x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
როგორ გადაურჩა ულამაზესი და-ძმა დაკარგვას...
ზღაპარი საშუალებაა ბავშვი კარგად განვითარდეს.მისი საშუალებით ვიწყებთ ბავშვისთვის სამყაროს შეცნობას.ირეალური თუ რეალური დეტალების ერთიანობით ვამოგზაურებთ ფერად სამყაროში, სადაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. სადაც ხდება უსამართლობა და არის ტკივილი, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ძალა, რომლის დახმარებითაც იზეიმებს სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, სიმამაცე, პატიოსნება და სამართლიანობა.

არ ვიცი აქამდე არ დავფიქრებულვარ და ალბათ ბევრია ჩემსავით... (მე უფრო ჯეჯელავას კომბლეს გახმაურებული შეფასების შემდეგ გავხდი, ზღაპრებზე "ჩასაფრებული") ვისაც ბოლო პერიოდში შეხება გქონიათ ან წაგიკითხავთ ქართული ხალხური ზღაპარი, რომელშიც არის და თან საკმაო დოზით, შემაწუხებლად ბევრი ძალადობა, მომენტები რომლის ამოკითხვისას ძნელია აუხსნა ბავშვს რა ხდება და თუ ამას მარტო კითხულობს ძნელია გაიგო რა დასკვნას გააკეთებს.

ბევრი მიზეზი მაქვს ასე ვფიქრობდე... ძალადობას თან ემატება ისეთი გაუგებარილექსიკა რაც ძველად იყო დამახასიათებელი და თანამედროვე მკითხველისთვის რთული იქნება აღქმა.

ამიტომ ავიღე ერთი ხალხური უსათაურო ზღაპარი, სათაურიც შევურჩიე, რთული სიტყვები ამოვიღე, ძალადობის ფაქტები შევამსუბუქე და ვეცადე გადმომეცა. ამ ზღაპარს აუცილებლად წავუკითხავ ჩემს შვილს, როცა შესაბამისი ასაკის გახდება.



ოქროსქოჩრიანი ქალ-ვაჟის ამბავი



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფე. ხელმწიფეს შვილი არ ჰყავდა პირველი ცოლისგან. მეორე შეირთო, რომ იქნებ ახლა მაინც მეყოლოსო, მაგრამ არც მეორისგან ეყოლა... მეშვიდე ცოლი მოიყვანა და არც მეშვიდე ცოლისგან შეეძინა.ხელმწიფე ძლიერ დაღონებული იყო უშვილობის გამო. ჩემი სახელმწიფო ვის უნდა დარჩესო?

სასახლის ეზოში ერთი მებაღე მუშაობდა. ამ მებაღეს სამი ქალიშვილი ჰყავდა, სამივე გასათხოვარი. ერთხელ მეფემ მებაღის სახლთან ჩაიარა და საუბარი შემოესმა.

უფროსმა დამ თქვა:

ამ ხელმწიფემ, რომ იცოდეს და მე შემირთოს, კარგ შვილებსაც გავუჩენ და იმისთანა ხალიჩას მივუქსოვ, რომ რაც კი მსახურები ჰყავს სულ რომ იმ ხალიჩაზე დასხდნენ, კიდევ ადგილი დარჩესო.

მეორემ თქვა:

ამ ხელმწიფემ, რომ იცოდეს და შემირთოს კარგ შვილებსაც გავუჩენ და კვერცხის ნაჭუჭში იმისთანა გემოიან საჭმელს გავუკეთებ, რომ რაც ხელმწიფეს რაც მსახურები ჰყავს ყველანი დანაყრდნენო.

უმცროსმა დამ თქვა:

ხელმწიფემ რომ იცოდეს და მე შემირთოს, ისეთ ოქროს ქოჩრიან ქალ-ვაჟს ვაჩუქებდი, რომ როცა გაიცინებენ ვარდი გაიშლება და როცა იტირებენ ცრემლის მაგივრად მარგალიტი ჩამოსცვივდებათო.

მეფემ რასაკვირველია სამივეს საუბარი შეისმინა და გადაწყვიტა. უმცროსს შევირთავ, უფროსსა და საშუალოს სახელოვან ვეზირებს მივათხოვებ დას მტრად რომ არ გადაექცნენო.

***

მებაღე ამ წყალობას არ იჯერებდა, მაგრამ ხელმწიფემ მალევე იქორწინა მის მესამე ასულზე. უფროსი და საშუალო ქალიშვილებიც დაქორწინდნენ სახელოვან აზნაურებზე. თითქოს ყველა ბედნიერი უნდა ყოფილიყო და ეცხოვრათ სიამტკბილობით, მაგრამ ...

უფროსი დები პატარა დას გადაემტერნენ, რადან მეფემ ის აირჩია.

***

გავიდა დრო. ხელმწიფის ცოლი დაორსულდა. უფროსმა დებმა დაიბარეს ბებია და მასთან ერთად ისეთი გეგმა მოიფიქრეს, რომ ოქროს ქოჩრიანი ქალ-ვაჟი ვერც ვერავის ენახა და ხელმწიფეს ცოლი სასახლიდანაც გაეგდო.

მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა ბებიას უკვე გამზადებული ჰქონდა ყუთი, სადაც პატარა ლეკვები ჰყავდა. ამ ლეკვებით ოქროს ქოჩრიანი ქალ-ვაჟი უნდა ჩაენაცვლებინა.

გამთენიისას ხელმწიფის ცოლმა ულამაზესი ქალ-ვაჟი გააჩინა.


ბებიამ მაშინვე ამოიყვანა ყუთიდან ლეკვები, ყმაწვილები კი ყუთში ჩააწვინა. ქალის დებმა ყუთი ისე გაატანეს ზღვას ვერც მეფემ და ვერც მელოგინემ ვერაფერი გაიგეს.


ლეკვების შობით აღშფოთებულმა მეფემ ცოლის სასახლიდან გაგდების ბრძანება გასცა. წაიყვანეთ, გზაჯვარედინზე მიწაში ჩაფალით და ლეკვებიც მიუყარეთო. მისი მსახურები ზუსტად ასე მოიქცნენ.

***

ზღვასთან ახლოს ერთი განდეგილი ცხოვრობდა. ერთხელ ზღვის ნაპირას გამოვიდა პირის დასაბანად. გაიხედა და დაინახა, რომ ზღვაში ერთი ყუთი ტივტივებდა.განდეგილმა ამოიღო წყლიდან ყუთი, გახსნა და რას ხედავს... ნახა, რომ ოქროს ქოჩრიანი ქალ-ვაჟი წვანან და შიგნით მარგალიტიც ყრია.

განდეგილმა ღმერთს მადლობა შესწირა და ქალ- ვაჟი შინ წამოიყვანა. გზად ფიქრობდა : რით გავზარდო ესენიო?გაფიქრება და სად იყო და სად არა, გზაზე მეწველმა თხამ ჩამოიარა. კაცი მიხვდა, რომ ესეც ნიშანი იყო. თხა დილით და საღამოს მოდიოდა და რძეს ასმევდა პატარებს.


image

განდეგილმა უთხრა ქალ-ვაჟს: მე პაპა დამიძახეთო.


შვიდი წლისანი რომ გახდნენ განდეგილს ანგელოზი გამოეცხადა და თავისთან წაიყვანა... ყმაწვილებმა დაიწყეს ტირილი და იმდენი იტირეს გარშემო აურაცხელი მარგალიტი გაჩნდა და მათ ტირილზე უფრო და უფრო ემატებოდა.

***

ბავშვებს ძალიან მოშივდათ. ვაჟმა უთხრა წავიდეთ იქნებ როგორმე რაიმე საკვები ვიშოვოო და გაუყვნენ გზას. იარეს, იარეს და იმ ქალაქის ნაპირსაც მიადგნენ სადაც მათი ნამდვილი მამა ცხოვრობდა. იმ ქალაქის ნაპირას ერთი მამაო წირვას ატარებდა, ხალხი რომ დაიშალა მამაომ ტიტველი ოქროსთმიანი ქალ-ვაჟი დაინახა. გაიქცა ტანისამოსი მოიტანა, ბავშვებს მისცა და შინ წამოიყვანა. კაცმა ქალ-ვაჟს მათი ისტორია გამოჰკითხა.

უამბეს სად და როგორ ცხოვრობდნენ. უთხრეს რომ პაპა ჰყავდათ, რომელიც ერთ დღესაც მოულოდნელად გარდაიცვალა და ამიტომ გადაწყვიტეს სახლიდან წამოსვლა.

კაცმა უთხრა: მე მამა დამიძახეთო. მისცა ტანისამოსი, საკვები და დაიწყეს ერთად ცხოვრება.

ერთ დღეს ქალ ვაჟმა ადრინდელი სახლის მონახულება გადაწყვიტეს და მამაც წაყვა.

კაცმა იმ სახლთან დაყრილი მარგალიტები რომ დაინახა ცდუნებას ვერ გაუძლო და დაიწყო ხურჯინის ავსება. ყმაწვილებმა კი უთხრეს: მამა, რად გინდა ეგენი წავიდეთ შინ, ვიტირებთ და თვალებიდან სულ მაგის მსგავსები ჩამოგვცვივდებაო. (ის კი არ იცოდნენ, რომ ეს ძვირფასი მარგალიტი იყო.)

ძალიან მცირე დროში ამ კაცმა ისეთი შენობები ააგო ხელმწიფესაც კი შეშურდებოდა. ოქროს ქოჩრიანი ქალ-ვაჟის სილამაზის და კაცის უეცარი გამდიდრების გამო მათი ამბავი ქალაქში ადვილად გავრცელდა.

ბებია და დეიდებმაც გაიგეს ეს ამბავი და ახალი მზაკვრული გეგმა უნდოდათ მოეფიქრებინათ რომ მოეშორებინათ ქალ- ვაჟი.

image

***

სოფელში ერთი გულთმისანი იყო. გულთმისან ქალს ხილვა ჰქონდა, რომ ქალაქში სილამაზით გამორჩეული ქალ-ვაჟი მეფის დაკარგული შვილები არიანო. გულთმისანი მივიდა ბავშვების მზრუნველ მამასთან და უთხრა: შენ რომ ქალ-ვაჟი შეიფარე ხელმწიფის შვილები არიანო.

კაცმა მეორე დღეს გამართა ლხინი. მეფე და მისი მსახურები მასთან დაპატიჟა, ისეთი სუფრა გაშალა ჩიტის რძე არ აკლდა. ქალ-ვაჟი სადილის დასრულებამდე არ ჩანდა. სადილი რომ დაასრულეს გამოიყვანეს ქალ-ვაჟი.

გულთმისანმა ქალს წკეპლა დაჰკრა, ისე ეტკინა ატირდა და სულ მარგალიტები სცვიოდა. ისევ გააჩუმეს და გაამხიარულეს, გაიღიმეს თუ არა იქაურობა ვარდით აივსო. ეს რომ ხელმწიფემ დაინახა ყველაფერს მიხვდა ...

გულთმისანის დახმარებით ისიც კი გაარკვიეს ამ ამბავში ვინ იყო დამნაშავე. ხელწიფე ცხარე ცრემლით ტიროდა და ღმერთს სთხოვდა მაპატიე რაც ჩემი ცოლის წინაშე დამიშავებიაო.

ხელმწიფემ მებაღის ქალები და ბებია ცხენის კუდზე მიაბმევინა და ისე ათრევინა. მერე მუხლზე დაჩოქილი მივიდა თავის ცოლთან, პატიება სთხოვა, მოეხვია, აკოცა და შინ წამოიყვანა ქალ-ვაჟთან. შვიდი დღე და შვიდი ღამე ლხინი ჰქონდათ.

ხელმწიფე, მისი ცოლი, ქალ-ვაჟი და მათი მამობილი ერთად ცხოვრობდნენ.


ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

შაშვი იყო მგალობელი,

ღმერთი ჩვენი მწყალობელი.





ქართული ზღაპრების კრებულიდან, სადაც თავმოყრილია 1886-1892 წლის პერიოდის ამბები, ზღაპრები, იგავები.














































0
177
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0