ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე (კახა) ლომაია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგში აღარ ჩანს.
“სად ვართ რუსეთ-უკრაინის კრიზისში?
გუშინ ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა. მანამდე, 30 დეკემბერს, პუტინს. გუშინვე სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. დღეს გამოცხადდა, რომ გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში მიემგზავრება. 9-13 იანვარს ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში დანიშნულია შესაბამისად, აშშ-რუსეთის, რუსეთ-ნატოს და რუსეთ-ეუთოს მოლაპარაკებები. აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დონე ძალიან მაღალი არ არის - ხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები.
ბაიდენის სასტარტო პოზიციები არ შეცვლილა: (1) სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას: (2) უკრაინა და ნატო თავად გადაწყვეტენ უკრაინის გაწევრიანების საკითხს; (3) რუსეთმა დიპლომატიური გზებით უნდა განმუხტოს მის მიერ შექმნილი კრიზისი; (4) თუ რუსეთი ხელახლა შეიჭრება უკრაინაში, მას აქამდე არნახული დასავლური სანქციები დაუწესდება. პუტინი მწვავედ რეაგირებს ახალი სანქციების საფრთხეზე - მას ესმის სანქციების შესაძლო ზეგავლენა რუსულ ეკონომიკაზე.
უკრაინის საზვღებთან თავის 100 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას რუსეთი არ ზრდის, მაგრამ არც ამცირებს, და არც ახალ "სწავლებებს" აცხადებს. როგორც ჩანს, 9-13 იანვრის მოლაპარაკებებზე გარღვევას არ უნდა ველოდოთ. დასავლეთის ტაქტიკა, შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება და რუსეთის ჩათრევაა ხანგრძლივ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. გაზაფხულზე, მასშტაბური სამხედრო მოქმედებების წარმოება პრობლემური ხდება, კლიმატური პირობების გამო. ეს ესმის პუტინსაც, ამიტომ ის ინარჩუნებს უკრაინაში შეჭრის ვარიანტს”, - წერს კახა ლომაია „ფეისბუქზე“.