x
გერმანია 2021 - საპარლამენტო არჩევნები
ბუნდესტაგი,  ბერლინი
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2021 წლის 26 სექტემბერს საპარლამენტო, ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდება, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ იმით თუ ვინ აიღებს უმრავლესობას, არამედ იმითაც თუ ვინ შეცვლის ანგელა მერკელს, რომელიც აღარ იღებს მონაწილეობას და არ იყრის კენჭს კანცლერის პოზიციაზე, რის შესაძლებლობასაც მას არ აძლევს არც მისი ჯანმრთელობა და არც გერმანიის კონსტიტუცია. ანგელა მერკელი კანცლერობის 16 წლისთავზე მიდის, რაც გერმანიაში და ევროკავშირში ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში სწორედ ანგელა მერკელი იყო ევროპისა და გერმანიის, ზოგჯერ არაპოპულარული პოლიტიკის გამტარებელი. თუმცა ცვლილებების დრო ყოველთვის დგება და საინტერესოა ვინ არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერობის კანდიდატები.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური ძალის ლიდერი. უპირველეს ყოვლისა არმინ ლაშეტი - მმართველი კოალიციის, გერმანიის კონსერვატიული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და ქრისტიან-სოციალური პარტიის თავმჯდომარე. გასულ წლებში (2018-2019) ამ ბლოკისგან კანცლერად სხვა პოლიტიკოსს - ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერს განიხილავდნენ, რომელმაც პატიის თავმჯდომარის სკამი 2018 წელს დაიკავა და ანგელა მერკელი შეცვალა თუმცა 2020 წლის 10 თებერვლიდან თავმჯდომარე სწორედ არმინ ლაშეტი გახდა. გერმნიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს. მისი კონკურენტი არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ოლაფ შოლცი და „მწვანეთა“ პარტიის ლიდერი ანნალენა ბერბოკი. დიდი ალბათობით ერთ-ერთი ამ პოლიტიკოსებიდან შეცვლის ანგელა მერკელს კანცლერის პოზიციაზე.

არმინ ლაშეტი,  ანნალენა ბერბოკი და ოლაფ შოლცი

ანნალენა ბერბოკის ირგვლივ ხშირია ვნებათაღელვა. ის არის კანცლერობის პირველი კანდიდატი „მწვანეთა“ პარტიის 40 წლიანი ისტორიის განმავლობაში. მისმა წარდგენამ გერმანიის პოლიტიკურ რეიტინგებში ცვლილებები გამოიწვია, მან თავდაპირველად ანგელა მერკელის მმართველ გუნდსაც გაუსწრო, მისი რეიტინგი 28% ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის 26% იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ივნისის ბოლოს ანნალენა ბერბოკმა წიგნი გამოსცა სახელწოდებით „ახლა. როგორ ვანახლებთ ჩვენს ქვეყანას“ რასაც მოჰყვა ავსტრიელი პლაგიატის მაძიებლის შტეფან ვებერის განცხადება, რომ წიგნის ტექსტი სხვა ავტორების ნაშრომებისგანაა აგებული, რასაც მოჰყვა მისი რეიტენგის კლება. ამას თან დაერთო მის რეზიუმეში არასწორი ინფორმაციის აღმოჩენა და ბენზინის ფასის ზრდის მხარდაჭერა, რამაც მისი რეიტინგი კიდევ უფრო შეამცირა.


ანნალენა ბერბოკი,  "მწვანეთა" პარტია

რაც შეეხება ოლაფ შოლცს - ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქმედი ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრია. სოციალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ცნობილია თავისი პოზიციით, რომ გერმანიამ უნდა გააღრმავოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან ამასთანავე მან განაცხადა, რომ შესაძლოა მისი კანცლერობისას გაიყინოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ თუ რუსეთი მას უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ ოლაფ შოლცს გერმანელები საუკეთესო კრიზისმენეჯერად მიიჩნევენ. აღნიშნული სტატისტიკა გერმანიაში წყალდიდობის შემდეგ გასაჯაროვდა.

ოლაფ შოლცი,  გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

არმინ ლაშეტს ასევე დასდეს ბრალი პლაგიატში. ამ შემთხვევაში საუბარია 2009 წელს ლაშეტის გამოცემულ წიგნზე „რესპუბლიკის აღმავლობა“, რომელიც მან გამოსცა მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამ პლაგიატმა, ისევე როგორც ანნალენა ბერბოკის შემთხვევაში, ლაშეტსაც წაართვა ხმები. არმინ ლაშეტი იგივე პოზიციაზეა რაც ოლაფ შოლცი. ის მოსკოვთან დიალოგის მომხრეა და საუბრობს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყინვაზე თუ რუსეთი მას უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება კანცლერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რითიც დიდი ალბათობით „მწვანეებისგან“ ხმების წართმევას ცდილობს.

არმინ ლაშეტი,  ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი

საინტერესოა მიგრანტების საკითხიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გერმანიაში. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (არმინ ლაშეტი) და სოციალ-დემოკრატიული პარტია (ოლაფ შოლცი) მხარს უჭერენ მიგრანტთა შემოყვანას თუმცა არა იმდენად რადიკალურად როგორც ამას „მწვანეები“ ითხოვენ, რომლებიც მათ მეტ შემოყვანაზე არიან თანახმა.

რაც შეეხება სტატისტიკას, გერმანიაში წყალდიდობის შემდეგ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ოლაფ შოლცის რეიტინგი გაიზარდა, რადგან გერმანელებმა მასში კრიზისმენეჯერი დაინახეს. გამოკითხვებით რომ ვიმსჯელოთ, გერმანელთა უმეტესობა ოლაფ შოლცს უჭერს მხარს, მისი რეიტინგი 35%-ია, არმინ ლაშეტის რეიტინგი 20% ხოლო ანნალენა ბერბოკის 16%. ამ გამოკითხვებით ჩანს, რომ გერმანელებს რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა უშუალოდ აერჩია კანცლერი, სოციალ-დემოკრატების ოლაფ შოლცი დიდი ალბათობით გაიმარჯვებდა თუმცა რეიტინგი განსხვავებულია უშუალოდ პარტიების შესახებ ჩატარებულ გამოკითხვებში, სადაც სოციალ-დემოკრატები არ ლიდერობენ. კონსერვატიულ ბლოკს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიან-სოციალური კავშირი (ანგელა მერკელის პარტია)) ხმას გამოკითხულთა 27% მისცემდა. მიუხედავად ანნალენა ბერბოკის დაბალი რეიტინგისა, პარტიებში სწორედ მის „მწვანეთა“ პარტიას 19% რეიტინგი აქვს, ხოლო სოციალ-დემოკრატებს 18%. გარდა ამ ძირითადი პარტიისა, ბუნდესტაგის არჩევნებში სხვებიც იღებენ მონაწილეობას, რომელთა რეიტინგიც მნიშვნელოვანია. მაგალითად მემარჯვენე პოპულისტურ გერმანიის ალტერნატივს გამოკითხულთა 10% მისცემდა ხმას, გერმანელ ლიბერალებს 12%, ხოლო მემარცხენეებს 6%. ეს ყველაფერი ცხადჰყოფს, რომ ტრადიციული კოალიცია გერმანიაში მოსალონელი არაა. იგულისხმება, რომ ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალების კოალიცია სოციალ-დემოკრატებთან არ იქნება საკმარისი ბუნდესტაგის უმრავლესობის ასაღებად, თუმცა როგორც „მწვანეები“ აღნიშნავენ, ისინიც მზად არიან შეუერთდნენ ასეთ კოალიციას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის არჩევნები 2021 წელს საკმაოდ საინტერესოა, რადგან არ არის კონკრეტული გამარჯვებული. თუ უკანასკნელ ორ არჩევნებში გამარჯვებული ანგელა მერკელი უდაოდ გამოდიოდა, თუმცა არა ერთპიროვნულად არამედ კოალიციურად, დღეს იმის გარკვევა თუ ვინ იქნება გამარჯვებული რთულია თუმცა ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ცხადია, რომ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ბუზალაძე
ალექსანდრე ბუზალაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0