x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ყაბარდოელები - დიდი ყაბარდიის სამთავროს სახელოვანი შვილები
image


ყაბარდოელების თვითსახელწოდებაა ადიღე. ისინი თავიანთ თავს ყებერდეისაც უწოდებენ. მკვიდრობენ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მდინარეების მალკის, ბაქსანისა და თერგის ირგვლივ. 1989 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 386 ათასი ყაბარდოელი ცხოვრობდა. ძირითადად მკვიდრობენ ყაბარდო-ბალყარეთში (დაახლოებით 364 ათასი კაცი). ყაბარდოელთა სოფლები არის ადიღეაშიც. ცხოვრობენ აგრეთვე ქ. მოზდოკსა და მის მიდამოებში (უწინ მოზდოკელ ყაბარდოელებს “მართლმადიდებელ ჩერქეზებს” უწოდებდნენ). ისინი იმ ყაბარდოელი ყმა-გლეხების შთამომავალნი არიან, რომლებიც XVIIIსსა და XIX ს-ში თავიანთ მფლობელებს გაექცნენ და რუსებს შორის ჩასახლებულებმა ქრისტიანობა მიიღეს.


XIXს-ის პირველ ნახევარში ყაბარდოელების ნაწილი ყაბარდოდან ყუბანის სათავეებში გადასახლდა და დღეს ისინი ჩერქეზებად იწოდებიან. ყაბარდოელები ცხოვრობენ აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში.

ყაბარდოელები ლაპარაკობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც კავკასიურ ენათა ოჯახის ადიღეურ-აფხაზურ ჯგუფში შედის. ყაბარდოულ ენას აქვს რამდენიმე დიალექტი: ბაქსანური (დიდი ყაბარდოს დიალექტი), ბესლენური, ყუბანური და მთელი რიგი თქმები _ მალკური, მცირეყაბარდოული, მოზდოკური. თანამედროვე ყაბარდოული (და ჩერქეზული) ლიტერატურული ენის საფუძველს ბაქსანური დიალექტი წარმოადგენს.


სხვათაშორის, 1666 წელს, ევლია ჩელების სიტყვით, მცირე ყაბარდოში ყაბარდოულ ენასთან ერთად, ქართულ ენასაც გამოიყენებდნენ. ყაბარდოელები აღმოსავლეთ ადიღეელებს მიეკუთვნებიან და ადიღეელებსა და ჩერქეზებთან ერთად ადიღეელთა ეთნიკურ ერთობას შეადგენენ. XIII-XIXსს-ში ყაბარდოელები უცხოურ წყაროებში ჩერქეზების სახელით მოიხსენიებიან.


ყაბარდოელთა წინაპრები თავდაპირველად (XIII-XIVსს.) ადიღეელთა საერთო მასას გამოეყვნენ და ყუბანისპირეთიდან თერგის მარცხენა მხარეს _ დიდ ყაბარდოში დასახლდნენ. XV-XVIსს-ში ყაბარდოლეთა ნაწილმა უფრო აღმოსავლეთით, თერგის მარჯვენა ნაპირზე გადაინაცვლა. ასე წარმოიქმნა მცირე ყაბარდო. XVIს-დან იწყება ყაბარდოს რუსეთთან დაახლოების პროცესი, რასაც ყაბარდოზე ოსმალეთის იმპერიისა და ყირიმელი ხანების ხშირი თავდასხმებიც ხელს უწყობდა. 1552 წელს მოსკოვს მათი პირველი ელჩობაც ეწვია. რუსულ ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო, რომ ყაბარდო რუსეთმა 1557 წელს, მეფე ივანე IV-ის დროს შეიერთა. შემდეგ წერდნენ ყაბარდოელთა ხელქვეითობასა და ქვეშევრდომობაზე. სინამდვილეში, რუსეთმა ყაბარდო 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯის ზავით შეიერთა.


XVIIIს-ის ბოლოსა და XIXს-ის დასაწყისში ყაბარდოელები დამოუკიდებლობის აღდგენას რელიგიის საშუალებით ცდილობდნენ. 1825 წელს ყაბარდო ჩართული იქნა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ყაბარდოს უკანასკნელმა ვალიმ (უმაღლესმა თავადმა) ქუჩუკ ჯანხოტოვმა თავისი უფლებამოსილება მთლიანად და საბოლოოდ ცარიზმის ადმინისტრაციას გადასცა. ამ დროს ყაბარდოელების ნაწილი ყუბანის იქით გადასახლდა. დღესაც მათი შთამომავლები ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე და მდ. ლაბის ნაპირებზე ადიღეაში.

1860-1866 წლებში ყაბარდოელების მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებლად თურქეთში წავიდა. ათეულ ათასობით გადასახლებულმა ვერც კი მიაღწია თურქეთს _ შიმშილისა და გაჭირვებისაგან ისინი გზაში დაიხოცნენ.


XVI-XVIIIსს-ში ყაბარდოელი თავადები ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელებისაგან (ოსები, ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარელები, ყარაჩაელები, აბაზები) ხარკს იღებდნენ. ყაბარდოელი თავადების საბჭო ირჩევდა ყაბარდოს უმაღლესი თანამდებობის პირს (“უალია”). ამავე დროს, შემორჩენილი იყო საჯარო ხელისუფლების არქაული ფორმები: სახალხო კრება, მამაკაცთა ფარული კავშირები. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ყაბარდოელთა სხვადასხვა კაბაკები (დასახლებები) განსახლების არეალს, ტერიტორიას ხშირად იცვლიდნენ.


XVI ს-ის პირველ ნახევარში ყაბარდოელებს დასახლებები პიატოგორიეს რაიონსა და თერგის დასავლეთით ჰქონდათ. იმავე საუკუნის დასასრულს ყაბარდოელთა დასახლებები თერგის მარჯვენა ნაპირზეც გაჩნდა. ამავე დროს, მათ ოსეთისა და ინგუშეთის მთიანი ხეობებიდან გამოსასვლელები ეჭირათ და ინგუშებსა და ოსებს ბარში განსახლების საშუალებას არ აძლევდნენ.

XVIIს-ის შუა ხანებში ყაბარდოელთა კაბაკები მდ. სუნჯაზეც წარმოქმნილა. XVIII საუკუნესა და XIXს-ის დასაწყისში ყაბარდოში (ჩერქეზეთის ოკრუგში) სამი ათასი სადგომი იყო. მცირე ყაბარდოში 800 საცხოვრებელ სადგომს ითვლიდნენ. ამას გარდა, კავკასიის მთების მახლობლად, სამხრეთში ტაუზსულთანის ოკრუგში 600 საცხოვრებელი სადგომი იყო აღრიცხული, გილიაკსანში _ 400. იმის გამო, რომ ყაბარდოელთა დასახლებებს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მოძრაობითობა ახასიათებდათ და, ამავე დროს, იმის გამო, რომ კაბაკები ერთმანეთთან ძალიან დაშორებული იყო, ყაბარდოელთა ეთნიკური საზღვრების ზუსტი განსაზღვრა ერთობ ძნელია.

სამეცნიერო ლიტერატურაში ყაბარდოული კაბაკების ხშირი გადაადგილების მიზეზად მრავალი ფაქტორია დასახელებული, რომელთაგან უპირველესად საგარეო პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებენ. ყაბარდო ყირიმელი ხანების ექსპანსიის ხშირი ობიექტი იყო. ყაბარდოს საშინაო ვითარებიდან კი მათ ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი შინაომები სახელდება. აგრეთვე გასათვალისწინებელია ყაბარდოს ურთიერთობა მეზობელ ხალხებთან (ნოღაელებთან, ყალმუხებთან, ვაინახებთან). ისინიც ხშირად აიძულებდნენ ყაბარდოელებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლებულიყვნენ. ჩვენი აზრით, ყაბარდოელთა ხშირი გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე მათი მეურნებობის ფორმით (მეცხოველეობით) იყო განპირობებული _ მოძრაობითობა ხომ თითქმის ყველა ადიღეური მოდგმის ტომს ახასიათებდა. XIXს-ის ავტორებიც აღნიშნულის უმთავრეს მიზეზად სამეურნეო ყოფის თავისებურებას ასახელებდნენ.


კლაპროტი წერდა: “სოფლების ადგილმდებარეობა მუდმივი არაა, რადგან ხშირად, როდესაც სახნავი გამოიფიტება და ტყე განადგურდება, სოფელი სხვა ადგილზე გადაადგილდება”. ყაბარდოელებს ჰქონდათ სახვნელი და საძოვარი ტერიტორიები. აღსანიშნავია თავშესაფარი ტერიტორიებიც, რომლებსაც მრავალრიცხოვანი ფეოდალური ორთაბრძოლების, ყირიმელთა, ყალმუხელთა და ნოღაელთა თავდასხმებისას იყენებდნენ.


image


XVIს-ის ბოლოსა და XVIIს-ის დასაწყისში, 25 წლის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ადგილმდებარეობა “ალკასოვი კაბაკმა”. ისინი ხან დარიალის “გასასვლელში” ცხოვრობდნენ, ხან კი _ თავდაპირველი ადგილსამყოფელიდან ორი დღის სავალზე. ყაბარდოს ცხოვრებაზე ფრიად უარყოფითი გავლენა მოახდინა XVIIIს-ში ფეოდალური ზედაფენის ორ ჯგუფს შორის მიმდინარე ბრძოლამ. ბაქსანისა და კაშტაკავის პარტიებს შორის დაპირისპირება მთელი ერთი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. ამ დროისათვის 17 წლის განმავლობაში (1729-1746წწ.) არსლანბეკ კაიტუკინის მფლობელობაში მყოფმა მოსახლეობამ ოთხჯერ შეიცვალა ადგილსამყოფელი. ამის გამო, ხშირად ყაბარდოელები ყოშებში (კარვებში) ცხოვრობდნენ.


XVIIIს-ის პირველ ნახევარში მუდმივი მოსახლეობა არც პიატოგორიეს რაიონში იყო. ეს ვითარება იმავე საუკუნის ბოლოს შეიცვალა. დასახელებულ რაიონში XVIIIსის ბოლო პერიოდის წყაროებში უკვე მუდმივი დასახლებული პუნქტებია მითითებული. შედარებით იშვიათად იცვლიდნენ ადგილმდებარეობას მცირე ყაბარდოს დასახლებები, თუმცა კაბაკების გადანაცვლება აქაც ხდებოდა.

XVIIIს-ის პირველ ნახევარში მცირე ყაბარდოს ტერიტორიის გაფართოება სამხრეთით, ოსეთის ხეობების მიმართულებით ხდებოდა. XIXს-ის დასაწყისში კი მცირე ყაბარდოელთა კაბაკებმა დასავლეთითა და ჩრდილოეთით გადაინაცვლეს. მართალია, ჩრდილოეთ კავკასიაში ძირითადად ერთი ეთნოსით დასახლებული სოფლები არსებობდა, მაგრამ, XVI-XVIIსს-ის ყაბარდოში შენიშნულია ზოგიერთი პოლიეთნიკური დასახლებაც. ასე რომ, ყაბარდოელებთან ერთად არც თუ ისე მცირე რაოდენობით ოსები, ყუმუხები, ლაკები, დარგუელები, ჩაჩნები და ინგუშები ცხოვრობდნენ.

ყაბარდოელები ყაბარდოს ფარგლებს გარეთაც გადასახლდებოდნენ. XVII-XVIIIსს-ში მათი მიგრაცია ყუმუხის დაბლობში მოხდა. ამავე დროს, ყუმუხების სოფლებში ცხოვრობდნენ გვარები, რომელთა წინაპრებიც ყაბარდოდან იყვნენ მოსული. ყუმუხებში ყაბარდოელთა პირველი დასახლებები 1711 წელს, ყირიმელთა ლაშქრობების შემდეგ გაჩნდა. 1804, 1813 და 1822 წლების აჯანყებებმა ყუბანის გადაღმა ყაბარდოელთა გადინება გამოიწვია.


ყაბარდოს მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში 1804-1811 წლებში მძვინვარებდა. XIXს-ის 30-იანი წლების ბოლოს მცირე ყაბარდოში 23 დასახლებული პუნქტი იყო 1130 კომლით, დიდ ყაბარდოში კი _ შესაბამისად 92 დასახლებული პუნქტი და 2830 კომლი. ყაბარდოელთა ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას მეცხოველეობა წარმოადგენდა. ისინი აშენებდნენ ცხენებს, მსხვილფეხარქოსან საქონელს, ცხვარს, თხას. მისდევდნენ სამომთაბარო მეცხოველეობას; ზაფხულში მთის _ საძოვრებზე, ზამთარში _ სტეპებში.


image


ყაბარდოული ფოლკლორი გამსჭვალულია მესაქონლეობითი თემებით, განსაკუთრებით ხშირად უმღერიან ჯოგებსა და შესანიშნავ ცხენებს. მეცხოველეობაში წამყვანი ადგილი სწორედ მეცხენეობას ეჭირა. საყოველთაო აღიარება ჰქონდა მოპოვებული ყაბარდოული ჯიშის ცხენებს. წარსულში ცხენის ხორცსა და რძეს მიირთმევდნენ, მაგრამ ცხენი ძირითადად ფასდებოდა როგორც საჯდომი (სატრანსპორტო) საშუალება. ყაბარდოული ცხენის ჯიში განსაკუთრებული ამტანობით, გამძლეობით გამოირჩეოდა; ცხენებს 3-4 წლიდან ხედნიდნენ. ხშირად აწყობდნენ დოღს. ცხენებს ყაბარდოელები დამღებით გამოარჩევდნენ. ყველა გვარს მისთვის დამახასიათებელი დამღა ჰქონდა.


მიწათმოქმედება ყაბარდოელთა განსაკუთრებული საქმიანობა არასოდეს ყოფილა. XIXსმდე მარცვლეული კულტურებიდან პირველი ადგილი ფეტვს ეკავა. ყაბარდოელებში მიწათსარგებლობა სათემო იყო. მიწის გადანაწილება ერთი დასახლებული პუნქტის ფარგლებში ყოველწლიურად ხდებოდა.

XIXს-ის 70-იანი წლებიდან ყაბარდოელებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს მიწათმოქმედებას (სახვნელსათესი ფართობების ზრდა, ფეტვის ხვედრითი წილის შემცირება და ხორბლის, ქერისა და უფრო მეტად სიმინდის ნათესების ფართობების ზრდა).


საერთოდ, ყაბარდოელებს (და აგრეთვე ჩერქეზებს) “მთიელ ხალხად” თვლიან. მაგრამ მათ შესახებ ეს ტერმინი შეიძლება პირობითად ვიხმაროთ. ყაბარდოელთა და ჩერქეზთა სოფლები განლაგებულია სტეპებსა და მთისწინეთში. XIXს-ის შუა ხანებამდე დასახლება შეჯგუფული ტიპის ჰქონდათ. ყაბარდოელთა სოფლები ადრე შედარებით პატარა იყო, მაგრამ 1860-იან წლებში, მიწის რეფორმის შედეგად, ყაბარდოელთა სოფლები გაამსხვილეს. 116 პატარა სოფელი გაერთიანებული იქნა 39 დიდ აულში, რის შედეგადაც ადრინდელი პატარა სოფლის სახელწოდებანი უბნის სახელებად იქცა. საცხოვრებელი სახლის ჩონჩხს წარმოადგენდა ხის ბოძები, რომელიც თხილის ტოტებით იყო მოწნული და თიხით იყო გალესილი. ასეთი ტიპის სახლი _ მსუბუქი მოწნული ნაგებობა _ ადიღეელებისათვის ძალიან ძველ დროში იყო დამახასიათებელი, რაც არქეოლოგიური ძეგლებითა და მოგზაურთა ჩანაწერებით დასტურდება.

ოთახების რაოდენობა განსაზღვრული იყო ოჯახში საქორწინო წყვილთა რაოდენობით. სამეურნეო ნაგებობებიც მოწნული ტოტებისაგან იყო აგებული, რომლებიც ჩალით და თივით იყო გადაფარებული და რომლებსაც ხშირად მრგვალი ანდა ოვალური ფორმა ჰქონდათ. განსაკუთრებით თავისებური იყო ორიგინალურ სახურავიანი მრგვალი სამზარეულოები. მოწნული მრგვალი ნაგებობების ცენტრში მიწაში ბოძი იყო ჩასმული, რომლის თავზე ურმის თვალი იყო წამოცმული. თვლის ფერსოზე ამაგრებდნენ ხის ხარიხებს, რომლის მეორე ბოლოები ჩალაგებული იყო ნაგებობების კედლებში. ხარიხებს ზემოდან ჩალას ან თივას აწყობდნენ. ასე რომ, სამზარეულოს მრგვალი, სოკოსმსგავსი სახურავი ჰქონდა. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ასეთი ტიპის მრგვალი ნაგებობები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ყაბარდოელთა წინაპრები ადრე მომთაბარეები იყვნენ და იურტებში ცხოვრობდნენ.

ეს მოსაზრება გასაზიარებელია, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ყაბარდოული კაბაკები მოძრაობითობით ხასიათდებოდა, ხშირად იცვლიდნენ ადგილმდებარეობას და აგრეთვე იმასაც, რომ ყაბარდოელთა მეცხოველეობაში წამყვანი მეცხენეობა იყო. თავადებს, აზნაურებს და დაწინაურებულ გლეხებს საცხოვრებელი სახლების გვერდით, აშენებული ჰქონდათ სასტუმრო სახლებიც. ფეოდალების სახლებს ყმა-გლეხები და მონები აგებდნენ, დანარჩენები კი თვითონ იშენებდნენ, თუმცა ამ დროს მეზობლებმა და ნათესავებმა ურთიერთდახმარებაც იცოდნენ. მამაკაცები სახლის მოწნულ კარკასს აშენებდნენ, ქალები კი მას თიხით ლესავდნენ. ყაბარდოელთა ტანსაცმელი თითქმის ისეთივე იყო როგორც სხვა ჩრდილოეთკავკასიელებისა.


გარეგნულად ყაბარდოელები მაინც გამოირჩეოდნენ დასავლეთ ადიღეელებისაგან და აბაზებისაგან. მაგალითად, ზღვისპირა აბაზები თუ გრძელ თმებს ატარებდნენ, ყაბარდოელები, როგორც თავს, ისე წვერს იპარსავდნენ.

ყაბარდოელებმა პურის კულტურა არ იცოდნენ. ის რუსებისაგან შეითვისეს. მათი ძირითადი საჭმელი იყო “პასტა” _ ფეტვის ბურღულის უმარილო სქელი ფაფა. სქელ გაციებულ ფაფას ნაჭრებად ჭრიდნენ და ისე შეექცეოდნენ. “პასტა” ყველა ადიღეური ტომისათვის, მათ შორის, აფხაზებისთვის ტიპური იყო. კავკასიის სხვა ხალხებმა “პასტის” მსგავსი საჭმელი არ იცოდნენ. ყველაზე საპატიო სტუმარი ჩვეულებრივ მარტო მიირთმევდა საჭმელს. მხოლოდ სტუმრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაჯდებოდა მასთან ოჯახის უფროსი, თანაც იმ შემთხვევაში, თუ კი იგი სტუმარზე უფრო ახალგაზრდა არ იყო.


XVI-XVIIIსს-ში ყაბარდოელები უპირატესობას ანიჭებდნენ კერასთან გამომშრალ მაგარ ყველს. მართალია, ყაბარდოში ფეოდალური წეს-წყობილება იყო გაბატონებული, მაგრამ თავისებურებით ხასიათდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ მასში შეთანწყობილი იყო პატრიარქალური მონობა და გვაროვნული წყობილების ძლიერი გადმონაშთები. ფეოდალური იერარქიული კიბის უმაღლეს საფეხურზე იდგნენ თავადები (“ფში”). თავადების ვასალები იყვნენ “ტლეკოტლეშები” და “დიჟინუგები”. ტლეკოტლეშებს უფლება ჰქონდათ თავიანთი ყმა-გლეხებით თავადისაგან წასულიყვნენ. წვრილ ფეოდალებს “უორკი” ეწოდებოდა, რომლებიც ასევე ფლობდნენ ყმა-გლეხებსა და მონებს. უორკების ნაწილი ფშისა და ტლეკოტლეშების სამხედრო რაზმებს შეადგენდა. მთელი ფეოდალური საზოგადოება “ფშიუორკების” საერთო სახელწოდებას ატარებდა. გლეხობაც რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა. გლეხი მეთეემები (“ტლხუკოტლი”) პირადად თავისუფალნი, მაგრამ დამოკიდებულნი იყვნენ ფშიუორკებზე. განსაკუთრებულ კატეგორიას შეადგენდნენ ყოფილი ყმა გლეხები _ “ანატები”, რომლებმაც თავი გამოისყიდეს. ყმა-გლეხები მიმაგრებულნი იყვნენ თავიანთ მფლობელებთან. საზოგადოების ყველაზე უუფლებო ნაწილი უნაუტები (მონები) იყვნენ. მონები თარეშების დროს ტყვედ ჩავარდნილთა შთამომავლებს წარმოადგენდნენ. უნაუტების შრომას ძირითადად საოჯახო მეურნეობაში იყენებდნენ.


საერთოდ, XV-XVIIIსს-ის ყაბარდოს საზოგადოებრივ წყობას ახასიათებენ როგორც ადრეფეოდალურს. ქვეყანას მართავდა არჩევითი ან ასაკით უფროსი თავადი, რომლის ხელისუფლებაც სხვადასხვა თავადებისა და გავლენიანი აზნაურების თვითნებობით იყო შეზღუდული.

ყაბარდოელთა ხალხურ ზეპირ შემოქმედებაში XVI-XVIII საუკუნეები იწოდება ყაბარდოელი ხალხის ბედნიერ, ოქროს, გმირულ პერიოდად. XVI საუკუნეში მყარდება პირველი გაცხოველებული კონტაქტები რუსეთის სახელმწიფოსთან. ამ საუკუნის მესამე მეოთხედში თავადმა თემრიუკმა გააერთიანა წვრილ-წვრილი ყაბარდოული სათავადოები და ქვეყნის დამოუკიდებლობა ყირიმელ თათრებთან, ნოღაელებთან, ყუმუხებთან ბრძოლაში შეინარჩუნა, რომელთა უკანაც იდგნენ თურქეთისა და ირანის ძლიერი სახელმწიფოები. თემრიუკმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, ასტრახანისა და ყირიმის სახანოებთან.

1561 წელს მისი ქალიშვილი გუაშენი ცოლად შეირთო ივანე მრისხანემ. თუმცა ადრეფეოდალურ ყაბარდოში არც ქალაქები არსებობდა, არც დამწერლობითი კულტურა ჰქონდათ. ხელოსნობაცა და ხელოვნებაც სუსტად იყო განვითარებული და მონათმფლობელური ელემენტებიც არსებობდა.


image (რუსეთის ცარიცა, თემრიუკის ასული გუაშენი, იგივე მარია თემრიუკოვნა)


ყაბარდო მეზობელთაგანაც ხშირ თავდასხმებს განიცდიდა. მაგრამ, თავის მხრივ, ყაბარდოელები ძარცვით ლაშქრობებს მეზობელ ტომებზე თვითონაც აწყობდნენ. თარეშის მონაწილენი ლაპარაკობდნენ განსაკუთრებულ პირობით ენაზე, რითაც თავიანთ გეგმებს ასაიდუმლოებდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ყაბარდოში ადრეფეოდალური ურთიერთობები არსებობდა.


ბუნებრივია, ასეთ საზოგადოებაში შემორჩენილი იყო გვაროვნული წყობილებისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც შეთანწყობილი იყო ფეოდალურ ურთიერთობებთან. ყაბარდოელები გვარებად (“ლეპკ”) ცხოვრობდნენ.

XIXს-ში ერთი გვარის წარმომადგენლები ერთ გვაროვნულ დასახლებაში (სოფელში, უნაბში) უკვე აღარ ცხოვრობდნენ. ერთ სოფელში რამდენიმე გვარი შერეულად მკვიდრობდა. გვარის ცალკეული ოჯახები შეიძლება რამდენიმე სოფელში ყოფილიყვნენ გაფანტულნი. საერთო გვაროვნული მეურნეობა აღარანაირი ფორმით არ არსებობდა. ერთი გვარის წევრებს ჰქონდათ შეგნება, რომ საერთო წინაპარი მამაკაცის შთამომავალნი იყვნენ. შემორჩენილი იყო გვაროვნული ნიშნები _ დამღები.


გვარის წევრები მკაცრად იცავდნენ ეგზოგამიას, ისე რომ გვარის შიგნით ქორწინება მკაცრად იყო აკრძალული; გვარის ღირსების შეურაცხყოფისათვის, ნათესავის დაჭრისა და მკვლელობისათვის ერთობლივად იძიებდნენ შურს. XVIII-XIXსს-ში სისხლის აღების ჩვეულებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და სისხლს აღება მხოლოდ ახლო ნათესავების პრეროგატივა გახდა. უმეტეს შემთხვევაში ის ჩვეულებრივი სამართლით (ადათით) განსაზღვრული საურავის გამოსასყიდით შეიცვალა. მესისხლის შერიგების ერთერთი საშუალება იყო მოკლულის გვარის მიერ მკვლელის შვილად აყვანა და მკვლელის შვილის აღზრდა მოკლულის გვარის მიერ. ყმა-გლეხის მკვლელობისათვის გადასახადს მოკლულის გვარს კი არ უხდიდნენ, არამედ _ მის მფლობელს.


ყაბარდოელებმა იცოდნენ ბავშვის გაძიძავება, რაც მათან ათალიკობის სახელითაა ცნობილი. თავადები თავიანთ შვილებს გასაზრდელად უპირველეს ყოვლისა უორკების (აზნაურების) ოჯახებში აგზავნიდნენ, უორკები კი _ უფრო დაბალი კატეგორიის უორკებთან და გლეხ-მეთემეებთან. ბიჭი ხშირად თარეშებში ათალიკთან (ძიძასთან) ერთად მონაწილეობდა.

აღზრდის მთელ პერიოდში ნამდვილი მამა შვილს საერთოდ ვერ ხედავდა. წინა საუკუნეებში გამზრდელი ვალდებული იყო აღსაზრდელისათვის მოეძებნა საპატარძლო, აუცილებლობის შემთხვევაში კი _ დახმარებოდა მის მოტაცებაში. სახლში დაბრუნებისას აღსაზრდელს ათალიკი ცხენით, იარაღით, ძვირფასი ტანსაცმლით უზრუნველყოფდა. მშობლებისათვის გაძიძავებული შვილის დაბრუნება საზეიმოდ ხდებოდა. აღსაზრდელად გოგონებსაც აბარებდნენ. ყაბარდოელებში სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ყველაზე მაღლა იდგა. ყველა შეძლებული კომლის უფროსს ეზოში აშენებული ჰქონდა სპეციალური სასტუმრო სახლი, სადაც მგზავრს უნებართვოდაც შეეძლო მოწყობილიყო. ამასთანავე, სტუმარი დარწმუნებული იყო, რომ აქ ნახავდა ღამის გასათევს, ყუათიან საჭმელს, რაც მთავარია, დაცული იქნებოდა მტრისა და მდევარისაგან.


“სტუმრული” (სახლი) ღია იყო ყველასათვის. სასტუმრო სახლებში განიხილავდნენ ქვეყნის ამბებს, პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების პრობლემებს, ასრულებდნენ საგმირო სიმღერებს, ცეკვავდნენ, თაობიდან თაობას გადასცემდნენ ძველ გადმოცემებს დევგმირ-ნართებზე. საერთოდ, სასტუმრო სახლი (“სტუმრული”) ძირითადად, საზოგადოებრივი დაწესებულება იყო.

ოჯახის უფროსი ვალდებული იყო სტუმარი იარაღით დაეცვა, თუ მას რაიმე საფრთხე ემუქრებოდა. სტუმართმოყვარეობის ტრადიციით ფართოდ სარგებლობდნენ ვაჭრები.


ყაბარდოელებში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ძმადგაფიცვა. ძმად გაფიცვა გვარში შესვლის უფლებას არ იძლეოდა. ამისათვის შვილად აყვანა იყო აუცილებელი. შვილად აყვანა საჯარო იყო და დედობილის ძუძუზე სამჯერ კბილების შეხებას ითვალისწინებდა. ამ წესს ხშირად იყენებდნენ მესისხლეები. თუ მკვლელი ნებისმიერი ფორმით (ძალით ან ეშმაკობით) მოახერხებდა შეხებოდა მოკლულის დედის მკერდს, ის მისი შვილი, მოკლულის გვარის წევრი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი მრავალცოლიანობის ნებას რთავდა, ყაბარდოში მაინც გაბატონებული ფორმა იყო მონოგამიური ოჯახი. XIXს-ის ბოლომდე შემორჩენილი იყო დიდი ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ათეული ადამიანი შედიოდა. ისინი საერთო მეურნეობას აწარმოებდნენ. ოჯახს მართავდა “თჰამადა” (უფროსი). ის იყო სასოფლო თემში ოჯახის წარმომადგენელიც. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ XVI-XVIII-სს–შიც ყაბარდოელები დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ. პ. პოტიომკინის მოწმობით, ყაბარდოელებში “ყოველი ოჯახი დიდი პაპიდან დაწყებული პატარა ბავშვის ჩათვლით გაუყრელად ცხოვრობს და საჭმელს ყველა ერთი დიდი ქვაბიდან ჭამს და აქედან გამომდინარე არავინ ამბობს რამდენი ოჯახია ან კომლია სოფელში, არამედ რამდენი ქვაბია”.


წოდებრივი წარმომავლობა განისაზღვრებოდა არა მამით, არამედ დედით. არათავადი ქალისა და თავადის შვილი “ფში”-დ არ იწოდებოდა. ის შედიოდა “თუმეს” განსაკუთრებულ ფენაში. დაქორწინება ხშირად ხდებოდა ახალგაზრდების წინასწარი გაცნობის შემდეგ. გოგონები სარგებლობდნენ გარკვვეული თავისუფლებით, დადიოდნენ ხალხურ დღესასწაულებზე, ცეკვებზე და სხვ., სადაც შეიძლებოდა შეხვდროდნენ ვაჟებს. საქმროს აუცილებლად უნდა გადაეხადა ურვადი საქონლის, ნივთების ანდა ფულის სახით.

არსებობდა მოტაცების წეს-ჩვეულებაც. ახალდაქორწინებულები თავდაპირველად ცხოვრობდნენ არა თავისთან სახლში, არამედ რომელიმე მეგობართან და მეუღლეები ერთმანეთს მხოლოდ ღამით, ფარულად ხვდებოდნენ. დაქორწინებული მამაკაცის ურთიერთობა ასეთი სახლის უფროსთან ნათესაური ხდებოდა და ეს ნათესაობა თითქმის სისხლიერ ნათესაობას უთანაბრდებოდა.


XVIს-მდე ყაბარდოელების რელიგია ძველი წარმართული რწმენა-წარმოდგენებისა და ქრისტიანობის ნარევს წარმოადგენდა. წარმართული ღვთაებების პანთეონში დიდი ღმერთის _ ტხეშხუეს გარდა, შედიოდნენ ნაყოფიერების, ტყეების, მხედრების, მსხვილფეხა საქონლის მფარველი ღვთაებები. ამათთან ერთად, ყაბარდოელები ეთაყვანებოდნენ მარიამ ღვთისმშობელს, ილიას, წმინდა გიორგის. XIXს-მდე განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა ჯვარი. XVIIს-ის დასაწყისიდან წარმართობამ და ქრისტიანობამ თავისი პოზიციები სუნიტური მიმართულების ისლამს დაუთმო.

1666 წელს თურქ მოგზაურს ევლია ჩელების ყაბარდოს მცხოვრებნი მთლიანად გამუსლიმებულნი დახვდნენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მრავალფეროვან წარმართულ და ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს ყაბარდოელები დიდი ხნის განმავლობაში _ ჩვენს დღეებამდე ასრულებდნენ. ამით ხსნიან XVIIIს-ის მეორე ნახევრამდე რუსებთან გაქცეული ყაბარდოელების მიერ ქრისტიანობის ადვილად მიღებას. აქ მხედველობაში ე.წ. მოზდოკელი ყაბარდოელები იგულისხმებიან.


ფეოდალური ყაბარდოს სულიერი ატმოსფეროს განსაკუთრებული მახასიათებელი იყო ბევრი ფასეულობისა და იდეალის ომთან დაკავშირება. ღირსება, კეთილშობილება, ვაჟკაცობა, მოვალეობა, ქალის პატივისცემა და სხვა მრავალი ცნება ასე თუ ისე სამხედრო ეტიკეტს უკავშირდებოდა. ბევრი ავტორის აზრით, XVI-XVIIსს-ში ყაბარდოული ცხენოსანი ჯარი ერთერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. რაინდული მორალის ევოლუციის პროცესში ყაბარდოელებს ჩამოუყალიბდათ უორკების ფენისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულება. ეს სისტემა, რომელიც ცნობილია, “უერკ ხაბზე”-ს სახელწოდებით (უორკების, ე.ი. რაინდული ეტიკეტი), საერთოადიღეური ფასეულობებისა და იდეალების საფუძველზე ჩამოყალიბდა.

“უერკ ხაბზე” ითვალისწინებდა ვაჟკაცობას, სიმამაცეს, გულადობას, მჭერმეტყველება-ენამზეობას, სიუხვეს, სტუმართმოყვარეობას, უფროსებისადმი პატივისცემასა და მორიდებულობას, ტანჯვა-წამების სიმტკიცით გადატანას, ქალისადმი გალანტურ, თავაზიან დამოკიდებულებას, ყველანაირი სახის იარაღის შესანიშნავ ფლობას და რაინდული პაექრობისას (ორთაბრძოლისას) პირობების დაცვას. თანამედროვე ყაბარდოელებში ამ ეტიკეტიდან კიდევ ბევრი რამაა შემორჩენილი. დღეს ყაბარდოელებს აქვთ დამწერლობა, რომელიც 1924 წელს შეიქმნა ლათინური ანბანის, 1936 წლიდან კი _ რუსული ანბანის საფუძველზე. გამორჩეულია ყაბარდოული ხალხური სიმღერები და ცეკვები. განსაკუთრებით გავრცელებული იყო საგმირო, შრომითი, ისტორიული სიმღერები. ყაბარდოული სიმღერები ერთხმიანია.

ყაბარდოული ფოლკლორის ყველაზე ძველ ფენას ნართების ეპოსი მიეკუთვნება. ჩაწერილი და გამოცემულია, აგრეთვე, ბევრი ზღაპარი და ლეგენდა. გამოკვეთილი ხატოვნობით გამოირჩეოდა ყაბარდოელთა სიმღერა-ტირილები (ჩვენი მთიელების ხმით ნატირალების მსგავსი).



როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0