სხვა "ჯაშუშების ხიდი" - 60 წლის წინ საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ ლეგენდარული ჯაშუშები გაცვალეს 2022, 10 თებერვალი, 10:13 60 წლის წინ. 1962 წლის 10 თებერვალს გერმანიაში, გლინეკერის ხიდზე მოხდა ამერიკელი მფრინავი-მზვერავის ფრენსის პაუერსის და საბჭოთა მზვერავის, რუდოლფ აბელის გაცვალა.ხიდი არაერთხელ გამოიყენეს მსგავსი მიზნით, რისთვისაც მას მეტსახელად "ჯაშუშების ხიდი" შეარქვეს. გლინკერის ხიდი აკავშირებს ბერლინსა და ქალაქ პოტსდამს, რომელსაც შუაში მდინარე ჰაფელი ჩამოუდის. აშენდა მე-17 საუკუნის ბოლოს, ჯერ ხის იყო, შემდეგ ქვით გადააკეთეს და საბოლოოდ 1907 წელს აიგო ფოლადის ხიდი, რის ქვეშაც გემები გადიოდნენ. ომის შემდეგ გერმანია და ბერლინი დაიყო ოთხ საოკუპაციო ზონად (საბჭოთა, ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული). ბერლინიდან ხიდი მთავრდებოდა ამერიკული სექტორის ტერიტორიაზე, ხოლო პოტსდამი საბჭოთა ზონის ნაწილი იყო. 1949 წელს ომის დროს ძლიერ დაზიანებული ხიდი აღადგინეს, ხიდზე გადაადგილება მხოლოდ სამხედრო მისიების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს ჰქონდათ ნებადართული. თუმცა, 1988 წლის მარტში, პოტსდამის სამმა მცხოვრებმა მოახერხა ხიდის გადაკვეთა სატვირთო მანქანით და დასავლეთ ბერლინში გადასვლა. გლინკერის ხიდის თითქმის 300 წლიანი ისტორიის მიუხედავად, იგი ცნობილი მხოლოდ 1960-იან წლებში გახდა ცნობილი, როდესაც საბჭოთა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა ის დაპატიმრებული ჯაშუშების გაცვლის მიზნით გამოიყენეს. პირველი გაცვლა ხიდზე მოხდა 1962 წლის 10 თებერვალს. სსრკ-მ ამერიკელი მფრინავი ფრენსის პაუერსი გადასცა შეერთებულ შტატებს და სანაცვლოდ საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი უილიამ ფიშერი (უფრო ცნობილი როგორც რუდოლფ აბელი) დაიბრუნა. პაუერსის სადაზვერვო თვითმფრინავი U2 ჩამოაგდეს ურალის თავზე 1960 წლის 1 მაისს, მას ჯაშუშობისთვის მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, იგი სასჯელს იხდიდა ვლადიმირსკის ცენტრალურ ციხეში. რუდოლფ აბელი, რომელიც არალეგალურად მუშაობდა შეერთებულ შტატებში, გამოაშკარავა და დააპატიმრა FBI-მ 1957 წელს. მას მიესაჯა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელს იხდიდა ატლანტას ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გლინკერის ხიდი კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული 1985 წლის 12 ივნისს, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 23-დან 25-მდე ამერიკელი მზვერავი-ჯაშუში, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას იხდიდნენ გდრ-სა და პოლონეთში, გაცვალეს დასავლეთში დაპატიმრებულ კგბ-ს ოთხ აგენტზე. ამ პირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. მხოლოდ დანამდვილებით ცნობილია, რომ საბჭოთა მხარეს გადასცეს ერთი ბულგარელი, გდრ-ს ორი მოქალაქე და პოლონელი მარიან ზახარსკი, რომელიც 1981 წელს აშშ-ში დააკავეს. ფოტოზე: ხიდის შესასვლელი პოტსდამის მხრიდან მესამედ და უკანასკნელად, ხიდი გაცვლის ადგილად იქცა 1986 წლის 11 თებერვალს. სსრკ-სა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად საბჭოთა დისიდენტი ანატოლი (ნატან) შარანსკი, რომელსაც სსრკ-ში 1978 წელს მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა სამშობლოს ღალატისთვის და ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის, ასევე გფრ-ს ორი და ჩეხოსლოვაკიის ერთი მოქალაქესთან ერთად გაცვალეს გფრ-ში დაპატიმრებულ კგბ-ს ხუთ აგენტზე. 402 5-ს მოსწონს
|