x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137373
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
ტუბერკულოზი ორსულებში
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. დაავადება დღემდე რჩება გლობალურ პრობლემად, რადგან ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება. ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს, ამ დროს, შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს ტუბერკულოზით. ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული ტუბერკულოზი ორსულებში დიდ ყურადღებას იქცევს. ძველი ფთიზიატრების თქმით ტუბერკულოზით დაავადებული გოგონა არ უნდა დაორსულებულიყო, შვილი არ უნდა გაეჩინა, ხოლო დედას შვილისთვის ძუძუ არ უნდა ეწოვებინა. დღესდღეობით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებების დანერგვის, ტუბერკულოზის სადიაგნოზო მეთოდების დახვეწის, პრაქტიკაში კომპლექსური მკურნალობის ახალი მეთოდების (ანტიბიოტიკები, ქიმიოპრეპარატები, ხელოვნური პნევმოთორაქსი, ოპერაციული ჩარევა ფილტვებსა და გულმკერდზე) ჩართვის გამო, ტუბერკულოზიანი ქალების ორსულობის მიმართ მიდგომა შეიცვალა. დისპანსერსა და სტაციონარში ტუბერკულოზის სისტემატური კონტროლითა და მკურნალობით ორსულობის შენარჩუნება უმეტესად შესაძლებელია. თუმცა, მანამ სანამ ტუბერკულოზით დაავადებული ქალი დაორსულდება, მან დაორსულება უნდა გადადოს სრულ გამოჯანმრთელებამდე და გამოჯანმრთელებიდან 2 წლის განმავლობაში, თუ ქალი შემთხვევით დაორსულდა, დაავადების მიმდინარეობაზე ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ცვლილებები ახდენს გავლენას. (ენდოკრინული ჯირკვლების, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების, თირკმელების დატვირთვის მატება, ნივთიერებათა ცვლის გადაწყობა, ორგანიზმის იმუნური დაცვის დაქვეითება, კალციუმის ინტენსიური ათვისება). ნაყოფის ძვლოვანი სისტემის აგება მოითხოვს დედის მინერალური ნივთიერებების ინტენსიურ ხარჯვას. ამის გამო ხდება ქალის ორგანიზმის დემინერალიზაცია, რამაც შეიძლება ტუბერკულოზის ჩაკირული კერებიდან კალციუმის გამოტანა და მათი გარბილება გამოიწვიოს, ეს კი ბიძგს აძლევს პათოლოგიური პროცესის პროგრესს. ამ მხრივ განსაკუთრებით არასასურველია ორსულობის პირველი სამი თვე. ორსულობა და მშობიარობა ტუბერკულოზის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამ მხრივ გამოყოფენ ოთხ ფაქტორს:

  • ტუბერკულოზური პროცესის ხასიათს;
  • ორსულობის ვადას
  • სოციალურ-ყოფით და ოჯახურ გარემოებებს
  • ორსულის ასაკს
დაავადების ფორმებს რაც შეეხება, ტუბერკულოზის გავრცობილი დესტრუქციული ფორმები მეტად საშიშია ვიდრე შემოფარგლული. განსაკუთრებით საშიშია ტუბერკულოზის მწვავედ მიმდინარე ფორმები, აგრეთვე ქრონიკულ-დესტრუქიული, განსაკუთრებით მედიკამენტებისადმი მდგრადი პროცესები, ასევე თირკმელის ტუბერკულოზისა და ორსულობის თანაობა, რადგან ორსულობა ზრდის თირკმელებზე დატვირთვას და ამწვავებს თირკმელებში ლატენტურად მიმდინარე ტუბერკულოზს.ორსულობა იშვიათად ვითარდება გენიტალური ტუბერკულოზის ფონზე, მაგრამ ტუბერკულოზური ენდომეტრიოზის თანაობა ორსულობისას უკიდურესად არასასურველია - არსებობს ნაყოფის დედის მუცელშივე დაინფიცირების რისკი. ტუბერკულოზური პროცესის გამწვავების თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ბოლო კვირები.

რისკ ჯგუგები:

  • ორსულები ახლახან გადატანილი ტუბერკულოზური პროცესით (როდესაც მკურნალობის დასრულებიდან ერთ წელზე ნაკლები ხანია გასული);
  • ორსულები ტუბერკულოზის გამო გადატანილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში (ჩარევიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები);
  • ორსულები გავრცობილი ტუბერკულოზური პროცესით, განურჩევლად მისი ფაზისა;
  • ორსულები, რომელთაც აქვთ კონტაქტი ტუბერკულოზიან პაციენტებთან (როგორც ბაცილაგამომყოფთან, ისე არაგამომყოფთანაც);
  • ორსულები პირველად დადგენილი ვირაჟით, ჰიპერერგულით ან მზარდი ტუბერკულინური მგრძნობელობით (მანტუს სინჯით 2 TE-დან);
  • ორსულები თანმხლები დაავადებებით - შაქრიანი დიაბეტით, სასუნთქი სისტემის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით;
  • ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების მომხმარებლები;
  • ქალები, რომლებიც ასოციალურ ცხოვრების წესს მისდევენ.
ორსულობის შეწყვეტის ჩვენებები:

  • პირველადი ტუბერკულოზური ინფექცია;
  • ფილტვისა და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოთა ტუბერკულოზი;
  • ნაწლავების, ჯორჯლის ლიმფური კვანძებისა და ბადექონის ტუბერკულოზი;
  • ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი;
  • შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზი;
  • სხვა ორგანოების ტუბერკულოზი.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის შეწყვეტა არ შეიძლება. მაგალითად ტუბერკულოზური მენინგიტის, ფილტვის მწვავე მილიარული ტუბერკულოზის, ქვემწვავე დისემინირებული ტუბერკულოზის დროს, რადან აბორტის შემთხვევაში ტუბერკულოზური პროცესი განსაკუთრებით აგრესიული ხდება. გვიანდელ ვადებზე ორსულობის შეწყვეტას რაც შეეხება, ეს მეტად სარისკოა ორსულისთვის, ვიდრე მშობიარობა. რაც შეეხება ტუბერკულოზის მართვას, ორსულობის დროს, ამას ახორციელებს ფთიზიატრი და მეან-გინეკოლოგი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სტაციონარში ორსულობის გეგმური ჰოსპიტალიზაცია ხდება სამჯერ: I ტრიმესტრში, 30-36-ე კვირას და 36-40-ე კვირას. მშობიარობისთვის ჰოსპიტალიზაცია ხდება სპეციალიზებულ სამშობიარო სახლში ან ზოგადი პროფილის სამშობიარო სახლის ობსერვატორიულ განყოფილებაში. არის შემთხვევები, როდესაც ორსულებს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ, ამ დროს დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე ორსულები, დიდი ქალაქების მცხოვრებლები, ეპიდემიური კერებიდან ახალჩამოსულები უნდა შემოწმდნენ კანის ტუბერკულინური სინჯით (მანტუს სინჯი), თუ არ არსებობს მონაცემები, რომ ასეთი სინჯი მცირე ხნის წინ ჩატარდა. აქტიური ფორმის დროს ორსულობის გართულება უფრო ხშირია, ვიდრე არააქტიურის დროს. იმატებს ადრეული ტოქსიკოზების, რკინადეფიციტური ანემიის, ფეტოპლაცენტური უკმარისობის, ნაყოფის რესპირატორული დისტრესის, ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. არსებობს აგრეთვე ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ნაყოფის ინფიცირების (ტრანსპლაცენტური გზით ან ინფიცირებული ამნიონური სითხის ასპირაციის დროს) და ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის შედეგად ანტენატალური სიკვდილის საფრთხეც. რაც შეეხება ტუბერკულოზის დიაგნოსტიკას ორსულებში საწყისი ფორმებისა და მისი გამწვავების დიაგნოსტიკა ორსულობის დროს რთულია, რადგან ამ დროს კლინიკური სურათი ხშირად წაშლილია, ტუბერკულინისადმი მგრძნობელობა - დათრგუნული, გარდა ამისა, ედს-ის მატება, ანემია, მცირედ გამოხატული ლეიკოციტოზი ორსულებთან ბუნებრივადაც გვხვდება. ფილტვის აქტიურ ტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში ორსულებს, რომელთაც მანტუს სინჯი დადებითი აქვთ, აღენიშნებათ სიმპტომატიკა, რომელიც ტუბერკულოზზე ეჭვს ბადებს: ხველა, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს, სისხლის არსებობა ნახველში, ღამის ოფლიანობა, წონის დაკლება და ცხელება, - განურჩევლად სინჯის შედეგისა და ორსულობის ვადისა, სჭირდებათ გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა აქტიური ფილტვისმიერი პროცესის გამოსავლენად. ამ მეთოდის შიშმა შესაძლოა დიაგნოსტიკა დააგვიანოს და შორს წასულ ტუბერკულოზურ პროცესამდე მიგვიყვანოს. გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ორსულებისთვის იყენებენ სპეციალურ მეთოდებს და დამცავ საშუალებებს, რომლებიც ნაყოფის ზიანს მაქსიმალურად ამცირებს.

სიფრთხილის ზომები

  • სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის 12 კვირის შემდეგ.
  • გამოყენებულ იქნეს ტყვიის შემცველი რეზინის წინსაფარი.
  • აკრძალულია: ფლუოროგრაფია და რენტგენოსკოპია.
  • ოპტიმალურია: დაბალციფრული რენტგენოგრაფია; ნეფროტუბერკულოზის დროს - ექსკრეტორული უროგრაფია, ქრომოცისტოგრაფია, რეტროგრადული პიელოგრაფია.
ტუბერკულოზით დაავადებულმა ორსულებმა, დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაიწყონ მკურნალობა, არანამკურნალევი ტუბერკულოზი ძალიან საშიშია, როგორც ორსულისთვის ასევე ნაყოფისთვისაც. მკურნალობისას მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, კარგი ფსიქოლოგიური განწყობა, სრულფასოვანი კვება.

დიაგნოზი

მკურნალობა

ლატენტური ტუბერკულოზი

· რიფამპინის 4 თვიანი ყოველდღიური რეჟიმი

· იზონიაზიდი და რიფამპინი 3 თვე ყოველდღიურად

· 6 ან 9 თვიანი ყოველდღიური მკურნალობა იზონიაზიდით პირიდოქსინის(B6 ვიტამინი) დამატებით

· ორსულთათვის, რომლებიც იღებენ იზონიაზიდს, რეკომენდებულია 25-50 მგ\დღეში პირიდოქსინის დამატება, პრეპარატის შესაძლო უარყოფითი ეფექტის გამოსასწორებლად. მშობიარობის შემდგომ პერიოდში, 3 თვის განმავლობაში, უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევები.


ტუბერკულოზის დაავადება

· მკურნალობის საწყისი ეტაპია იზონიაზიდი, რიფამპინი და ეთამბუტოლი ყოველდღიურად 2 თვის განმავლობაში, ამის შემდეგ იზონიაზიდით და რიფამპინით მკურნალობა ყოველ დღე ან კვირაში 2ჯერ 7თვის განმავლობაში.

· სტრეპტომიცინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ნაჩვენებია, რომ მას აქვს მავნე ზეგავლენა ბავშვზე.

· პირაზინამიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მისი გავლენა ბავშვზე უცნობია.

აივ ინფექციასთან დაკავშირებული ტუბერკულოზის დაავადება

· ტუბერკულოზის დაავადების მკურნალობა აივ ინფიცირებული ორსული ქალებისთვის ისეთივე უნდა იყოს, როგორც არაორსულთა, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს დამატებით მოსაზრებებს.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ქათამაძე
ანა ქათამაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0