x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139101
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
გვახსოვდეს...დროებით ვართ ამ ქვეყანაზე. ლაშა მარგიანი
ახლა ასე ვარ,
არაფერს ვგრძნობ
და ამის განცდა მფატრავს შიგნიდან,
სათქმელს ისევ ნახველს ვაყოლებ.
იცი,
მე მხოლოდ გამიგია,
ჭიანჭველები თუ როგორ ხრავენ,
ტვინის ფსკერზე გაჭიმულ ნერვებს,
სუსტი სარეცხის თოკებივით
რომლებზეც უკვე
მე გასაშრობად გადავკიდე ყველა ოცნება,
გაუწურავი,
სისხლისაგან,
ცრემლებისაგან,
მერე იქიდან მიძვრებიან გულში, თვალებში
და მაჯებიდან ამოდიან ხელისგულებზე
ისეთი მწარე, დამცინავი, ეშმაკის სახით,
რომ თითქოს ვიღაც,
თბილ ხელებში ლურსმნებს კი არა,
საკუთარ ძვლებს
და იმედებს
და ლოცვებს გაჭედებს...
საშინელია ეს დამპალი სიცარიელე,
გამოსავალი არ არსებობს მიჩვევის გარდა
და თუ ამასაც მიეჩვიე, დანებდი, დათმე,
შეშლილი არ ხარ,
შენც ისეთი ჭიანჭველა ხარ,
რომელმაც სხვები მიიყვანა თვითმკვლელობამდე.
სხვა დანარჩენი სისულელე იყო მანამდეც
და ახლა ვხვდები,
რომ ეს ლექსი ჩემს თავს ვუამბე,
თვითონვე მანამ,
სანამ დაწერას დავიწყებდი,
სანამ დავწერდი
და სანამ უკვე იმ ფურცლიდან წავიკითხავდი,
რომელიც მძიმე ცოდვასავით ამოვგლიჯე რვეულს გულიდან,
ფარატინა, სუფთა ფურცელი,
თეთრი ფურცელი, ნაცრისფერი მკრთალი ხაზებით,
რომლებიც თითქოს უბეღურო მავთულებს ჰგავდნენ,
ან თხელ ვენებს,
ან წვრილ სისხლძარღვებს,
ცივი რვეულის თოვლიან და მტვრიან ზამთარში,
რომლებზეც შევსვი ეს სიტყვები ღამენათევი,
ძილგამტყდარი ბეღურებივით
და მერე გუნდა გავაკეთე ისე დავჭმუჭნე
და არაბავშვურ, ნერვიული შეშლილის სახით ვესროლე კედელს,
რომელსაც ზოგჯერ ვეყუდები, ზოგჯერ კი ვანგრევ,
ოთახში სადაც მხოლოდ ჭერთან არის ჰაერი
და იატაკზე მტვერივით დევს ჩემი სიცოცხლე.
ცას ეშინია ჩემი ფრთების,
ეშინია, რომ გავშლი
და არ მეყოფა მისი სივრცე,
ცას ესმის ჩემი ფრთების ღრიალი,
რომელიც კოსმოსის სიჩუმეს არღვევს.
ცას შებოჭილი ვყავარ და შესაძლოა,
კოსმოსივით ფარავს ჩემი სულის სიღრმეს,
მაგრამ როგორც ჩემს ფრთებს ვერ დაუმალა ვარსკვლავები,
ისე ვარსკვლავებს ვერ დაუმალავს ჩემს ფრთებს.
მინდა ჩასული მზე დავხატო,
ჰო, ჩამავალი კი არა - ჩასული,
მაგრამ ისე,
რომ ჩემს ნახატში არ იყოს ღამე.
მზისგულიანებო,
მთვარეზე ამოსულო მზესუმზირებო
ავხედოთ ცას და ვიღრიალოთ,
თუ როგორ გვიჭერს,
რომ ერთნაირად არ მიდიან,
დღეები და ღამეები.
ჩვენ გვავიწყდება,
რომ დროებით ვართ ამ ქვეყანაზე
და უფრო მეტიც გვავიწყდება,
რომ ერთმანეთი სამუდამოდ უნდა გვიყვარდეს.
image
0
86
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0