x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
74 წლის "პრობაციონერი" ბებოს ისტორია

image

"კვირაში ერთხელ, ამ ხნის ქალი "პრობაციაში " დავდივარ. ამას რას მოვესწარი?! ისე მრცხვენია, აღარ ვიცი, სად დავიმალო, სამშობიაროდანაც წამოვედი, სადაც წლები ვმუშაობდი. ჩემი ქალიშვილი 50 წლისაა, მუსიკოსი და ისიც სირცხვილით იწვის, მაგრამ ყველა, ვინც ჩვენს გარშემოა, გვიცნობს და მამშვიდებს... ღმერთის არსებობის მჯერა, სამართალი ოდესღაც აღდგება! დასაკარგი აღარაფერი მაქვს, მაგრამ მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა სხვა საქართველოში იცხოვრონ!”
74 წლის ქალბატონ თამარ გლარჯაძეს დღემდე ვერ გაურკვევია, რა დააშავა... ის დეტალურად ყვება ქართული სამართლის სიმახინჯეებზე და მომავალში სამართლის აღდგენისთვის ბრძოლას აპირებს.

- 1999 წელს, თინათინ მუმლაძემ, 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ნაძალადევის რაიონში მდებარე 20 კვ.მ-იანი ბინა გადმომცა. მინდობილობა, რომლის ძალითაც უფლება მქონდა, რომ თუკი თინათინ მუმლაძე ამ ორი ათას დოლარს ერთ წელიწადში არ დამიბრუნებდა, ბინა გამეყიდა, ან გამეჩუქებინა, ნოტარიუსმა დაამოწმა. თინათინ მუმლაძეს ფული ამერიკაში წასასვლელად სჭირდებოდა, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, შესაბამისად, არც ფული დამიბრუნა... სამშობიაროში ვმუშაობდი, სადაც 2010 წელს თინათინ მუმლაძის ძმამ მომაკითხა და მითხრა, ბინა მომყიდეო, მაგრამ ბინა ჩემზე არ იყო გაფორმებული და როგორ მივყიდდი? მოკლედ, უარით გავისტუმრე და გადავწყვიტე, ბინის გადაფორმების საქმე მომეგვარებინა. ადვოკატის ძებნა დავიწყე. მირჩიეს, ლეილა თავამაიშვილთან მივსულიყავი, რომელსაც მინდობილობა და, საერთოდ, ყველა საბუთი მივეცი. მისგან რჩევასა და საქმის მოგვარებას ველოდი, მაგრამ 6 თვის განმავლობაში, მომსახურებაში, 2 ათასი ლარი გამომართვა, რეალურად კი, საქმეს წინ არ წაუწევია და გადავწყვიტე, ამ ადვოკატთან ურთიერთობა გამეწყვიტა, მაგრამ შემომთავაზა, რომ ერთ პიროვნებას ათქმევინებდა, თითქოს თინათინ მუმლაძის წარმომადგენელი იყო, ბინის გადმოფორმების ნებას წერილობით დამრთავდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან სამართლის პოვნა სიცრუით არ მინდოდა. შემდეგ, ამ ადვოკატმა მოძებნა ვინმე ნანა მუმლაძე, რომელსაც თინათინ მუმლაძესთან ნათესაური კავშირი, მართლაც, ჰქონდა და ამ შემოთავაზებაზე დავთანხმდი... ამის შემდეგ, რეესტრში წავედი, სადაც, პოლიციასთან ერთად, დავით მუმლაძე დაგვადგა, სკანდალი ატეხა და მე და ჩემს ქალიშვილს ბრალი თაღლითობაში დაგვდო. ისე, არ ვიცი, მუმლაძეს ვინ გააგებინა, რომ რეესტრში ვიყავი...

ამასობაში, ნანა მუმლაძე სხვა საქმეზე დაიჭირეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მე და ჩემი ქალიშვილი დაგვიბარეს პოლიციაში, ბრალი თაღლითობის მუხლით წაგვიყენეს და მომთხოვეს, დაწვრილებით დამეწერა, რა და როგორ იყო. დასამალი არაფერი მქონდა და ყველაფერი მოვყევი, ჩვენება ჩაიწერეს და შინ გამოგვიშვეს. შემდეგ, ჩვენი საქმე სხვა გამომძიებელს, ვინმე ყიფიანს გადაეცა, რომელმაც მე და ჩემი ქალიშვილი ისევ პოლიციაში დაგვიბარა. მასაც ვუთხარი, რომ არანაირი თაღლითობის დამგეგმავი და მონაწილე არ ვიყავი... ჩემს ქალიშვილს დააწერინა, თითქოს არ იცოდა, თუ რას ვაკეთებდით და ამ ნაწერზე ხელი მოაწერინა. მე კი, ხელი არ მოვაწერე, რადგან ხელი რომ მომეწერა, გამოდიოდა, დანაშაულს ვაღიარებდი და ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ყიფიანმა ისევ დამიბარა და თუ დანაშაულს არ ვაღიარებდი, დაჭერით დამემუქრა, მაგრამ ჩვენებაზე ხელი მაინც არ მოვაწერე და პოლიციიდან წამოსვლა დავაპირეთ, მაგრამ... მე და ჩემი ქალიშვილი პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ სასამართლოში გადაგვიყვანეს, სადაც გვითხრეს, რომ ჩვენს უფლებებს სახაზინო ადვოკატი, ვინმე მოსულიშვილი დაიცავდა, რომლის ძირითადი ფუნქციაც ჩემი აღიარების მოპოვება იყო, მაგრამ გავიძახოდი, არ ვარ დამნაშავე და ტყუილი როგორ ვთქვა-მეთქი.

სამი სასამართლო გამართეს. ბოლოს, ჩემი ქალიშვილი დაიჭირეს და 7 წელი მიუსაჯეს. ადვოკატი მოსულიშვილი შინ მომადგა და აღიარებას მთხოვდა, რის სანაცვლოდაც საპროცესო გარიგებას მთავაზობდა... შვილიშვილები ტიროდნენ და მთხოვდნენ, "საპროცესოზე" დავთანხმებულიყავი. ჩვენ ოჯახს პოლიციის კარზეც კი არ დაუკაკუნებია და რა უნდოდა ჩემს შვილს ციხეში?.. მოკლედ, რაღა უნდა მექნა, საპროცესო გარიგებაზე დავთანხმდი და ვაღიარე, რომ თითქოს თაღლითობის მონაწილე ვარ. როგორღაც 8 ათასი გადავიხადეთ .

– ქალბატონო თამარ, ბოლოს ბინა წაგართვეს?

– ბინას 2015 წლამდე ყადაღა ადევს. იმ უბედურების მერე, რაც გადავიტანე, თავიდან იჩივლა დავით მუმლაძემ და ითხოვს ბინას და იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც თითქოს ბინის ჩემს მფლობელობაში ყოფნით მიადგა. ერთი ოთახი იყო, პატარა შესასვლელით, საპირფარეშოც ეზოში ჰქონდა. გავაკეთე, გავარემონტე, გავაქირავე და ახლა იმ სარგებელსაც მთხოვს, რაც ქირის სახით მივიღე.

– რა თანხაზეა საუბარი?

– 11 ათას ლარზე.

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ არ გამაგებინეს, სასამართლო როდის დაინიშნა და მოსამართლე ელისო ტუკვაძემ დავით მუმლაძეს საჩივარი ჩემს დაუსწრებლად დაუკმაყოფილა. მუმლაძის ადვოკატმა, დიმიტრი ნაცვლიშვილმა წარუდგინა მოსამართლეს ჩემი დახასიათება. თაღლითის იარლიყი, რა თქმა უნდა, უკვე "მორტყმული" მქონდა, თან პრობაციონერი ვარ, ამას სასამართლოზე გამოუცხადებლობაც დაემატა. ისე, რომც გამეგო, სასამართლო იმართებოდა, შეიძლება, ვერც მივსულიყავი, რადგან ავად ვიყავი და მოსამართლეს ექიმის ცნობაც მივუტანე, მაგრამ განაჩენი მაინც ძალაში დატოვა.

ახალი ადვოკატი ავიყვანე და საქმე უზენაესამდე მივიყვანე. უზენაესის დადგენილება ჯერ ოფიციალურად არ მომსვლია, მაგრამ როგორც ადვოკატმა არაოფიციალურად გაიგო, ძველ განაჩენს ძალაში დატოვა.

დავით მუმლაძე მომივარდა, კლიტეები გატეხა და ახალი დაადო. ახლა კი, მის მიერ დადებული კლიტეები მე გავტეხე და ბინაში შევედი. არ ვიცი, ამის გამო რას მიზამენ... არც იმ 11 ათასის გადამხდელი ვარ. ამ ბინაზე ხუთი იმდენი დავხარჯე, რაც თავის დროზე ღირდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მორალურად გამთელეს _ სასამართლოზე ისეთ შოუებს დგამდნენ, თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა! ასეთი აბსურდისთვის კომუნისტებიც კი, არავის იჭერდნენ. ქვეყანაში ყველაფერი ტყუილსა და აფერისტობაზე იყო აგებული. ასეთ ადამიანებს უნდოდათ ხელისუფლებაში დარჩენა?
მინდა, ქვეყანამ გაიგოს მათი "სამართლიანობის" ! ციხეები ჩემი და ჩემი შვილის მსგავსი "თაღლითებითაა" გავსებული. იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, პატიმართა ოჯახები "საპროცესოებს" აფორმებდნენ და ზოგი ისეთ ვალში ვარდება, რომლისგან მთელი ცხოვრება ვეღარ ამოვა.
წულუკიანი ჩემი რაოინის დეპუტატად იყო წარდგენილი და ჩემი ისტორია იცის, ჯერ კიდევ მაშინ დამპირდა შველას! სამართლიანობის აღდგენაა ჩემი შველა და ის ადამიანები, რომლებმაც ამ ხნის ქალი გამამწარეს უნდა დაისაჯონ!
"ქართული სიტყვა" - მაკა დეკანოსიძე

http://for.ge/

0
763
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0