x
რუსეთი, NATO, უკრაინა
რუსეთი-ნატო-უკრაინა

2021 წლის ოქტომბრის ბოლოს დასავლურმა მედიამ დაიწყო საუბარი რუსეთის ჯარის მობილიზებაზე უკრაინის საზღვართან. თავდაპირველად ოფიციალური კიევი ამას უარყოფდა, თუმცა შემდეგ დაადასტურა 90 ათასი რუსი სამხედროს მობილიზება უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დონეცკის ოლქი, ლუგანსკის ოლქი). ასეთი მობილიზება უკვე შეინიშნებოდა აპრილში და მაშინაც ამან როგორც დასავლეთში ისე კიევში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა ამჯერად დაძაბულობა გაცილებით დიდია.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს როგორც ბრიუსელში ისე ვაშინგტონში აღიქვამენ დიდ პრობლემად. ჯარის გამოჩენა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვედრებს მართავდა როგორც ევროკავშირის ისე ნატოს ხელმძღვანელებთან. როგორც ბრიუსელიდან ისე ვაშინგტონიდან უმალ წამოვიდა მკაფიო გზავნილი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას შეეცდებოდა, რეაქცია იქნებოდა მკაფიო.

უკრაინა

ნოემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი პრეს-კონფერენციის დროს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 1-2 დეკემბერს იგეგმებოდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რომელსაც სათავეში ოლიგარქი ახმეტოვი ედგებოდა, თუმცა რა თქმა უნდა გადატრიალება არ მომხდარა.


დღითი-დღე ურთიერთობები უკრაინა-რუსეთს, ნატო-რუსეთს, აშშ-რუსეთს შორის სულ უფრო და უფრო იძაბება. განსაკუთრებით შესამჩნევი ეს გახდა მას შემდეგ, რაც კრემლმა მოითხოვა ნატოსგან გარანტიები იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არ გააგრძელებდა გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით, ანუ მოსკოვს სჭირდება გარანტია, რომ ნატოს შემადგენლობაში უკრაინა და საქართველო არ შევლენ, თუმცა ბრიუსელმა ეს მოთხოვნა უგულეველყო, რადგან მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ჩარევას ნატოს გაფართოების პოლიტიკაში.

თუმცა, ნატოსა და აშშ-შ განცხადებები პუტინს არ აბრკოლებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ კანცლერთან ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ მოითხოვა გარანტიები. შემდეგ კრემლში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე რესეთის პრეზიდენტმა ნატოს ტყუილი დააბრალა და თქვა, რომ ნატომ რუსეთი მოატყუა, რადგან ჩვენ დღეს პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ვხედავთ ნატოს რიგებში, ამიტომ მათთვის გარანტიების არსებობა, რომ უკრაინა ნატოს არ შეუერთდება, აუცილებელია.

რუსეთი

დასავლეთში ელოდებიან სიტუაციის ესკალაციას და მოსკოვის თავდასხმას უკრაინაზე იანვრის ბოლოსთვის. მანამდე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის, მოსკოვი კი იმედოვნებს, რომ პირველი პირების დონეზე მოლაპარაკებები იანვარში შედგება. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ ისეთ სანქციებს დააწესებს, როგორიც მანამდე არც რუსეთს და არც მსოფლიოს არ ენახა.

სიტუაცია, რომელიც შეიქმნა რუსეთს, ნატოსა და უკრაინას შორის გვაჩვენებს, რომ რუსეთი არაა უძლეველი. გარანტიების მოთხოვნა ან სხვა ქმედებები არ იქნებოდა, მოსკოვი საკუთარ თავს ნატოზე ძლიერად რომ თვლიდეს (როგორც მოაქვს თავი). დღეს უკრაინის ტერიტორიაზე წყდება როგორც საკუთრივ უკრაინის შემდგომი განვითარების, ასევე მთელი კონტინენტისა და შესაძლოა მსოფლიოს მომავალიც კი. იმ შემთხვევაში, თუ ნატომ დაიხია უკან, როგორც უკრაინა ისევე საქართველო დიდი დროით დაემშვიდოდებიან ორგანიზაციის წევრობის პერსპექტივას, წინაამღდეგ შემთხვევაში კი ან რუსეთი ვერ გაბედავს და არ დაიწყებს ომს, ან პირიქით, ძალის წარმოჩენის და საკუთარი ინტერესის გატარების მიზნით სამხედრო კამპანიას წამოიწყებს უკრაინის წინაამღდეგ. უკრაინა დღეს მოითხოვს ორგანიზაციაში სასწრაფო გაწევრიანებას, თუმცა დღეს ბრიუსელში ამის პერსპექტივა სამწუხაროდ ნამდვილად არ იკვეთება. რეალურად დღეს მსოფლიო პოლიტიკის მთავარი აქტორები დენთის კასრის ირგვლივ არიან შეკრებილი და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ერთ-ერთმა მხარემ ხელი შეუწყოს ამ დენთის კასრის აალებას.

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ამას დიდი გავლენა ექნება როგორც მონაწილე მხარეების ისე დანარჩენი მსოფლიოს განვითარებაზე.

უკრაინა-ნატო

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ბუზალაძე
ალექსანდრე ბუზალაძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0