პოეზია "ქაშუეთის წინ" და სხვები - რეზო ამაშუკელის 5 საუკეთესო ლექსი 2022, 10 იანვარი, 17:03 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.პოეტის ლექსები ჯერ კიდევ 1957 წლიდან იბეჭდება, გამოცემული აქვს რამდენიმე ლექსების კრებული და პოემები.დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიით (1968).ქვემოთ გთავაზობთ რა თქმა უნდა პირობითად, ჩვენი აზრით პოეტის 5 საუკეთესო ლექსს: მე ვარ თამადა,
ამ სუფრაზე შენ ხარ რჩეული,
გამითამამდი,
ჩემთან ყოფნას გადაჩვეული.
სიამით ბრწყინავ
და ბავშვივით თვალს ვერ აშორებ,
ისე ვით წინათ,
ნაძვის ხეზე სათამაშოებს.
სახლიკაცები
ახალ-ახალ სასმისებს სვამენ,
– ახალწლის ღამე,
ბედნიერი ახალწლის ღამე!
აწი და აწი
ემატება სუფრას გალობა,
მაღალი ყანწით
დაგილოცავ ქართველ ქალობას.
წამით ვფიქრდები, –
მეხატები თვალწინ თავიდან
თეთრი წინდებით,
დიდი ბაფთით და ნაწნავითა.
გამოიცვალე,
ცოტა გახდი, ცოტა დაქალდი,
გამოვიცანი,
რად მახსოვდი თურმე აქამდი.
სახლიკაცები
ახალ-ახალ სასმისებს სვამენ,
– ახალწლის ღამე,
ბედნიერი ახალწლის ღამე!
(ახალი წლის ღამე 1960)მზე ზანზალაკად ეკიდა...
შუაფხოელი შუახნის
წამოიწია თექიდან...
წამოაქცია კურატი,
გამოუღადრა კისერი,
ატყდა ღრეობა პურადი-
კაცი არ დარჩა ფხიზელი.
ლუდით და ჟიპიტაურით
გამტყვრალი ხალხი ეყარა
და ხერხემალში ხმაურით
შემოდიოდა ქვეყანა.
ვიჯექი, ჯვარი მეწერა,
მშვიდი, მწყაზარი სახითა,
რომ მერე ლექსად მეწერა,
რასაც დღე გულზე მახლიდა.
მზემ რომ მოხვრიპა ზედაშე,
ხატს უხმოდ გამოვესალმე...
და საღამომდე მე და შენ
ვკრიფეთ ცისფერი კესანე.
მოვედი, ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე....
მთვარე, მე, შენ და არაგვი
მთვრალი ვიყავით ოთხივე.
ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
– ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ნუ მეკითხები
ასე რატოა:
ვინ _ ვინ ჩაწიხლა,
ვინ _ ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორხილებს
– ადამიანი,
უკვე მარტოა!
არ უნდა ამას
დიდი მიტინგი,
ჭკუათმყოფელმა,
ვინც კი სანდოა,
იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,
მავანი ისევ
მხოლოდ ღადოა,
დრო მაინც ყველას
კუთვნილს არგუნებს,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ზოგს ნინო უყვარს,
ზოგს ქეთევანი,
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,
ვის დაფნა ერგო,
ვის სატევარი,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,
ზოგს დავიწყების
თოვლმა ათოვა,
სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს...
– ადამიანი
უკვე მარტოა!
ქვეყნად რამდენმა
ხატა, აშენა,
სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,
ისევ ოცნების გადასარჩენად...
– ადამიანი
მაინც მარტოა!
თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
– გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
– ადამიანი მაინც მარტოა!
წუთისოფელი
თავის გზით მიდის,
თვალსაწიერიც უფრო ფართოა,
ყველამ ჩახედოს
საკუთარ სინდისს,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ჭიქა-ღვინოზე
თავის შექცევით,
ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,
ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,
– ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემის თავის
არც რა დარდი მაქვს,
მაგრამ არ ახსოვს
მრავალ დარდიმანდს,
დრო იყო,
ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,
დრო იყო,
კლიტე ეპყრა შადიმანს!
ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი
ან აყვირებით,
ან გაყუჩებით?!
– `გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები!~
განწმინდეს,
ნათლეს,
რა არ იღონეს,
ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,
(ვწერ
უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)
– ადამიანი
მაინც მარტოა!
რაც უნდა აშრო
ბედის ხორბალი,
ბოლო არჩივი
მაინც ქატოა,
ფიცარი ფუყე და გამომპალი...
– ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემსას ვიტყვი,
გინდა მომკალი,
– სამყარო,
აი, რაც უზადოა!
ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი _
– ადამიანი
მაინც მარტოა!
... ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
დიდხანს აგროვა,
– მერე,
რა მერე?
`მერეს~ ლოდინში...
– ადამიანი მაინც მარტოა!
ცა მოწყენილი და საავდროა,
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,
და ეკითხება
გამვლელ-გამომვლელს: _
– ახლა რა დროა?!
ახლა რა დროა?!
არც მიფიქრია
თქმა რამე ახლის,
მე რა თავს ვახლი
ასე რატოა?
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი...
– ადამიანი მაინც მარტოა!
(ქაშუეთის წინ) ისევ გაწვიმდა.
ხვალინდელ იმედს
პატარა ეჭვი ბზარივით ახლავს,
და მაგიდაზე საფერფლეს მძიმეს
ესმის ტალღების სიმღერა ახლაც...
ამ ნიჟარაში ზღვა იყო ადრე,
ახლა ფერფლია
და ჩემი სევდა,
ასკილის ტოტი აწყდება სარკმელს,
რომ თვალი მოჰკრას შორიდან ზედანს!
გარეთ წვიმს,
მაინც როგორ წრიალებს
თიხის სურაში
ველური ტოტი!..
ზამთარი აღარ დააგვიანებს –
შორი ტყეებით ზამთარი მოდის!..
მე ტკივილივით ვინახავ ჯერაც
სიმღერას –
უკვე ძველსა და ჩავლილს,
აქა-იქ გაკრულ ამღვრეულ ფერადს
თანდათანობით გაუდის ყავლი...
ყვითელ გობელენს ედება კვამლი,
შეზავებული ზაფრანის ფერთან,
და მოგონება,
ვით შუშა წამლის,
ჭიქაში უხმოდ წვეთავს და წვეთავს.
კედელთან დაწვა
და გაიშალა
თამბაქოს კვამლის ცისფერი ზოლი...
და ისევ ესმის მძიმე ნიჟარას
სამხრეთის ზღვების
სიმღერა შორი...
(ნიჟარა) ვერ დამაბრალებს ცის ქვეშ შობილი
ფარისველთა მრუდე ხელობას!
- დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი
და შერიგებას სთხოვ ქართველობას!
გაჰყვება მარად დამალულ დარდად,
ვინც ვერ იომა,
ვინც ვერ გარისკა!
-გწერ არა როგორც უმაღლეს სარდალს,
არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს!..
მიკბენენ კვლავაც: _
იქ რად არა ხარ?!
კვლავ შემიღრენენ ავად მგეშავნი...
რა ვქნა,
ვერ გავხდი სხვის დასანახად
ხმალამოწვდილი გარდანქეშანი!
ვერ მოვახერხე, რაც უნდა მეთქვა,
ვერ ამოვღერღე ნაღდი სტრიქონი!
- დღეს ქართვლის გული
სოხუმში ფეთქავს,
დღეს აფხაზეთი არი დიდგორი!
ბევრს გარეცხილი შერჩა ნამუსი,
დროს ელოდება ჩუმ-ჩუმად დღესაც,
ზოგი ბანაობს სიასამურში _
- შორიდან ესმის მამულის კვნესა!
ვინ მეტყვის,
მტრობის მწარე ნაყოფით,
ყურში ჩურჩულით და ხმის კანკალით,
ვინ სად და რისთვის არის ნამყოფი,
ვინ მსტოვარია,
ვინ მაჭანკალი?..
დრო მოვა, მაგრამ ახლა არ არის
გარჩევის ჟამი, შავის და თეთრის!
ისედაც მოჩანს დედალ-მამალი:
- ვის ფლასი მოსავს,
ვის ჯაჭვი მხედრის!
ის რაც მოგვწერე, იყო ანდერძი,
შთენილმა მარტოდ, შეშლილი ღამით,
ანდერძი,
ლოცვად გამონაძერწი,
შეწირულ შვილის,
მაშვრალი მამის!..
არ ეღირსება ჩემს დამაწყევარს
ობლობა ჩვენი,
ვაი და ვიში,
და ურჩხულს კვლავაც დასცემს სატევარს
აღმაშენებლის მოდგმა და ჯიში!
მე შინაურმაც მრავალჯერ დამკლა,
მასხურა შხამი,
დამიგო მახე...
... ვჭვრეტ ცეცხლმოდებულ კუდიან ვარსკვლავს,
გადამწვარ სოფლებს, აჩეხილ ბაღებს...
ვდგავარ ღამეში ანთებულ სანთლით,
შხივის შროშანი შიშინით, ნელით,
-დღეს იწერება ცხოვრება ქართლის,
ბიჭების სისხლით, დედების ცრემლით!..
რა გითხრა,
ანდა რის მაქნისია,
ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?!
დიაღ, სამშობლო შენი ღირსია,
მთლად დარუბანდით და დარიალით!
და მაპატიე კოჭლი სტიქონი,
რაც უნდა მეთქვა,
თუ ვერ გითხარი...
- დიაღ! სოხუმი არი დიდგორი,
ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!
(დიაღ! სოხუმი არი დიდგორი!) (წერილი ედუარდ შევარდნაძეს სოხუმში) 1033 2-ს მოსწონს 1-ს არა
|