში ცხოვრობდა, თბილისში ხუხიას მოვუღე ბოლო და ზეიალოვის მოხელთება ვერ შევძელი, რადგან ამაში შენ შემიშალე ხელი.
– აი, თურმე, რატომ მოიკლა თავი ჩემმა ნოდარმა, – იმეორებდა ლევანი და ბოლოს თქვა, – სიმონიჩიც ვიცი, ვინაა. ის ნაძირალა, ნატო გულიას მამამთილია. ჩემი ნოდარი კი სწორედ ნატოს გამო გასროკეს. აი, ახლა კი მთელი ეს ჯაჭვი გავშიფრე და ნახონ, რა დღეში ჩავყრი.
– ნატო გულია და მისი სიმამრი ვინღა არიან ან შენი ძმა რის გამო გასროკეს?
– ნატო მისი საცოლე იყო. ერთ საღამოს ვაკის პარკში სეირნობდნენ, სადაც მათ სამი ბიჭი დაესხა თავს. აიწია ჩხუბი და ნოდარმა სამივე თავდამსხმელი სცემა, ერთ-ერთი კი დანით მუცელში დაიჭრა. თუმცა, დანა ერთ-ერთ თავდამსხმელს ჰქონდა. ნოდარი მხოლოდ თავს იცავდა და თავდამსხმელი თავის დანას წამოეგო. ერთი სიტყვით, ნოდარი 5 წლით გასროკეს და ახლაღა ვხვდები, რომ ის თავდასხმაც, ისევე, როგორც ზონაში შეკვეთილი მკვლელობაც, სიმონიჩის, იგივე თამაზ სიმონის ძე კრუაძის მიერ იყო ორგანიზებული. მის შვილსაც უყვარდა ნატო და როგორც კი ჩემმა ძმამ თავი მოიკლა, კრუაძეებმა ნატო გულია ხელში ჩაიგდეს და ის ახლა სიმონ კრუაძის ცოლია, – უთხრა ლევანმა პავლოვს და ჰკითხა: – სიმონ ზეიალოვი სადღა ცხოვრობს?
– ქუთაისში.
– კარგი. სულ მალე თბილისსა და ქუთაისში საზარელი მკვლელობები მოხდება, რომლებიც ქვეყანას აალაპარაკებს, – თქვა კაპიტანმა ცეცხლაძემ, პავლოვს შეხედა და ჰკითხა,
– დამეხმარები?
– სიამოვნებით, მაგრამ აქედან რა შემიძლია?
– სულ მალე აქედან გახვალ, – მშვიდად, ცივი ხმით მიუგო ლევანმა ევგენი პავლოვს და საკნიდან გავიდა...



გაქცევა და საზარელი მკვლელობები



1979 წლის 29 ნოემბერს ევგენი პავლოვი უმაღლესი სასამართლოს შენობის ტუალეტიდან გაიქცა, რომელიც მას მილიციის აწ უკვე მაიორმა ლევან ცეცხლაძემ მოუწყო. მაიორობა კი ლევანმა პავლოვის დაკავებისთვის მიიღო. ის წინასწარ შეიპარა პატიმრებისთვის განკუთვნილ ტუალეტში და გისოსები ჯერ გადახერხა, შემდეგ კი ოსტატურად შენიღბა. იქვე თოკი დატოვა, გაქცეულ პავლოვს არსენას ქუჩაზე მანქანით დახვდა და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა გლდანის მშენებარე მიკრორაიონში.
– ორიოდე კვირა აქ იყავი, მომაგრდი. მერე კი მაგათი სისხლი დავლიოთ, – უთხრა პავლოვს ლევან ცეცხლაძემ და წავიდა.
1979 წლის 16 დეკემბერს თბილისში, ვაკის ერთ-ერთი პრესტიჟული საცხოვრებელი სახლის ხუთოთახიან ბინაში 63 წლის მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი თამაზ სიმონის ძე კრუაძე, იგივე „სიმონიჩი“ მოკლეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა მასიურ, ბროლის ჭაღზე პირქვე დაკიდებული, შიშველი კრუაძის გვამი აღმოაჩინა, რომელსაც ღრმა ჭრილობები ჰქონდა მთელ სხეულზე. ჭრილობებს შიგნით კი ეგრეთ წოდებული სამეფო წურბელები მიკრულიყვნენ და რომლებიც გამალებით სწოვდნენ სისხლს...
ზუსტად ორი კვირის შემდეგ, 1979 წლის 30 დეკემბერს, ქუთაისის ერთ-ერთი უბნის კარ-მიდამოში, ზეიალოვის კერძო სახლში საახალწლო მზადება მიმდინარეობდა. ქალები სხვადასხვა კერძს ამზადებდნენ, ბავშვებს ეძინათ, ხოლო სიმონ ზეიალოვი ღობესთან იჯდა, სიგარეტს აბოლებდა და დროდადრო შამფურზე წამოცმულ გოჭს ატრიალებდა. ბნელდებოდა. გოჭი თითქმის შემწვარი იყო და ოჯახის უფროსს ის იყო სახლში უნდა შეეტანა, როცა ღობეზე გადმომდგარმა ლევან ცეცხლაძემ მას თავში მუშტი ჩაარტყა და გათიშა. შემდეგ ევგენი პავლოვის დახმარებით ზეიალოვი ასწიეს, ღობეზე გადაათრიეს, მანქანაში ჩააგდეს და ქუთაისის მახლობლად, ხშირ ტყეში უკრეს თავი...
1979 წლის 31 დეკემბერს, 43 წლის ანზორ ბუცხრიკიძეს, რომელიც ფიჩხის შესაგროვებლად შევიდა ტყეში, იქ საზარელი სურათი დახვდა. ერთ-ერთ უზარმაზარ ხეზე შიშველი მამაკაცი სოლებით იყო მიჭედებული პირით ხისკენ. სხეულზე საშინელი წამების კვალი აჩნდა, ხოლო უკანალში ერთი მეტრის სიგრძის წვეტიანი არმატურა ჰქონდა შერჭობილი, რომელიც მუცელში გასულიყო...
მაიორი ლევან ცეცხლაძე 1980 წლის 10 იანვარს პროკურატურაში მივიდა, ჩაბარდა მათ და დანაშაული აღიარა. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, მოგვიანებით, სასჯელი 15 წლის პატიმრობით შეუცვალეს და ურალში გაუშვეს ეტაპით. ის 1992 წელს ვადაზე ადრე გამოუშვეს და დღეს რუსეთში ცხოვრობს.
ევგენი პავლოვი კი ზეიალოვის მკვლელობის შემდეგ სოჭში გაემგზავრა. 1980 წლის 9 იანვარს, ის სასტუმრო „მოსკვას“ ლუქსის ნომერში მკვდარი აღმოაჩინეს. პავლოვი ცხელ აბაზანაში იწვა და ვენები ჰქონდა გადაჭრილი. გაკვეთამ ცხადყო, რომ მას მორფი ჰქონდა დიდი დოზით გაკეთებული.



ჟურნალ "თბილისელების" არქივიდან


image

ასევე იხილეთ


საპირველაპრილო ხუმრობა 1968 წლის 1 აპრილი ორშაბათი დღე იყო და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ოფიციალურად არ იყო მიღებული მსოფლიო სიცილის დღის აღნიშვნა, მოსკოვის კინოსტუდია მოსფილმში სწორედ საპირველაპრილო ატმოსფერო სუფევდა. საქმე კი ის იყო, რომ ზუსტად დილის 9 საათზე კინოსტუდიის პავილიონ &su...


70-80-იან წლებში ეს ქალი შემნახველი სალაროების ნამდვილი რისხვა იყო. და მაინც, მას რუკაზე ერთი ადგილი ძარცვისთვის აკრძალულ ზონად მიაჩნდა. საუბარია, მოსკოვზე. დამნაშავე აქ დასასვენებლად და კიდევ ერთგვარი რიტუალის შესასრულებლად ჩადიოდა, რომელიც მას იღბალს დააბედებდა. ჯერ მიდიოდა პეტროვკა 38-ში -(შენიშვნა :სადაც მდებარე...


ზუსტად 68 წლის წინ, 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს ლავრენტი ბერია. დაკავების დღიდან (1953 წლის 26 ივნისი)დახვრეტამდე, ლავრენტი ბერია თითქმის 6 თვე იმყოფებოდა სატუსაღოში, ამ ხნის განმავლობაში ბერიასთან უშუალოდ მიმაგრებული იყო თავდაცვის ოლქის შტაბის ყოფილი კომენდანტი, პოლკოვნიკი მიხეილ ხიჟნიაკი. სწორედ მისი მოგონებ...

1
1612
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1612
  
2022, 20 მარტი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1