x
უკრაინა - დამოუკიდებლობის 30 წელი - გზა კრავჩუკისგან ზელენსკიმდე
უკრაინა
1991 წლის 24 აგვისტოს დაიწყო საქართველოს პარტნიორი ქვეყნის - უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორია. მას შემდეგ გავიდა 30 წელი და საინტერესოა, რა გზა გაიარა უკრაინამ ამ პერიოდში და რა შეიცვალა ქვეყანაში.

1991 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ (პუტჩი რუსეთში), 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ გამოაცხადა უკრაინის დამოუკიდებლობა რაც დადასტურდა 1991 წლის 1 დეკემბრის სახალხო რეფერენდუმზე. ჩამოყალიბდა დემოკრატიული მმართველობის ფორმა და 1990 წლის არათანმიმდევრული რეფორმების შემდეგ ქვეყანა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა და პოლიტიკური სიტუაციაც გართულდა.

უკრაინის დროშა

1991 წლის 1 დეკემბერს უკრაინის პირველ პრეზიდენტად ლეონიდ კრავჩუკი აირჩიეს, რომელმაც პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 61, 6% აიღო. 1991 წლის 8 დეკემბერს კრავჩუკმა ელცინთან და შუშკევიჩთან ერთად ბელოვეჟის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითიც საბჭოთა კავშირის არსებობა დასრულდა. ქვეყანაში დაიწყო ცვლილებები. მრეწველობის პრივატიზაციამ გამოიწვია კორუფციის ზრდა. ინფლაცია 1992 წლიდან 1994 წლამდე 1000%-ს მიაღწია. 1992 წელს უკრაინა გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. 1994 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, რითიც უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილი მთელი საბჭოთა ბირთვული იარაღი გაიტანეს რუსეთში. ქვეყანაში გართულდა ეკონომიკური მდგომარეობა და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.


ლეონიდ კრავჩუკი - უკრაინის პირველი პრეზიდენტი

1994 წლის 27 მარტს ჩატარდა უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნები, სადაც ყველაზე მეტი ადგილი უკრაინის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო. შეიცვალა მთავრობა. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდა 1994 წლის ივნის-ივლისში, გაიმარჯვა ლეონიდ კუჩმამ. 1994 წლის თავისუფალმა არჩევნებმა ცხადჰყო, რომ უკრაინა დემოკრატიის გზას ადგას. ეკონომიკური სიტუაცია მაინც უარესდებოდა. 1996 წლის 28 ივნისს უმაღლესმა რადამ მიიღო უკრაინის კონსტიტუცია. იმავე წელს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც სათავეში ედგა ვიქტორ იუშენკო, მიიღო ეროვნული ვალუტა - გრივნა, რამაც გააუმჯობესა ეკონომიკური სიტუაცია. 1998 წელს საპარლამენტო არჩევნები ისევ კომუნისტებმა მოიგეს, ხოლო 1999 წელს კუჩმა მეორე ვადით პრეზიდენტად აირჩიეს. 2000 წელს უკრაინაში საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს უნდა დაეფიქსირებინათ აზრი, სურდათ თუ არა, რომ უმაღლესი რადა ორპალატიანი გამხდარიყო, დეპუტატთა რაოდენობა შემცირებულიყო 450-დან 300-მდე, გაუქმებულიყო დეპუტატთა ხელშეუხებლობა და შეზღუდულიყო პრეზიდენტის უფლებები, რასაც 80% მხარი დაუჭირა მაგრამ ეს რეფორმები მაინც არ გატარდა. 1999 წლიდან ვიქტორ იუშენკო იყო უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც იცნობდნენ როგორც რეფორმატორს. 2001 წლის გაზაფხულზე უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რაც გამოიწვია ოპოზიციონერი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობამ, რაშიც ხელისუფლება დაადანაშაულეს. დაიწყო საპროტესტო აქციები ლოზუნგით „უკრაინა კუჩმას გარეშე!“ თუმცა უშედეგოდ. 2001 წელს იუშენკოს მთელი მთავრობა გადადგა, რამაც ბიძგი მისცა ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას.

ლეონიდ კუჩმა

2002 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი „ვიქტორ იუშენკოს ბლოკი - ჩვენი უკრაინა“ მიიღო. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატად ვიქტორ იანუკოვიჩი დასახელდა. ოპოზიცია გაერთიანდა იუშენკოს ირვლივ. არჩევნების მეორე ტურში იანუკოვიჩის გამარჯვება გამოცხადდა რაც არ შეესაბამებოდა ყველა ეგზიტპოლის შედეგს. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რამაც მალე მთელი უკრაინა მოიცვა და ისტორიაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ სახელით შევიდა. ამის ფონზე უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და არჩევნების მეორე ტური 26 დეკემბერს ჩანიშნა, სადაც იუშენკომ 51% აიღო და უკრაინის პრეზიდენტი გახდა. უკრაინაში დაიწყო რეფორმების გატარება, ქვეყანა დაუახლოვდა ევროკავშირს.

ვიქტორ იუშენკო

2010 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიპოვა. იანუკოვიჩი ნელ-ნელა შორდებოდა ევროკავშირს და ქვეყანას მოსკოვისკენ აბრუნებდა. 21 აპრილს მან რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან მოაწერა ხელი ხარკოვის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის საზღვაო ძალებს უფლება მიეცათ დარჩენილიყვნენ სევასტოპოლის (ყირიმი) პორტში 2042 წლამდე, რამაც შემდგომში რუსეთს ყირიმის იკუპაცია გაუმარტივა. 2013 წელს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეენელებინა უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომზადება, რამაც საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ვიქტორ იანუკოვიჩი

2013-2014 წლებში უკრააინაში ევრომაიდანი იყო. 2014 წელს უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. პრეზიდენტი გახდა პეტრე პოროშენკო, ხოლო ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება გამწვავდა, დონეცკმა და ლუგანსკმა გამოაცხადეს შესაბამისად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ეს გადაიზარდა სამხედრო დაპირისპირებაში. რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა და მთავრობამ დაიწყეს რეფორმები, გამოცხადდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და უკრაინამ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და შეუერთდა ევროკავშირის უვიზო რეჟიმს, უკრაინამ გაწყვიტა რუსეთთან დადებული „შეთანხმება მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შესახებ“ და აირჩია გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, თუმცა ქვეყანაში მაინც კრიზისი და კორუფცია სუფევდა რაც გამწვავდა კიდეც სამხედრო დაპირისპირების ფონზე.

პეტრე პოროშენკო

2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოიპოვა. მან დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც განსაკუთრებული იყო იმით, რომ მათზე ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალი ნაწილი მივიდა. ისტორიაში პირველად ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა იმდენი მანდატი პარლამენტში, რომ არ დასჭირდა კოალიცია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის. უკრაინაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა, ინფრასტრუქტურა განვითარდა და ა.შ. 2021 წლის 23 აგვისტოს პირველად ჩატარდა სამიტი „ყირიმის პლატფორმა“, რომელშიც 46 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ყირიმი - უკრაინაა! ზელენსკიმ მიუხედავად ყველაფრისა პარიზში ორმხირივი შეხვედრა ჩაატარა პუტინთან და აღადგინა მივიწყებული "ნორმანდიული ფორმატი" გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ჩართულობით აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების მოსაგვარებლად. უამრავი უკრაინელი ტყვე დაუბრუნდა სამშობლოს და რეკორდულად დიდი ხნის განმავლობაში ფრონტის ხაზზე სუფევდა მშვიდობა.

ვოლოდიმერ ზელენსკი

იმედი მაქვს მომავალში უკრაინა მეტად განვითარდება და განაგრძობს გზას ევროკავშირისა და ნატოსკენ და რაც მთავარია - გაერთიანდება. ვულოცავთ ჩვენს უკრაინის მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს!

З Днем Незалежності України!

Слава Україні! Героям Слава!

უკრაინა

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ბუზალაძე
ალექსანდრე ბუზალაძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0