"ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით" - ვატო წერეთელი
!["ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს,
რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა
თარიღით" - ვატო წერეთელი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022010816375592966.jpg)
"ტვ პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის კომენტარს ეხმიანება, რომლის მიხედვით მან დასკვნა დამკვეთს დაუმალა. შესაბამისად, ვატო წერეთელი მიიჩნევს, რომ დასკვნა შეთხზულია.
"ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა "ტვ პირველმა", ხელშეკრულება გააფორმა "ტვ პირველთან". ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს, რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!
დასკვნას ხელი მოეწერა 30-ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან.
ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.
ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა”, -წერს ვატო წერეთელი.
შეგახსენებთ, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, დასკვნის პროექტი მისთვის 30 დეკემბრამდე იყო ცნობილი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია დამკვეთისთვის, "ტვ პირველისთვის" გადაეცა.
ცნობისთვის, UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა.