სხვა "ჩემი თაობა ძალიან კარგ დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, ვიდრე ჩვენი მშობლების თაობა" 2022, 17 თებერვალი, 15:26 ფეისბუქმომხმარებელი მანანა ადეიშვილი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ერთი პატარა სოფლის-დუცხუნის(ყუმურის თემი, ვანის რაიონი) წარსულის ჩანახატს აცოცხლებს და საკმაოდ მხატვრულად აღწერს იმ დრონდელი სოფლის ცხოვრებას: ცნობისათვის--ეს ჩემი სუბიექტური აზრია!
************
ჩემი თაობა, ჩემზე უმცროსი და ჩემზე უფროსებიც --კი, ძალიან კარგ დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, ვიდრე ჩვენი მშობლების თაობა.
კოლექტივიზაცია და ათასნაირი ქარტეხილი გადავლილი იყო, მეორე მსოფლიო ომიც კარგა ხნის დამთავრებული იყო. დედამიწაზე სიმშვიდე სუფევდა. მიდიოდა აღმშენებლობა როგორც ქალაქად, ისე --სოფლად.
--შენდებოდა ფაბრიკა- ქარხნები, ინსტიტუტები, ტექნიკუმები, და სკოლები. დაუსაქმებელი არავინ უნდა ყოფილიყო.
ჩვენი სოფელიც ჩართული იყო აღმშენებლობის პროცესში.
სკოლის ხის შენობა შეიცვალა აგურის ორსართულიანი შენობით; სათანადოდ აღჭურვილი ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კაბინეტებით; ბუფეტით, სპორტული დარბაზით.
-საავადმყოფოს ხის პატარა შენობის ადგილზე აშენდა 19-20 საწოლიანი კაპიტალური შენობა, თავისი სამშობიარო ბლოკითა და აფთიაქით. საავადმყოფოში ექიმებად თბილისიდან გამოგზავნილი ცოლ-ქმარი, არჩილ და მარიკა პატარიძეები მუშაობდნენ . ქალბატონი მარიკა მეან- გინეკოლოგი იყო. სხვა მედ-პერსონალი კი ადგილობრივები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ ყველანაირი პირველადი დახმარება და პატარა ოპერაციებიც კი ადგილზევე ტარდებოდა.
-საავადმყოფოს ემსახურებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მუდამ მზადყოფნაში იყო.
საავადმყოფოს შენობაში იყო აფთიაქი და პროვიზორი, საყვარელი ქალბატონი ძაძუ გოგაძე, ჩემი კლასელის და საუკეთესო მეგობრის, შორენა თვალაბეიშვილის დედა. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს!
წამლებიც კი ადგილზევე მზადდებოდა.
დღესაც თვალწინ მიდგას აფთიაქი, ყავისფერი ხის მაღალი კარადებით და თავისი პატარ- პატარა უჯრებით, წამლების სუნით, რომელიც მაშინაც ძალიან მომწონდა და დღესაც მიყვარს და მსიამოვნებს.
ოდითგან იყო ჩვენს სოფელში ფოსტა- ტელეგრაფი, კონო- კლუბის შენობა. მახსოვს პერიოდულად რაიონიდან მოდიოდა თეატრალური დასი და ტარდებოდა სხვადასხვა კონცერტები და დადგმები. მოსწავლეების დასწრება სავალდებულო იყო. ასევე სავალდებულო იყო შაბათობით ქართულ კინოებზე დასწრება.
ასევე გვქონდა საპარიკმახერო, ფეხსაცმლის შემკეთებლის ოთახი. თქვენ წარმოიდგინეთ, ფოტო-ატელიეც კი, სადაც მესურათე და არა ფოტოგრაფი, სურათებს იღებდა და ბეჭდავდა . ლამაზი სურათების სტენდიც კი ჰქონდა თურმე.ეს დედასგან ვიცოდი. ოღონდ ეს ჩემს ბავშვობაში უკვე აღარ იყო.
იყო სოფლის საბჭოს შენობა, დიდი ფურნე, თონე, უნივერმაღ- უნივერსამი, მდინარე ყუმურზე გადამდგარი რესტორანი; სამჭედლო, სადაც ჭედავდნენ ნალებს, წალდს, ნაჯახს, თოხს, ბარს ა.შ.
ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო სოფლის ცენტრში.
მოკლედ დუღდა ცხოვრება.
ვისაც შრომა არ ეზარებოდა და მაშინ არც არავის ეზარებოდა, შრომობდა. ხვავი და ბარაქა არც ოჯახებს აკლდა და არც სოფელს.
ვისაც სწავლა უნდოდა სწავლობდა და იყო დიდი მიღწევებიც.
იმ დროს ტელევიზია არ იყო და ამიტომაც უარყოფითი ინფორმაციები არც ბავშვების და არც დიდების ტვინს და ნერვიულ სისტემას არ ეხებოდა და არ აზიანებდა.
ვსწავლობდით გულდაგულ, მონდომებით და ძირფესვიანად ჩვენი დიდებული ქართველი მწერლების უკვდავ ნაწარმოებებს, მსოფლიო ისტორიასა და დანარჩენ სხვა საგნებს.
მახსოვს ის პერიოდიც, როცა მე ექვსი წლის ვიქნებოდი, სახლში გვქონდა რადიო, რომელსაც გვერდებთან ორი დიდი ბატერეა ჰქონდა მიდგმული რომლითაც მუშაობდა. მახსოვს მამა ბატარეებს რატომღაც სიმჟავეებს ეძახდა.
მაშინ დენი არ იყო ჩვენს სოფელში. თურმე ადრე მეოცე საუკუნის დასაწყისში მენშევიკებს აუგიათ ელსადგური მდინარე ყუმურზე და სოფელს საკუთარი დენიც კი ჰქონია, მაგრამ ბოლშევიკებმა დაანგრიეს და გაანადგურეს. ჩემს ბავშვობაში კი, იმ ადგილზე ხის სახერხი იყო მოწყობილი.
მოკლედ ყოველი ფეხბურთის მატჩის მოსასმენად მოდიოდნენ მამის ტოლი ბიჭები და “ გოოლ" რომ დაიყვირებდნენ გული მისკდებოდა. კიდევ მეშინოდა რადიოში ვიღაც ქალი ან კაცი საუბრისას გერმანიას თუ ახსენებდა. ბიძა მყავდა ომგამოვლილი და ვიცოდი ომი და გერმანია ცუდი რომ იყო. მე მაშინ სკოლაშიც კი არ დავდიოდი.
სულ ეს იყო ჩემი სანერვიულო რაც ბავშვობაში განმიცდია.
იმ დროს ბებიაჩემს პენსია 12 მანეთი ჰქონდა.
დამტარებელს ანუ ფოსტალიონს, რომელსაც გივია ერქვა, ყოველთვე პენსიონრებთან სახლში მიჰქონდა პენსია.
დადიოდა მხარზე გადაკიდებული, ფულით გატენილი შავი ჩანთით, ასე კარდაკარ ჩვენი დამტარებელი და დღეს მიკვირს, ერთხელაც კი არ მომხდარა რაიმე ცუდი ინციდენტი. . ან რა შეგნება,
ან რა ადამიანობა, ან რა სიწმინდე და პატიოსნება იყო ხალხში... რა იყო ეს, ან სად გაქრა ეს ყველაფერი?!
როცა პენსია 20 მანეთი გახდა, ჩვენ უკვე სტუდენტები ვიყავით . ბებია ყოველთვე 10 მანეთს ინახავდა და ჩემს ძმას ჩუქნიდა.
რა დრო იყო...ათი მანეთი რომ ფულობდა და თან როგორ!
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან და უნდა მოგიყვეთ. როგორც მოგახსენეთ ჩვენი სოფელი ყუმური ძალიან დიდი სოფელია. მის შემადგენლობაში შედის შედარებით პატარა სოფლები თავისი უბნებით.
კერძოდ იგივე ჩვენი სოფელი დუცხუნი, სადაც ძალიან ძვირფასი ხალხი აღიზარდა.რვაწლიანი სკოლა იყო იქ, მაღაზიაც, კლუბიც და მედ- პუნქტიც. ფერშალი იყო ჩვენი უსაყვარლესი მეზობელი ომგამოვლილი, შალიკო ბიძია, იუმორით სავსე .რომელიც სანამ საავადმყოფომდე ჩავიდოდა პაციენტი, ის პირველად დახმარებას უწევდა. შეთავსებით თერაპევტიც იყო, სტომატოლოგიც და რაც მთავარია იმედი კაცი იყო.
ნათელი მის სულს!
სოფელ დუცხუნში, იმ დროს ცხოვრობდა ერთი ქალბატონი სახელად პრისკილა, ჯულაყიძის ქალი იყო პრისკილა.
გიორგი ლეონიძის “ ნატვრის ხის" პერსონაჟი ფუფალა ხომ გახსოვთ, ზუსტად მისი პროტოტიპი იყო. როგორც ფუფალა მიტიროდა თავის დაკარგულ, უიმედო სიყვარულს, ასეთივე თავგადასავალი ჰქონდა ჩვენს პრისკილიასაც. იმერულად ასე ეძახდნენ.
მონაყოლიდან ასე მახსოვს-- თურმე ადრე ქალიშვილობაში ვანის საავადმყოფოში მუშაობდა ექთნად თუ სანიტრად. შეყვარებია ექიმი თავისთვის, ჩუმად. ექიმს კი ცოლად სხვა ქალი რომ შეურთავს, ძალიან განუცდია და უნერვიულია პრისკილას. ამ ამბის შემდეგ მთლად ჯანმრთელად ვერ იყო საბრალო.
პირველად როცა ვნახე,
მახსოვს მაისის ბოლო იყო. დაწყებითის მოსწავლე ვიყავი. მე და ჩემი ორი კლასელი სკოლიდან ვბრუნდებოდით, როცა გერსამიების სახლთან მოსახვევში დუცხუნიდან მომავალი პრისკილა რომ შემოგვხვდა სოფლის ცენტრში მიდიოდა გამოპრანჭული. ხალხში ხშირად გამოჩენა არ უყვარდა. მივესალმეთ... თვითონაც რაღაც გვკითხა.... მონუსხულივით ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი.
ზღაპრიდან გადმოსულ პერსონაჟს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ ადამიანს.
გაგრძელება იქნება...
131 2-ს მოსწონს
|