„როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ“ - როგორ ეხმაურებიან „ფეისბუქზე“ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დღეს სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მათ მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ.
მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით შეეფარდათ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, სასჯელისგან გათავისუფლდნენ. სასამართლო პროცესს, რომელიც რეზონანსულობით გამოირჩევა, თავად მამუკა ხაზარაძე, ასევე საზოგადოების ცნობილი პირები და პოლიტიკოსები „ფეისბუქზე“ ეხმიანებიან. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი - "მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს. ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ! ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,
სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს. ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში... ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს".
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი - „ნეტა, პროკურატურაში ვინმეს მაინც არ უტყდება, ასე რომ ამასხარავებს მათ ივანიშვილი?“
"ნაციონალური მოძრაობის წევრი" რომან გოცირიძე - "ეს წერილი სამი წლის წინ დაიწერა, როცა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე აღიძრა. ფაქტობრივად, ისე მოხდა, რასაც აქ ვწერდი. (იგულისხმება წერილი სათაურით - მრავალმოქმედებიანი პიესა თიბისი ბანკზე, რომელსაც ჯერაც ბოლო არ უჩანს" - ავტ) საქმე მთლიანად პოლიტიკურია და პროცესი უკანონო, ვინაიდან, რომ არა ფულის გათეთრების თემის შემოტანა, საქმე ვერც აღიძვრებოდა ხანდაზმულობს გამო და ვერც ვერანაირი განაჩენი დადგებოდა. თავიდანვე საქმის წამოწყების მიზანი მათი რეპუტაციის შელახვა და ანაკლიის პროექტის ინვესტორების დაფრთხობა იყო. აუცილებელია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ანაკლიის პროექტის გაჩერებით ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა“.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი - „პირველ რიგში ვულოცავ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს ფიზიკურ თავისუფლებას. ამასთანავე ავღნიშნავ, რომ გადაწყვეტილება არის აბსურდული, რადგან განაჩენი დადგა დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებაც არ იყო წარდგენილი. უფრო მეტიც, პროკურატურასაც არ ჰქონდა ამ კუთხით ძიების უფლება. როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ… ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.“
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია - „ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა. ხომ დამტკიცდა, რომ სამი წელი ტყუილად ატარეს პროკურატურასა და სასამართლოში, აბრალეს ყველანაირი საზიზღრობა! ვითომ საქმის ხანდაზმულობის გამო აღარ ვიჭერთო, გადასარევად იცოდა ხელისუფლებამ, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოყვებოდა დაჭერას და ასე გამოძვრა. და მოსამართლე რომ ნაწერს ვერ კითხულობდა რაღარც მომენტში?“
პოლიტიკოსი დავით დარჩიაშვილი - „ბოლომდე უსინდისობა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ვერ გაბედეს: ესე იგი, რაღაც საღ აზრს ჯერ კიდევ ექვემდებარებიან.“
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.