x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ბატონ ოთარს რომანი გაუბამს ერთ ჩვენს მეზობელ ქალბატონთან და ცდილობდა ეს ამბავი რაც შეიძლება არ გახმაურებულიყო" - სახალისო ისტორია "ილუზიონის" ლეგენდარული ტელეწამყვანის შესახებ

imageფეისბუქზე საჯარო ჯგუფი "ფოტოამბები" სახალისო ისტორიას აქვეყნებს პროგრამა "ილუზიონის" ლეგენდარული ტელეწამყვანის, ოთარ სეფიაშვილის შესახებ:

"ბიჭებოოო!... ილუზიონი მოვიდა!!!

80-იანი წლების შაბათ საღამოს 22საათზე მთელ საქართველოში-ქალაქად და სოფლად, დიდი და პატარა მიჯაჭვული იყო ტელევიზორებთან. იწყებოდა იმ დროისათვის ძალიან პოპულარული გადაცემა კინოს მოყვარულთათვის - “ილუზიონი".

წამყვანი-ოთარ სეფიაშვილი შესანიშნავი კინო კრიტიკოსი, ძლიერ ენაწყლიანი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო მოსაუბრე იყო, მაშინ ადამიანები უცხოური ფილმების ნახვით განებივრებულები არ იყვნენ და ამიტომ ერთი სული ჰქონდათ კინო დროზე დაწყებულიყო და ენახათ. ბატონი ოთარი კი ხანგრძლივად გვიხსნიდა ფილმის ავ-კარგს და გვმოძღვრავდა კინოს დაწყებამდე.

ქალაქში გაჩნდა ხუმრობა- “ქუთაისლებმა შემოუთვალეს ოთარ სეფიაშვილს: შაბათს ილაპარაკე და კინო კვირას გაუშვი, თორემ იმდენს ლაპარაკობ ფილმი, რომ იწყება შუა ძილში ვართო."

მე კიდევ ერთი კურიოზი გამახსენდა ბატ. ოთართან დაკავშირებით, დიდი დროა გასული და მოყოლა შეიძლება.

ბატონი ოთარი გადაცემა “ილუზიონი"-ის წამყვანობით ქალაქში პოპულიარული და ცნობადი სახე იყო. ამ პერიოდში მას რომანი გაუბამს ერთ ჩვენს მეზობელ ქალბატონთან და ცდილობდა ეს ამბავი რაც შეიძლება არ გახმაურებულიყო. საყვარელთან სტუმრობისას მანქანას სხვა ქუჩაზე ტოვებდა, რაც შეიძლება გვიან და მაქსიმალურად შენიღბული შემოდიოდა ეზოში, რომელიც იტალიური იყო.

ერთ დღესაც ბიჭები ფეხბურთს გვიანობამდე ვთამაშობდით და ამ დროს ეზოში ვიღაც კაცი შემოვიდა, ჩვენ ვერ ვიცანით(კარგი მასკიროვკა ჰქონდა), მაგრამ კიბეზე ჩამომავალმა რეზომ გახარებულმა გადმოგვძახა: ბიჭებოოო! ილუზიონი მოვიდაააა! მისი დაძახილი და ჩვენი აღტაცებული ჟივილ-ხივილი ერთი იყო: ვააა, ილუზიონიიი!!!... ყვირილზე ფანჯრები გაიღო-პირველად ცნობისმოყვარე ქალებმა გამოჰყვეს თავი, მერე მათმა ქმრებმა და ბოლოს მთელი სახლი გამოეფინა.

ბატონი ოთარი-სათაგურში გაბმული თაგვივით იდგა შუა ეზოში, ხალხით გარშემორტყმული, ჩვენს ათასგვარ კითხვებს(“როკო და მისი ძმები" როდის გაუშვებ?! “ლედი კარატე" გლიჯე რა?!) დაბნეული, ჩურჩხელის ქურდობაზე წაჭერილი ბავშვივით პასუხობდა და ერთი სული ჰქონდა ჩვენგან თავი დაეძვრინა...

ბოლოს ამოილუღლუღა: ეზო შემეშალაო... ჩვენ შევთავაზეთ დახმარება, სად მიდიხართ გაპოვნინებ-თქო?!... მე... მე თვითონ მივაგნებო!- გვითხრა. გულში ალბათ ფიქრობდა: რას გადამეკიდეთო...

მას შემდეგ ილუზიონი ჩვენს ეზოს აღარ სტუმრებია.

P.S. ოთარ სეფიაშვილი 2014 წელს, 84 წლის ასაკაში ამერიკაში გარდაიცვალა.

ღმერთმა გაანათლოს მისი სული!"


ზურაბ მაჭავარიანი
9 დეკემბერი 2019 წ.


0
1368
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0