x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე, ვიფიქრე მაინც მომკლავენ და "ხელყუმბარას" გავხსნიმეთქი" - რას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და 2005 წელს კიევში გამართულ დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტს იხსენებს. "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის ვრცელ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:



"ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია.



რა "სადღეგრძელოსო – იკითხავთ.


2005 წელია, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი ტარდება. მაგისთანა “სანახაობას” როგორ გამოვტოვებდი. ის დროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მურმანის ეკალივით რომ ვართ ვარდების რევოლუციის მერე და ყველა მსგავს შეხვედრაზე ბებერი კომუნისტები და “კაგებეშნიკები” ზემოდან და ამრეზად რომ გვიყურებენ.


ეგეთი შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგება: “პრეზენტაცია, დისერტაცია და დისერტაცია”. რა თქმა უნდა დისერტაცია ყველაზე საინტერესო და მთავარია, ოღონდ ევროპული სამიტების დისერტაციასავით არ გეგონოთ კულტურული “ალა ფურშეტით” რომ მთავრდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი შეხვედრების დისერტაცია კაპიტალურ დაასხი-დალიეს ნიშნავს.


პროტოკოლმა წინასწარ გამოგვიცხადა “დისერტაციაზე” არავითარი მოადგილეები, დაცვა და თანაშემწეები, მხოლოდ მინისტრები იქნებითო. ჩაგვსხეს მანქანებში და დნეპრთან გემს მიგვაყენეს. ავედით გემზე და დარბაზში რომ შევედი მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე.


ცუდად იმიტომ, რომ არაყის გარდა ეგენი სხვას არაფერს დალევდნენ, არაყს კი დასანახავად ვერ ვიტან, უარი მანდ არ მიიღება და გემიდან სად გავიპარებოდი, თან მთელი იერიში და არტილერია ჩემსკენ იქნებოდა მომართული.


გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და ბრძოლის ველზე გმირულად მაინც დავცემულიყავი. ერთი ის მაიმედებდა, რომ რუსეთის მინისტრი ნურგალიევი ჩია კაცი იყო, არათუ მსმელის არაფერი ეტყობოდა, სულ ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის მატებაზე წუწუნებდა.


თამადობა ბელორუსმა ითავა. სომეხმა, ბელორუსმა და ყაზახმა თავიდანვე მოიტანეს იერიში ჩემზე, მას მერე განსაკუთრებით, რაც ყველა ოფიციანტი მე უფრო დამტრიალებდა (სხვა მინისტრებთან შედარებით მინიმუმ 30 წლით ახალგაზრდა ვიყავი). ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა ხარ – მეტი და გაბედულად უნდა დალიოო, არ მეშვებოდნენ კარგა ხანს.


დაძალების სამ-ოთხ შეტევას გავუძელი ორი საათის განმავლობაში და ბოლოს ვიფიქრე მაინც მომკლავენ და “ხელყუმბარას” მაინც გავხსნიმეთქი. ბელარუსს ომახიანად გავძახე ერთი სადღეგრძელო თუ შეიძლებათქო და მალენკოვის თუ ხრუშჩოვის ზომის ჭიქა ბოლომდე გავავსე. ბრძანეო, გამომძახა. ყველამ ბოლომდე დალიეთ რასაც ვიტყვი-მეთქი. тамада сказал бог сказал -ო გამომძახა უკრაინელმა.


წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი. ამით დამთავრდა დისერტაცია. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია. მართალია ჩვენ ხელს არ გავანძრევთ ამისთვის, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც…" – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.






0
902
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
902