საქართველო "მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ" - ნიკა გვარამია 2021, 27 დეკემბერი, 14:50 "ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა. ლონდა თოლორაია ბავშვის გაჩენიდან 2 კვირის თავზე აიძულეს დეკრეტიდან გამოსულიყო და მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს.
კაციჭამია რეჟიმითქო, რომ ვიტყვით, უტრირებააო გვეტყვიან. მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ. თუმცა, არც აღარაფერი დარჩა", - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურა აზარაშვილი წარადგინა.
"ბატონი ზურა აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. მე მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი. და კიდევ ერთხელ, ვუსურვებ წარმატებას", - ასე დაახასიათა პრემიერმა ახალი მინისტრი. რაც შეეხება ლონდა თოლორაიას - საქართველოს პარლამენტმა და კერძოდ "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა და მისი დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც სახლემწიფო ინსპექტორი დეკრეტულ შვებულებაში იყო.
„კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა, მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დასაცავად", – აცხადებს თოლორაია. თოლორაიას თქმითვე, კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო „სრულიად კონსპირაციული“ და მასში მონაწილეობა არ მიუღია სამსახურის არც ერთ წარმომადგენელს. 233 2-ს მოსწონს
|