x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ქართულ სტუმართმოყვარეობას ვასწავლი შვილიშვილებს... ებრაელებს კაცობის დღე გვაქვს და ამ დღეს შვილიშვილებს ჩოხით ვაცეკვებთ დაისს" -კაკული გურიელაშვილი
image

ისრაელში მცხოვრებ კაკული გურიელაშვილს კარგად იცნობს ქართველი მსმენელი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "სამი დალიე", "შეყვარებული ვის არ ჰყოლია" "შაბათია"."წვიმს და შავად შეღებილა მთები "და სხვა, მომღერალი ბათუმში დაიბადა და პატარა ბავშვი იყო, როდესაც საცხოვრებლად ისტორიულ სამშობლოში გადავიდა საცხოვრებლად.ქვემოთ წაიკითხავთ ინტერვიუს 51 წლის მომღერალთან, რომელიც ჟურნალ "თბილისელებს " მისცა.


კაკული გურიელაშვილი: ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობთ, შაბათს ვისვენებთ და ეს დღე იმისთვის არის, რომ ოჯახთან ერთად გაატარო. შენი პირველი ნახევარი, უსაყვარლესი ქალბატონი შენს ნაშოვნს ისე აკვალიანებს, როგორც საჭიროა და ამ დღეს ყველა ერთად ვზივართ და ღმერთს მადლობას ვეუბნებით ყველაფრისთვის. ამას ჩვენი რელიგია გვასწავლის. რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ, მით უფრო მეტი მოგიბრუნდება. ყველაფერი რომ კარგად არის, ზოგჯერ უნდა აურიო კიდეც, რომ მერე ისევ ყვავილები მიართვა მეუღლეს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინო.


– გაიზარდა თქვენი ოჯახი, შვილიშვილები შემოგემატნენ...



– ოთხი შვილიშვილი მყავს – ოთხივე ბიჭი. სამმა მოასწრო საქართველოს მონახულება და მითხრეს, ხომ არ გადავიდეთ საცხოვრებლადო?! ქართული ესმით და კარგადაც ლაპარაკობენ. ქართულ მენტალიტეტსაც კარგად იცნობენ და მოეწონათ საქართველოში ყოფნა. ვუთხარი, ბებია და ბაბუა სიბერეში რომ წავლენ, მერე, ალბათ, ხშირად მოგიწევთ აქ ჩვენთან ჩამოსვლა-მეთქი.


– ძალიან პატარა წახვედით, თუმცა ქართველობა შეინარჩუნეთ, შვილებსაც გადაეცით და უკვე შვილიშვილებსაც. რა ქართული ტრადიციები გაქვთ ოჯახში?


– უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ქართულ კერძებს ვამზადებთ, ქართულ სადღეგრძელოებს ვამბობთ, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ვასრულებთ. ქართულ სტუმართმოყვარეობას ვასწავლი შვილიშვილებს. ებრაელებს კაცობის დღე გვაქვს და ამ დღეს შვილიშვილებს ჩოხით ვაცეკვებთ. მეფე-დედოფალი დაისით იწყებს ცეკვას. ეს ქართული ტრადიციებია. თუმცა, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის, ქართული სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნებაა. ჩემმა შვილებმაც ქართული ოჯახები შექმნეს, ქართველი რძლები მყავს.


– მეუღლე როგორი ადამიანია და როგორია დღეს თქვენი სიყვარული?


– ჩვენი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო და ორმოც წელზე მეტია, სიყვარულით გრძელდება. ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა გგონია, რომ სიყვარული ცივდება. ახალგაზრდობაში უფრო მეტად კარიერაზე ხარ გადართული და ფიქრობ, რომ გრძნობა გაცივდა. ზუსტად ამ დროს უნდა დაანთო ცეცხლი. თუ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული არსებობს, ის არასდროს გაქრება, ბოლომდე შეინარჩუნებ. მაგრამ სადაც სიყვარული არ არის, იქ არ ღირს ყოფნა. ჩვენ ბევრი სიყვარული გვაქვს ერთად: ერთმანეთის, შვილების, შვილიშვილების. ბებია რომ არის, ახლა უფრო მეტად მიყვარს. ჩემსა და მის მონაგარს ის ყველაზე მაგრად ზრდის – დიდ სითბოსა და სიყვარულში. შვილიშვილებთან ერთად მეც მზრდის – ბაბუას. ბაბუა ყველაზე რთულად აღსაზრდელი აღმოჩნდა. მეგონა, წლებთან ერთად ჭკუაც მომემატებოდა და უფრო მეტად ბრძენი ვიქნებოდი, მაგრამ დრო რომ გადის, ვხედავ, რომ ბებია მეტად ბრძენდება და ბაბუა სულელდება (იცინის). მე ბიჭებს ხან ფეხბურთს ვეთამაშები, ხან მაიმუნის როლში ვარ და ხან – ჟირაფის, როგორც მათ გაუხარდებათ. მეუღლე მეუბნება ხოლმე, შენც ბავშვივით ხარ, მოსავლელი გახდიო. მეც შევიფერე ეს მდგომარეობა და მსიამოვნებს.


– მეუღლეს თუ ანებივრებთ თქვენი სიმღერით?



– ჩემი ყველაზე დიდი შემფასებელი მეუღლეა. თუ მას მოეწონა, ის სიმღერა გამართლებულია. თუ მას არ მოეწონა, გამორიცხულია მე ის ვიმღერო. შეიძლება, გასაკვირია, მაგრამ ამ დროს ის ცოლქმრობას გვერდზე დებს და ჩემს კარიერას ცივი გონებით უდგება.

ჩვენთვის ოჯახი ყველაფერია. დილით რომ ვიღვიძებთ, გამოვდივართ ოთახებიდან და ერთმანეთს ვკოცნით. დასაძინებლად რომ მივდივართ, ერთმანეთს ვკოცნით. გარეთ რომ გავდივართ და უკან ვბრუნდებით, მაშინაც ერთმანეთს ვკოცნით. კარგი ენერგიები ტრიალებს ჩვენს ოჯახში. ცხოვრება ისეთია, რომ გაუგებრობებიც ხდება, მაგრამ როცა სიყვარულია, იქ ესეც გვარდება. როცა ორმოცი წელი ადამიანთან ცხოვრობ და მის სუნთქვასაც კი იცნობ, საყვარელ ადამიანთან ერთად შვილები გააჩინე, მათ კიდევ შვილიშვილები გაჩუქეს და ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს. მილიარდები ოჯახივით ვერ აბედნიერებს ადამიანს.


– შვილებიც მღერიან?


– ორს მუსიკალური კარიერა აქვს. ბიჭი ჩემთან ერთად მღერის ანსამბლში, გასტროლებზეც ერთად დავდივართ. მაგრამ ჩემი გოგო, დამატებით, პედაგოგია. ისინი ისრაელში გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარებიან და ის ამ ორგანიზაციის დირექტორია მთელი ისრაელის მასშტაბით. მესამე მოჭიდავე იყო, თუმცა, სპორტულ კარიერას პროფესიონალურ დონეზე ასრულებს და ახლა სხვა პროფესიას ეუფლება.


– დაქორწინებულები ბიჭები არიან?


– კი, გოგო – ჯერ არა. ახლა დაამთავრა კიდევ ერთი სასწავლებელი.


– ეუბნებით, აღარ გინდა ამდენი სწავლა, ოჯახი შექმენიო?


– არა, ეს არცერთი შვილისთვის არ მითქვამს. მე სიყვარულით მყავს მოყვანილი ცოლი და ახლაც ძალიან მიყვარს. ნეტა შემეძლოს, მთელი მსოფლიოს წინაშე გულის გახსნა, რომ ნახონ, რამდენად მიყვარს ჩემი მეუღლე. მე ყოველთვის მინდოდა, ჩემს შვილებს ოჯახი იმასთან შეექმნათ, ვინც ეყვარებოდათ, ასე ბევრი რამე ადვილდება. ცხოვრების რაღაც პერიოდები, ასეც და ისეც, მაინც რთულია, ჩავარდნები ყველას გვაქვს, ოქროს აკვანში არავინ დავბადებულვართ, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, მასთან ერთად ყველაფერს შექმნი..გააგრძელეთ კითხვა>>>



0
689
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0