მსოფლიო ვინ არის დარია ნავალნაია, რომელიც ევროპარლამენტმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა? 2021, 17 დეკემბერი, 23:11 „ვერავინ გაბედავს რუსეთსა და პუტინის რეჟიმს შორის ტოლობის ნიშნის დასმას. ჩვენ ვისწრაფით ევროპისკენ“ - ეს რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიტყვებია, რომელიც მის ნაცვლად მისმა ქალიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან წარმოსთქვა, როცა მამის, ალექსეი ნავალნის ნაცვლად ევროპარლამენტში ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია გადასცეს. დარია ნავალნაიამ ძირითადი აქცენტი ევროპელი პოლიტიკოსების „პრაგმატიზმზე“ გააკეთა. ამონარიდი მისი სიტყვიდან: როცა მამას მივწერე და ვკითხე, რა უნდოდა რომ თქვენ წინაშე გამოსვლისას მეთქვა, მიპასუხა: „თქვი, რომ არავინ უნდა დასვას ტოლობის ნიშანი რუსეთსა და პუტინის რეჟიმს შორის. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვიბრძვით, რომ მართლაც გავხდეთ მისი ნაწილი. მაგრამ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს საკუთარი თავისთვის, იმ ბრწყინვალე პრინციპებისთვის, რომელიც მის საფუძველში დევს. ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, რომელიც განასახიერებს ადამიანის უფლებების ზეიმის იდეას, დემოკრატიას და ერთობას. არ გვსურს ისეთი კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც ოცნებობენ, მიიღონ სამსახური პუტინის სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოში, ან გაისეირნონ ოლიგარქების იახტებზე“. ევროპარლამენტარები ახალგაზრდა ქალის გამოსვლას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ვინ არის დარია ნავალნაია, რომლის საკმაოდ კრიტიკულმა გამოსვლამ ევროპარლამენტში მქუხარე ტაში დაიმსახურა? ინტერნეტში მასზე ინფორმაცია ძალიან მწირია, თითქმის არ იძებნება, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მისი სოციალური ქსელებიდან შევიტყვეთ. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. მისი სახელი ჰედლაინებში მამის დაპატიმრების შემდეგ მოხვდა. დარია ნავალნაია მოსკოვში, 2001 წლის 6 სექტემბერს ალექსეი და იულია ნავალნების ოჯახში დაიბადა. ეროვნებით რუსია, მაგრამ უკრაინული ფესვებით. ნავალნების ოჯახში პირველი შვილია. მას ყავს პატარა ძმა, ზახარი, რომელიც სკოლის მოსწავლეა. 2019 წლიდან დარია ამერიკაში, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად - მას შემდეგ, რაც პრესტიჟულ სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა, რაც მისი დიდი ხნის ოცნება იყო. დარია ძალიან აქტიურია სოციალურ მედიაში, ინსტაგრამზე 136 ათასი მიმდევარი ყავს, ხოლო ტვიტერზე - 13, 7 ათასი. დაშა "იუთუბერიც" არის, ხშირად აქვეყნებს ინტერვიუებს რუს ახალგაზრდებთან, რომლებსაც გარკვეული მიღწევები აქვთ სხვადასხვა სფეროში. ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო, როცა თავის „იუთუბ“- არხზე ერთ-ერთ ვიდეოში თანატოლებს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ამბობდა, რომ „მობეზღრდა „ედინაია რასია“ და რომ მთელი თავისი ცხოვრება ერთი პარტიისა და პუტინის მმართველობაში ცხოვრობს“. მამის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ინსტაგრამ-პოსტში კი წერს „ მადლობა, რომ ველოსიპედით სიარული მასწავლე და გამაგზავნე დაწყებით სკოლაში გაძლიერებული ინგლისურის სწავლებით, მადლობა, რომ მხარს მიჭერ სხვადასხვა წამოწყებაში, და მირჩევ წასაკითხ წიგნებს. მადლობა იუმორის გრძნობისა და მუსიკალური (ხანდახან ისე რა) გემოვნებისთვის, შენ ჩემთვის მაგალითი ხარ, დაბადების დღეს გილოცავ, მამა“, - წერს ის. ევროპარლამენტში რეზონანსულ გამოსვლასთან დაკავშირებით კი დარია "ინსტაგრამზე" ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „გუშინ მამის ნაცვლად ანდრეი სახაროვის პრემია გადმომცეს, ეს უდიდესი პატივი იყო, დიდი მადლობა ევროპარლამენტს მოწვევისთვის და ამ შესანიშნავი რამდენიმე დღისთვის და მადლობა თქვენ ყველას კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს დაშა სოციალურ ქსელში. დარია ცდილობს თავისი პირადი ცხოვრება არ გაასაჯაროოს. ჯერ არაფერია ცნობილი, ყავს თუ არა მეგობარი ბიჭი. მაგრამ როგორც ჩანს, პირადი ცხოვრება ახალგაზრდა ქალს ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. ის ხშირად მოგზაურობს მსოფლიოში და სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმებზე სიტყვით გამოდის. მაგალითად, 2021 წლის 8 ივნისს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა სამიტზე იყო მიწვეული. მამის დაპატიმრების შემდეგ დარია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. 776 1-ს მოსწონს
|