x
მეტი
  • 10.12.2022
  • სტატია:124231
  • ვიდეო:355550
  • სურათი:496976
„ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ბუსტერი 40-ჯერ“ - პაატა იმნაძე

image

"შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ორჯერ აცრა "ომიკრონის" შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ, ხოლო "ბუსტერი" 40-ჯერ მეტად იცავს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან ასევე სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა.

"ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა "დელტა", მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს.

ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე არ გაიქცეთ, გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს, სწრაფი ტესტი კარგად იჭერს.

ხან "პისიარიც" ვერ იჭერს - ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისვე თქმით, "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და "დაბუსტულებში".

"ომიკრონს" ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და "დაბუსტულებში". აქედან გამომდინარე, არ ვიცით, "ომიკრონი" როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ "ომიკრონი" ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს "ომიკრონი" და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ "ომიკრონისგან", როგორც ვიცავდით თავს "დელტასგან". ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, "დავიბუსტოთ" და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.


* * *
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს. როგორც წერეთელი წერს, „ომიკრონის“ ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელ იმუნიტეტს. მისი თქმით, „ომიკრონი“ ადვილი ფორმა არაა.

„ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის ვისაც „ომიკრონი“ არაფრად მიაჩნია, ჰგონია რომ ვირუსის გადატანა უკეთესია ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი „პატიმრის“ ახირებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა.

1️⃣ სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი, რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა, რომ „ომიკრონი“ არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას, როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.

2️⃣ კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელ იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.

3️⃣ ვაქცინაცია ეხმარება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულმა პირებში ინფიცირების დასაწყისში „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში, მათი ნეიტრალიზაცია გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომაც არის რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის რომ ზოგადად ომიკრონი ადვილი ფორმაა.

4️⃣ და ძალზე საყურადღებო, გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვირუსი შესაძლებელია, აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა“, - წერს ზაზა წერეთელი.

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0