x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რუთულები
image


რუთულები სამხრეთ დაღესტანში მდ. სამურის ზემო წელში ცხოვრობენ. ეთნონიმი რუთული, მათი ყველაზე დიდი და მთავარი სოფლის, რუთულის სახელწოდებიდან მომდინარეობს. რუთულები თავიანთ ამ მთავარ სოფელს მიხადს (მუხადს) უწოდებენ, თავიანთ თავს კი _ მიხაბირებს (მუხაბიებს).

რუთულებს ერთიანი, საერთო ენდოეთნონიმი (თვითსახელწოდება) არ ჰქონდათ. ყველა სოფლის მცხოვრები სოფლის სახელით იწოდებოდა. ლეზგები რუთულებს (მუხადებს) “ვანა-ვაწარს” უწოდებდნენ, რაც მდინარის სათავეში მცხოვრებს ნიშნავს. რუთულების ძირითადი ნაწილი კომპაქტურად მკვიდრობს დაღესტნის რუთულის რაიონში. მათი ორი სოფელი (ხნოვი და ბორჩი) ახჩი-ჩაის ხეობაში მდებარეობს (დღევანდელი ახტის რაიონი). რუთულების ოთხი სოფელი აზერბაიჯანშია (ნუხის რაიონში).


რუსეთის ფედერაციაში რუთულების რაოდენობა 19, 5 ათასია, დაღესტანში _ 15 ათასი. აზერბაიჯანში დაახლოებით 900 რუთული მკვიდრობს. რუთულების მეზობლები არიან ლეზგები, წახურები, ლაკები, აღულები. რუთულური (მუხიდური) ენა დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფში შედის. რუთულური ენა უმწერლობო ენა იყო. რუთულური ანბანი მხოლოდ 1993 წელს შეიქმნა რუსული გრაფიკის საფუძველზე. ამავე წლიდან რუთულის რაიონში მცხოვრებ რუთულელ ბავშვებს სკოლებში მშობლიურ ენასაც ასწავლიან. რუთულები ორენოვანი არიან. ზოგიერთი მათგანი ორ ენაზე მეტს ფლობს.


რუთულურ ენას აქვს შემდეგი დიალექტები: საკუთრივ რუთულური (მუხადური), შინაზური, მუხრეკული, იხრეკული, ბორჩულ-ხინავური. რუთულური ენისათვის დამახასიათებელია ხმოვანთა (14) და თანხმოვანთა (38) რთული სისტემა.

ისტორიკოსთა ვარაუდით, რუთულების ადრინდელი ისტორია კავკასიის ალბანეთთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი მეცნიერი “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებულ ხენოკებს რუთულის სოფელ ხნოსთან აკავშირებს. დაღესტნურ საისტორიო ქრონიკაში “ახტინამე” სხვადასხვა ლეზგიური მოდგმის ხალხებს შორის, რომლებიც ხაზარებს წინააღმდეგობას უწევდნენ, რუთულებიც მოიხსენიებიან. რუთულის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არაბული წარწერები.

ერთ-ერთი ასეთი წარწერის მიხედვით, რუთულებს შორის ისლამი VIIIს-ში გავრცელდა. სხვა წარწერაში საუბარია XVს-ში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. რუთულელთა “თავისუფალი საზოგადოებები”, ანუ თემთა კავშირები რუთულის მაგალის სახელით მოიხსენიებოდნენ. აქ ასეთი მხოლოდ ორი “მაგალი” იყო: რუთულის (რუთულებთან ერთად აქ რამდენიმე ლეზგიური სოფელიც შედიოდა) და ახტიპარის (სოფლები ხნოვი და ბორჩი).

დოკუმენტური მასალებით ირკვევა, რომ უფრო ადრეულ პერიოდში რუთულს ფეოდალები მართავდნენ. რუთულის მაგალის შიგნით, სოფლებს შორის ბეგარის გადახდის გამო, დაძაბული ურთიერთობები არსებობდა, რაც “პახტის” სახელს ატარებდა. თავისუფალ საზოგადოებაში შემავალი რუთულელთა და ლეზგელთა სოფლები მაგალის მთავარი სოფლის _ რუთულის სასარგებლოდ პახტისათვის თავის არიდებას ცდილობდნენ. ბეგარის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სოფელ რუთულის მცხოვრებნი 100-დან 300 კაცამდე პარტიებით, სტუმრად თავიანთი მაგალის სოფლებში მიემგზავრებოდნენ. მასპინძლები ვალდებულნი იყვნენ სამი დღის განმავლობაში საუკეთესო საჭმლით ეკვებათ.

XVIIIს-ში რამდენიმე სოფლის (შინაზი, ყალი, ამსარი, ხრიუგა) მცხოვრებლებმა უარი თქვეს პახტის გადახდაზე. ამ ნიადაგზე რუთულსა და ხრიუგს შორის ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. 1820 წელს რუთულელები რუსებმა დაიქვემდებარეს. 1839 წელს რუთულის მაგალი ელისუს სასულთნოს შეუერთდა. XIXს-ის 60-იანი წლებიდან რუთულს მართავდა ნაიბი, რომელიც სამურის ოკრუგის უფროსს ემორჩილებოდა.

რუთულების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მეცხოველეობა იყო (მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, მეცხვარეობა). ცხვარს ამთაბარებდნენ. საზამთრო საძოვრებს ისინი ლეზგებისაგან, ხუნძებისა და აზერბაიჯანელებისაგან ქირაობდნენ. შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო მიწათმოქმედება. სახვნელი მიწები, სათიბებისა და საძოვრებისაგან განსხვავებით, რუთულელებს პირად საკუთრებაში ჰქონდათ. შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან კერამიკული ჭურჭლის დამზადება, ტყავის ფეხსაცმლის კერვა, მატყლის ნაწარმის წარმოება (მაუდი, თექა, ნაბადი, ხალიჩა, წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი) იყო განვითარებული. კერამიკულ ნივთებს სამეთუნეო ჩარხის გარეშე აკეთებდნენ. იცოდნენ ქვის, სპილენძის, ვერცხლის დამუშავება. რუთულები ნუხის, ახტახის, ყაზიყუმუხის ბაზრებში მეცხოველეობის პროდუქტების ნამეტს ყიდდნენ. სამაგიეროდ აქვე იძენდნენ პურს და ფაბრიკულ ნაწარმს.


რუთულელთა სოფლები ძნელადმისადგომ ადგილებში იყო აშენებული; ისინი შემოზღუდული იყო თავდაცვითი კედლებით, სასიგნალო და თავდასაცავი კოშკებით. ყოველი სოფელი უბნებად იყოფოდა, რომლებშიც თოხუმები იყვნენ განსახლებულნი. მეჩეთი ყველა უბანში ჰქონდათ. მამის ხაზით ფართო სანათესაო წრის აღსანიშნავად რუთულებში გავრცელებული იყო საერთოდაღესტნური ტერმინი _ “თუხუმი”. თუხუმის მეთაური იყო თუხუმის ყველაზე უხუცესი მამაკაცი. თუხუმები იყოფოდა უფრო პატარა სანათესაო გაერთიანებებად _ პატრონიმიებად, რაც ასევე განსაკუთრებული ტერმინით (“კაბილა”) აღინიშნებოდა.

რუთულელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა სასოფლო თემი _ ჯამაათი. ჯამაათში ყველა საკითხი მამაკაცთა კრებაზე წყდებოდა. რუსეთთან შეერთებამდე ჯამაათების გამგებლობაში პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაც შედიოდა. ხშირად ჯამაათი სასამართლოს ფუნქციებსაც ასრულებდა. რუთულებში ოჯახის გავრცელებული ფორმა იყო პატარა ოჯახი, მაგრამ XIX საუკუნესა და XXს-ის დასაწყისში შემორჩენილი იყო დიდი გაუყრელი ოჯახებიც, რომლებიც რამდენიმე საქორწინო წყვილისაგან შედგებოდნენ. ასეთ ოჯახებს საერთო მეურნეობა ჰქონდათ.

საქორწინო ასაკი გოგონებისათვის 15-16, ვაჟებისათვის _ 18-20 წლით განისაზღვრებოდა. ქორწინდებოდნენ თანასოფლელზე. ძირითადად გარიგებითი ქორწინება იცოდნენ. თუმცა იშვიათი არ იყო აკვანში დანიშვნა, მოტაცება, ლევირატი და სორორატი. შემორჩენილი იყო პატრიარქალური ურთიერთობები: ქალები ემორჩილებოდნენ მამაკაცებს, უმცროსები _ უფროსებს.


რუთულები სუნიტი მუსლიმები არიან. ეს რელიგია მათ შორის X-XI სს-ში გავრცელდა. შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენებიც (წინაპართა თაყვანისცემა, მაგიური ქმედებები). როდესაც რუთულელს კრძალავდნენ, მას საფლავში წმინდანთა საფლავების თავზე აღმართული ნეგებობებიდან მოტანილ ქვას ატანდნენ. დღესასწაულებს შორის ყველაზე აღსანიშნავია კალენდარული წლისა და გაზაფხულის აღმნიშვნელი დღესასწაული “ერ”-ი. ეს იყო საერთო-სასოფლო დღესასწაული, რომელიც თეატრალიზებული ნიღბიანი წარმოდგენით მთავრდებოდა. აღნიშნავდნენ მამაკაცთა გაერთიანებების სეზონის დამთავრებას.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0